„თუ ადვილი ცხოვრება გსურს, არ გახდე არქიტექტორი“ – ზაჰა ჰადიდი

რამდენიმე დღის წინ მსოფლიომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალი, ზაჰა ჰადიდი დაკარგა. 65 წლის არქიტექტორი მაიამის ჰოსპიტალში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ზაჰა ჰადიდი ერაყში დაბადებული ბრიტანელი არქიტექტორია; იგი პირველი ქალია, რომელმაც მამაკაცებით სავსე არქიტექტურულ სამყაროში თამამად შეაბიჯა და თანამედროვე არქიტექტურა „თავის ჭკუაზე მოიყვანა“. ზაჰა ჰადიდი უნიკალური ხედვის ადამიანი იყო, მან თავისი ნიჭი არა მხოლოდ შენობების, არამედ ავეჯის დიზაინსა და მოდაშიც წარმატებით გამოვლინა. ის მაღალ ეშელონებში გავლენით სარგებლობდა და ყველაზე ძვირადღირებული პროექტების ავტორიც იყო. არაერთი კონკურსის გამარჯვებული, ჰადიდის არქიტექტურა სახასიათო სტილითა და ფორმებით გამოირჩევა – მისი შენობები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ყველაზე ადვილად ამოცნობადია. არსანიშნავია, რომ ზაჰა ჰადიდ პირველი ქალი და პირველი მუსლიმი არქიტექტორია, ვინც არქიტექტურის უმაღლესი ჯილდო „პრიცკერი“ მიიღო 2004 წელს (ეს ჯილდო ნობელის პრემიის ეკვივალენტია არქიტექტორებისთვის). იუნესკომ ჰადიდი „მშვიდობის არტისტად“ დაასახელა. 2016 წელს კი მან RIBA-ს ( ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტი) ოქროს მედალი მიიღო, რაც ასევე უდიდესი მიღწევაა არქიტექტურის სამყაროში. ამ გასაოცარმა ადამიანმა მოახერხა, ღირსეულად დაემკვიდრებინა ადგილი, როგორც ქალ არქიტექტორს მამაკაცებით მართულ პროფესიაში.

ზაჰა ჰადიდი 1950 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა ბაღდადში, მაღალი კლასის მუსლიმურ ოჯახში. მისი მამა მდიდარი მრეწველი იყო, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობებში. 1932 წელს იგი მემარცხენე ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფის თანადამფუძნებელი იყო, რომელიც მნიშვნელოვანი ორგანიზაცია იყო 1930-40-იან წლებში. იგი ასევე ერაყის ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თანადამფუძნებელიც იყო. ჰადიდის დედა ხელოვანი იყო, რომელსაც განათლება ინგლისის და შვეიცარიის სკოლებში ჰქონდა მიღებული. სავარაუდოდ, სწორედ მისგან გამოყვა არქიტექტორს არტისტული ნიჭი.

იგი ჯერ მათემატიკას სწავლობდა ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი, 1972 წელს ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, რათა არქიტექტურული ასოციაციის სკოლაში ესწავლა. აქ შეხვდა პროფესორებს Rem Koolhaas და Elia Zenghelis, რომლებთან ერთადაც შემდგომში Office for Metropolitan Architecture-ში მუშაობდა.

ჰადიდის კარიერა მრავალფეროვნებით გამოირჩევა; იგი პროფესორის ფუნქციებსაც ითვისებდა და არქიტექტურას ასწავლიდა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, როგორებიცაა ჰარვარდის, ილინოისის, კოლუმბიის, იელის და ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტები.

ის არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ არქიტექტურით; ქმნიდა ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინებს. მისი ავეჯის ინსტალაციები გამოირჩევა მოქნილი, გარდამავალი ფორმებით. ჰადიდმა ტანსაცმლის ბრენდ Lacoste-სთანაც ითანამშრომლა ახალი ფეხსაცმლის დიზაინის შესაქმნლად.

ზაჰა ჰადიდმა საკუთარი არქიტექტურული ფირმა „Zaha Hadid Architects“ 1979 წელს პატრიკ შუმახერთან ერთად ჩამოაყალიბა. დღესდღეობით ის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა მსოფლიოს მასშტაბით, თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ფირმებთან და გამოირჩევა ინოვაციური იდეებით. თავისი ნამუშევრებით იგი თითქოს ექსპერიმენტებს ატარებს სივრცეში, ცდილობს გასცდეს დაწესებულ საზღვრებს და ახალი პროდუქტი შესთავაზოს საზოგადოებას. მისი დიზაინით შექმნილი შენობები საქვეყნოდაა ცნობილი და ძნელია გამოყო რომელიმე მათგანი. როგორც კი შეხედავ მათ, მიხვდები, რომ მათზე ჰადიდის სტუდია მუშაობდა.

2010 წელს ერაყის მთავრობამ არქიტექტორს ერაყის ცენტრალური ბანკის შენობის დიზაინის შექმნა დაავალა, ეს ჰადიდის პირველი პროექტი იყო სამშობლოში. 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის შექმნილი ცენტრი ლონდონში (London Aquatics Centre) და ჰეიდარ ალიევის ცენტრი ბაქოში (Heydar Aliyev Center) ასახავს არქიტექტორის მისწრაფებას შექმნას კომპლექსური, გარდამავალი სივრცე, რომელსაც თითქოს საზღვრები არ გააჩნია და გარემოს ერწყმის. მის შენობებში კარგად ჩანს, თუ როგორ შეიძლება ფუტურისტული იდეების რეალობად ქცევა.

ბოლო ხანები ზაჰა ჰადიდისთვის დაძაბული აღმოჩნდა. ჯერ იყო და 2015 წელს, იმის გამო, რომ პროექტის ხარჯები იზრდებოდა, კონკურსში გამარჯვებული ოლიმპიური სტადიონის პროექტი გაუუქმეს, ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის, შემდეგ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატარის სტადიონის მშენებლობაზე რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, რაზეც პასუხი მას მოსთხოვეს და არაერთი კონფლიქტი მოუხდა ჟურნალისტებთან. მან აქტიურად დაიწყო პასუხის გაცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მის მიმართ არა სასიამოვნო დამოკიდებულებით გამოირჩეოდენ, ამის გამო ზაჰა ხშირად ხვდებოდა ყურადღების ცენტრში.

ზაჰა ჰადიდი მაგალითია ყველა იმ ქალისთვის, ვისაც წარმატების მიღწევა სურს „მამაკაცების“ პროფესიაში და ეს შეუძლებლად მიაჩნია. არქიტექტორს უამრავი სირთულის გადალახვა მოუწია, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეძლო და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის არქიტექტორი გახდა.

„დიახ, მე ვარ ფემინისტი, რადგან ყველა ქალს ვხედავ როგორც, ყველაზე ჭკვიან, ნიჭიერსა და ძლიერს.“ – ზაჰა ჰადიდი

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest