როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყანა, აზერბაიჯანი დღესაც იმდროინდელი ეპოქის დაგეგმარებისა და არქიტექტურული სტილის გვლენის ქვეშაა, რისგან „თავის დაღწევასაც“ აქტიურად ცდილობს 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შედეგ. შესამჩნევია, რომ ქვეყნის მთავრობა დიდ თანხებს ხარჯავს დედაქალაქის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის მოდერნიზაციასა და განვითარებაზე, იწვევენ ცნობილი არქიტექტორებს სათანამშრომლოდ და ა.შ.

ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურული ცენტრის აშენება გახლდათ. 2007 წელს დიზაინზე გამოცხადებულ კონკურსში ზაჰა ჰადიდმა გაიმარჯვა და ქალაქს თავისი ექსტრავაგანტული დიზაინით შექმნილი თანამედროვე, ფუტურისტული, საბჭოთა არქიტექტურული სტილისგან სრულიად თავისუფალი შენობა შეემატა.

მოქნილი ფორმები უცხო არ არის ამ რეგიონის კულტურისთვის, ისტორიის მანძილზე არაერთ ნიმუშებს შევხვდებით კალიგრაფიაში, კედლისა და ჭერის ორნამეტებში თუ ხალიჩის მოხატულობაში. სწორედ ამ „მიმდინარეობას“ მიყვება ჰადიდიც დიზაინზე მუშაობისას.

მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და 2012 წლის მაისში დასრულდა. მისი სიმაღლე 74 მეტრია და 101801 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ცენტრი შრეების ერთობლიობას წარმოადგენს, რაც შენობას ორიგინალობას მატებს. ლანდშაფტი ტერასულია და მრავალი გასასვლელით ერთმანეთთან აკავშირებს საზოგადოებრივ მოედანს, კულტურულ ცენტრსა და მიწისქვეშა ავტოსადგომს. შენობის ინტერიერსა და მის გარშემო მდებარე მოედანს შორის ჰარმონიული კავშირია, ერთმანეთის გაგრძელებას წარმოადგენენ, მოქნილად გადადიან ერთმანეთში. კულტურული ცენტრი უფრო მეტია ვიდრე შენობა, ქალაქის ურბანული ლანდშაფტის ნაწილია და სტუმრებს აოცებს. ცენტრში საკონფერენციო დარბაზი, გალერეა და მუზეუმია. იგი ქალაქის ცენტრთან ახლოსაა და მის ინტელექტუალურ განვითარებაში წამყვან როლს თამაშობს.

მშენებლობისას ყველაზე რთული და გამომწვევი ელემენტი შენობის გარე ზედაპირის შექმნა იყო. ერთგვაროვანი ზედაპირის შექმნა სხვადასხვა მოწინავე ტექნოლოგიებისა თუ ტექნიკური სისტემების გაერთიანებას მოითხოვდა. სირთულის მიუხედავად ამ დავალებას ჰადიდის გუნდი წარმატებით გაუმკლავდა. ცენტრი ძირითადად ორი ერთმანეთთან მოთანამშრომლე სისტემისგან შედგება: ცემენტის სტრუქტურა შეთავსებული space frame system. იმისათვის, რომ მნახველებს შეძლებოდათ დიდ, გაშლილ სივრცეში გადაადგილება, სადაც არ იქნებოდა ბოძები და ინტერიერი მოქნილი, გარდამავალი ფორმებით იქნებოდა დატვირთული, ვერტიკალური სტრუქტურის ელემენტები ფარდის მსგავსმა კედლებმა შეითვისეს. შენობის ზედაპირი სინათლეს ირეკლავს და იმის მიხედვით თუ დღის რა მონაკვეთია სხვადასხვა სახით წარუდგება მნახველებს.

ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურულმა ცენტრმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და Design Museum-ის ჯილდოს მფლობელიც გახდა. მაგრამ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, კრიტიკის ქარ-ცეცხლს ისიც ვერ გადაურჩა. აკრიტიკებდნენ მშენებლობაში უკანონო მუშა ხელის გამოყენებისთვის, ადგილის გასათავისუფლებლად ხალხისთვის არაკანონიერად საცხოვრებელი ფართის ჩამორთმევისთვის; ამ ყველაფრის მიუხედავად, ცენტრი მაინც რჩება როგორც საყოველთაო მოწონების საგანი, იგი გვაძლევს იმედს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება გაგრძელდება მსოფლიოში და პოსტ საბჭოთა ქვეყნები მსგავს თანამედროვე გადაწყვეტებს აქტიურად შემოგვთავაზებენ.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest