უძველესი კულტურის ქვეყანაში, როგორიც ჩინეთია, ძნელია ისეთი შენობების აშენება, რომლებიც თავიაანთი თანამედროვე ფასადითა და ფორმებით შეერწყმებიან ქვეყანასა და მის ხასიათს. ზაჰა ჰადიდისთვის მსგავსი გამოწვევები პრობლემას არც არასდროს წარმოადგენდა; Galaxy Soho-ს შექმნისას, რომელიც პეკინში მდებარეობს, მან ჩინური ეზოები ახლი კუთხით წარმოადგინა და თავისი მოცულობა კუთხეებისა და მკვეთრი გადასვლების გარეშე, ჰარმონიულ თანხმობაში მოიყვანა ქალაქთან.

სოჰო (SOHO) საოფისე ფართებისა და უძრავი ქონების უდიდესი დეველოპერია ჩინეთში და ისეთ ბევრ ცნობილ არქიტექტორთან თანამშრომლობს, როგორებიც მაგალითად არიან ზაჰა ჰადიდი და კენგო კუმა.

კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „პროდუქტი“ გალაქსი სოჰოა (Galaxy Soho). მათი სხვა შენობების მსგავსად, ისიც სტრატეგიულად საუკეთესო ადგილას, პეკინის ცენტრშია განთავსებული; ადვილად ხელმისაწვდომია ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის, მასთან ავტობუსის უამრავი გაჩერებაა, ხოლო მიწის ქვეშ არსებული სართულები მეტროსთანაა დაკავშირებული.

მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა. კომპლექსი დაახლოებით 50000 კვადრატული მეტრის სიდიდის მიწის ფართზეა აშენებული და მისი მთლიანი ფართობი საშუალოდ 330000 კვადრატულ მეტრს წარმოადგენს. შენობა ოთხი გუმბათოვანი კოშკისგან შედგება, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე 67 მეტრია. ისინი ერთმანეთთან ხიდებითა და პლათფორმებითაა დაკავშირებული და მომრგვალებული, ტალღოვანი ფორმის სართულის ფირფიტებთან ერთად წყნარ, ჰარმონიულ გარემოს ქმნის ეზოებისა და უფრო დიდი ზომის ცენტრალური „კანიონის“ გარშემო. კომპლექსში 18 სართულია, 15 მიწის ზევით და 3 მიწის ქვეშ; იგი საოფისე ტერიტორიების ერთობლიობას წარმოადგენს. მიწის ქვეშ არსებული ორი სართული B2 და B3 ავტოსადგომად გამოიყენება და 1275 მანქანის დატევა შეუძლია; აღსანიშნავია, რომ მეთხუთმეტე სართულამდე საოფისე ფართებია განთავსებული, ხოლო ბოლოში რესტორნები და ბარებია. მანძილი ოფისის სართულებს შორის 3,5 მეტრია, ხოლო დანარჩენ სართულებს შორის 5,4 მეტრი.

მომხმარებლების განსხვავებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საოფისე ფართების ზომაც განსხვავებულია, 100 კვადრატული მეტრიდან 300 კვ.მ-მდე მერყეობს. დერეფნებს ოვალური ატრიუმის ფორმა აქვს და ბუნებრივი სინათლით ნათდება. ზედა სართულებზე, როგორც შიდა ასევე გარე სივრცეებია და ხალხს შესანიშნავი ხედით დატკბობა შეუძლია. შენობას სტანდარტული ცემენტის სტრუქტურა აქვს; ექსტერიერში ალუმინი და ქვა არის გამოყენებული, ხოლო ინტერიერში – შუშა, ტერაზო, უჟანგავი ფოლადი და მინით გამაგრებული თაბაშირი.

გალაქსი სოჰოსაც, ზაჰა ჰადიდის სხვა შენობების მსგავსად არ ასცდა კრიტიკა. ბევრის აზრით იგი არ ჯდებოდა ქალაქის საერთო იერსახეში, ხოლო კულტურულ მემკვიდრეობას სრულიად უგულებელყოფდა. თუმცა, ზაჰა ჰადიდმა ამ შენობით მკაფიოდ დაანახა მსოფლიოს თანამედროვე არქიტექტურის მიმართულება. მან განსაზღვრა ფორმები,ფერი, დიზიანი და ზოგადად, როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის არქიტექტურა. კრიტიკა ყოველთვისაა, ყველგან და ყველაფერში, თუმცა თანამედროვე არიტექტორებმა მას არ უნდა მისცენ იმაზე მეტი გასაქანი, ვიდრე თავიაანთ გონებასა და ფიქრებს, შექმნან რაიმე ღირებული, მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი ამ საუკუნისთვის. ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს და თანამედროვეობამაც უნდა შექმნას თავისი ავთენტური და ღირებული, რომელიც მას სხვა ეპოქებისგან გამოარჩევს.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest