ბოლო წლების ტექნოლოგიური პროგრესი არქიტექტურაში ხის გამოყენების სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ხე, როგორც მასალა, წინა წლებთან შედარებით ბევრად დახვეწილი და მდგრადია ბუნებრივი პირობების მიმართ, რაც ერთგვარი ბიძგია ამ მასალით ამბიციური არქიტექტურული პროექტების განსახორციელებად. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ‘’ზაჰა ჰადიდ არქიტექტორების“ მიერ შესრულებული სლეუკ რისის ინსტიტუტის პროექტია კამბოჯაში, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყება. ხის ფასადების მქონე ეს შთამბეჭდავი შენობა თავის თავში ადგილის ისტორიასაც აერთიანებს და უახლეს არქიტექტურულ მიღწევებსაც.

სლეუკ რისის ინსტიტუტი მოიცავს კამბოჯის დოკუმენტების ცენტრის არქივს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მილიონამდე დოკუმენტი სამხრეთ აზიის გენოციდის შესახებ. პროექტი განათლებისა და გენოციდის კვლევის გლობალურ ცენტრსაც ითვალისწინებს. ამავდროულად, ინსტიტუტი ბიბლიოთეკას, მუზეუმსა და სკოლასაც აერთიანებს.

შენობა დიზაინი 5 სტრუქტურული ერთეულისგან შედგება, რომლებიც მიწიდან ცალკეულ მოცულობებად ამოდიან, ზედა დონეზე ერთმანეთს კვეთენ, ერთ მოცულობას ქმნიან და ერთმანეთთან აკავშირებენ სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვის სივრცეებს. მიწის სართულის პარამეტრები 30X80 მეტრია, რაც სიმაღლის მატებასთან ერთად 38X88 მეტრამდე იზრდება. ცალკეული სტრუქტურების სართულების რაოდენობა 3 -დან 8 -მდე მერყეობს.

სიმაღლის მატებასთან ერთად, სლეუკ რისის ინსტიტუტი რთულ კომპოზიციას ქმნის თავისი ხუთი სტრუქტურული ერთეულის ერთმანეთთან შეკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ეს 5 ხის კოშკი ანგკორული არქიტექტურით არის შთაგონებული. ანგკორი – მეცხრე-მეთერთმეტე საუკუნეების არქიტექტურული კომპლექსია კამბოჯაში, ქვის ტერასებით, სატაძრო ანსამბლებით, ჭიშკრის კოშკებით… სლეუკის ინტიტუტში ვიზიტორები ვიწრო ბილიკით მოხვდებიან, რომლებიც წყლის სარკეებზეა გადანაწილებული. წყალი შენობის გამოსახულებას ირეკლავს და შიდა სივრცეში სინათლე შეაქვს. ისე როგორც კამბოჯის უძველესი არქიტექტურული კომპლექსების (მაგ. ანგკორ ვატი, სრას სრანგი) წყლის აუზები, პროექტის აუზებიც წვიმის წყლით ივსება, რითიც ადგილობრივ გარემოზე და სადრენაჟო სისტემაზე გავლენა მინიმუმამდე დადის.

ინტერიერი და ექსტერიერი ერთმანეთში გადადის, რაც ვიზიტორს საშუალებას აძლევს ერთდროულად დააკვირდეს, გამოიკვლიოს, შეისწავლოს სხვადასხვა, მაგრამ ერთიანი სივრცეები.

პროექტში დომინანტი მასალა გარემო პირობებისადმი მდგრადი ხეა, რომელიც ექსტერიერის შუქ-ჩრდილებთან და დანაწევრებულ ინტერიერთან ერთად შენობას ადამიანურ მასშტაბებს ანიჭებს და მატერიალურს ხდის. იმისთვის, რომ პროექტი კამბოჯის ტროპიკულ კლიმატთან შესაბამისობაში მოსულიყო, შენობის ქვედა, შედარებით ვიწრო დონეები ზედა სართულების მასიური ფორმებით იჩრდილება.

ატრიუმის გავლით შენობის ცენტრალურ ნაწილში ვხვდებით, სადაც ინსტიტუტის საგამოფენო კოლექციებია თავმყორილი. შესასვლელი დოკუმენტების არქივის ცენტრია, კვლევისთვის განკუთვნილი ოფისებითა და ინსიტუტის ადმინისტრაციით ზედა დონეზე. ატრიუმის თავზე სკოლისა და ბიბლიოთეკის დამაკავშირებელი ხიდია გადებული. საგამოფენო სივრცეებიდან ვხვდებით აუდიტორიუმში, რომელიც მიწის დონეზეა გადაწყვეტილი, ხოლო საკლასო ოთახები და პროფესორთა ოფისები ზედა სართულებზეა გადანაწილებული ღია შიდა ეზოს გარშემო.

შენობის პასიური დიზაინი განახლებადი ენერგიის ელემენტებით, მკვეთრად ამცირებს ენერგიისა და წყლის მოხმარებას, ამავდროულად ზრდის სისტემის ეფექტურობას და მის ეკოლოგიურ მაჩვენებლებს.

ინტიტუტი 68 000ფართობის მემორიალურ პარკსაც მოიცავს სპორტული მოედნებით, ტრადიციული ბოსტნეულისა და ხილის ბაღებით. ამავე ტერიტორიაზე გაშენდება ტყე, რომელშიც თანამედროვე კამბოჯური სკულპტურები იქნება გაბნეული. მათი უმეტესობა კამბოჯელ ქალებს მიეძღვნება, რომელთაც ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ზაჰა ჰადიდი ფიქრობს, რომ ეს შენობა მნიშნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის განვითარებაში: „ვფიქრობ, რომ არქიტექტორს შეუძლია სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოს. ჩვენ კულტურულ დაწესებულებებს ვქმნით, რომელიც ხალხისთვის სრულიად გახსნილი იქნება.“

პროექტის ოფიციალური ვიდეო:

 

 

ავტორი: თამთა ჯუგაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest