„მე, კუსამა, თანამედროვეობის ალისა ვარ, საოცრებათა სამყაროში“ -იაიოი კუსამა

იაიოი კუსამა იაპონელი არტისტი და მწერალია. თავისი კარიერის მანძილზე მან მრავალ სფეროში იმუშავა, იქნებოდა ეს ფერწერა, კოლაჟი, სკულპტურა, ინსტალაციები თუ სხვა. მის ნამუშევრებში კარგად ჩანს ინტერესი ფსიქოდელური ფერებისადმი. იგი თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ მინიმალიზმის, პოპ-არტისა და ფემინისტური ხელოვნების ფუძემდებლად.

იაიოი ხელოვნებით ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა. 1948 წელს კიოტოში იაპონური მხატვრობის შესწავლა დაიწყო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მხოლოდ ეს სტილი არ აკმაყოფილებდა და ევროპული და ამერიკული ავანგარდითაც დაინტერესდა. კუსამას ბავშვობიდან აწუხებდა ჰალუცინაციები და ობსესიური, ძირითადად სუიციდური ბუნების აზრები. მისი თქმით, იგი ხშირად ხდებოდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი დედის მხრიდან. სწორედ ეს ჰალუცინაციები გახდა კუსამასთვის შთაგონების წყარო. მან გაუჩერებლად, ყველა ნაშრომში დაიწყო კოპლების გამოყენება, რაც შემდგომში მისი სავიზიტო ბარათი გახდა. ახალი აკვიატებაც ჩამოუყალიბდა – ყოველ ახალ ქმნილებასთან სურათის გადაღება. 1950-იან წლებში რამდენიმე პერსონალური გამოფენა ჰქონდა იაპონიაში, 1957 წელს კი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. აქ ყოფნის დროს ქანდაკებაზე და ინსტალაციებზე გადაერთო და ცნობილი გახდა, როგორც პოპ-არტისა და ავანგარდის წარმომადგენელი. ამერიკაში ყოფნა ხელოვანისთვის ნაყოფიერი გამოდგა, პროდუქტიულად მუშაობდა და 1966 წლისთვის უკვე ოთახის სიდიდის ინსტალაციებსაც კი ქმნიდა. კუსამა ინტენსიურად მუშაობდა და გადაღლის გამო ხშირად ხდებოდა საჭირო მისი ჰოსპიტალიზაცია. გარდა ამისა, იგი ნამუშევრებიდან არ იღებდა მატერიალურ სარგებელს, ამიტომ ფინანსურ სიძნელეებს განიცდიდა. განსაკუთრებული პოპულარობა კუსამამ მას შემდეგ მოიპოვა, რაც ორგანიზება გაუკეთა გამოსვლების სერიას შიშველი, წითელი წერტილებით მოხატული მონაწილეებით. ეს ერთგვარი პროტესტი იყო ვიეტნამში მიმდინარე ომის საწინააღმდეგოდ.

„ერთი ცალი კოპლით ვერაფერს მიაღწევ. ჩვენ საიდუმლოებით სავსე და ამოუხსნელ სამყაროში ვცხოვრობთ სადაც არსებობს დედამიწა, მთვარე, მზე და ათასობით მილიონი ვარსკვლავი. ხელოვნების დახმარებით „სამყაროს ფილოსოფიის“ ძებნამ, მიმიყვანა იმ ვითარებამდე, რასაც „სტერეოტიპულ გამეორებას“ ვუწოდებ. – იაიოი კუსამა

ამერიკაში თავისუფლების მოსაპოვებლად ჩავიდა, სურდა იმ წნეხისგან გათავისუფლებულიყო, რასაც სამშობლოში აწყდებოდა. მაგრამ ამერიკაში ყოფნის დროსაც, იგი ხშირად გრძნობდა თავს გარეშე პირად, ქალად – მამაკაცების მიერ მართულ საზოგადოებაში, იაპონელად – დასავლური ხელოვნების სამყაროში. მაგრამ ეს ფაქტი არ აფერხებდა მას, პირიქით, უბიძგებდა უფრო გულდასმით ემუშავა და დაემკვიდრებინა ადგილი საზოგადოებაში. ნახატებით თუ სხვა ნამუშვრებით ცდილობდა შეწინააღმდეგებოდა პატრიარქალურ სისტემას.

1973 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ხელოვნებით ვაჭრობა დაიწყო, რამაც რამდენიმე წელს გასტანა. იგი ასევე წერდა ნოველებს, მოკლე მოთხრობებსა და ლექსებს. მალევე, 1977 წელს ფსიქიკური პრობლემების სიმწვავის გამო კუსამამ საავადმყოფოში დაიდო ბინა. დღესაც იქ ცხოვრობს და აქტიურად აგრძელებს მუშაობას.

„რაც უფრო მეტს ვფიქრობ ხელოვნების როლზე, როგორც არტისტი, უფრო და უფრო ვრწმუნდები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე სიყვარულსა და მშვიდობას ვაზიარებ“ – იაიოი კუსამა

მართალია, იაპონიაში დაბრუნების შემდეგ საზოგადოებამ თითქოს მიივიწყა ცნობილი ხელოვანი, მაგრამ საკუთარი ნამუშევრებით ისევ მოახერხა მათი ინტერესის დამსახურება. იგი 86 წლის ასაკშიც აგრძელებს ხატვას, ფერწერას, გამოფენების მოწყობას. მისი ქმნილებები კი, ბევრი არტისტის შთაგონების წყაროა. მათში კუსამა კარგად გადმოგვცემს თავის განწყობას, მდგომარეობას. განსაკუთრებით ბოლო წლების ნამუშევრებში კარგად იგრძნობა ავტორის აკვიატებები, სურვილი თავი დააღწიოს ფსიქიკურ პრობლემებს.

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest