მართლა თუ გაინტერესებთ მთელი ეს ბრუტალური ხარახურა და არქიტექტურულ ჭრილში მათი მიმოხილვა, მაშინ ყველაფერს სულ თავიდან დავიწყებ. პრინციპში, თავაიდან კი არა, იმ დროიდან, როცა 1757 წელს, მეორადი ტანსაცმლის გამყიდველ, ბატონ ჯეიმს ბლეიკის ოჯახში პატარა უილიამი დაბადა. მაშინ მისი მომავალი, ცხადია, არავინ იცოდა და სკოლაშიც მხოლოდ იმიტომ მიაბარეს, რომ ელემენტარული წერა-კითხვა ესწავლა. ბავშვს კი აშკარა მოდრეკილება ჰქონდა ხატვისკენ. ადრეულ ასაკში ბიბლია წაიკითხა და თითქმის მთელი თავისი შემოქმედება ამ თემატიკას მიუძღვნა, მთლიანად რელიგიური პერსონაჟების გავლენის ქვეშ მოექცა. ისეთი თავისუფალი და უხეში შტრიხებით დაიწყო მუშაობა, ემოციურად ისეთი ძლიერი და ბრუტალური პერსონაჟები გამობრძმიდა, მნახველებზე რომ არაფერი ვთქვათ, თვითონაც ეშინოდა ხოლმე ხანდახან, ისე შთამბეჭდავად ბრდღვიალებდნენ თავისივე გმირების თვალები. უილიამი ჯერ ხატავდა, მერე ლექსების წერაც დაიწყო და ბოლოს გრავირებას მიჰყო ხელი. ღმერთმანი, რომ მართლა კარგად გამოსდიოდა და თვითონაც ძალიან მოსწონდა.

ახალგაზრდა ბლეიკი მაშნვე შეამჩნიეს სამეფო კარზე. იქ უთქვამთ:ერთი ბიჭია, რელიგიურ თემებს სულ სხვანაირად ხატავს და იქნებ ნახოთო. ნახეს და დაიტოვეს. უხეშად კი ხატავს, თვითონაც ეტყობა ერთი ფეთიანი ვინმეა, მარა ხალხს აშინებს მაგის რელიგიური ნახატები და იყოს, გამოგვადგებაო. უილიამი უარესად გათავხედდა, თავისი პერსონაჟები უფრო დამთრგუნველი გახადა და ფერები – შთამბეჭდავი.

დიდი კაცი გახდა უილიამ ბლეიკი. მამისა და ქვეყნის სიამაყე. დიდი განძი დაუტოვა ქვეყანას, განსხვავებული საუნჯე. დაამტკიცა, რომ უხეშობაშიც შეიძლება იყოს სილამაზე, რომ შეიძლება ყველაზე დამთრგუნველმა ნამუშევარმაც კი ისეთი სათუთი ემოცია გამოიწვიოს, რომ არასოდეს დაგავიწყდეს. ამ კაცმა სილამაზის ცნება მთლიანდ ააყირავა და მერე 1827 წლის ზაფხულის მიწურულს ღირსეულად აღესრულა, ამდენი მშფოთვარე წლის შემდგეგ მშვიდად წავიდა.

თითქმის 2 საუკუნე გავიდა მას შემდეგ. ინგლისი შეიცვალა, მარტო ამინდი დარჩა ისევ ისეთი უჟმური. ერთ-ერთი ასეთი წვიმით სავსე დღე იყო, როცა Durham-ის უნივერსიტეტის ცარიელ დერეფანში ორი სტუდენტი ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა. გოგო გაცხარებით საუბრობდა, ბიჭი ჩუმად იყო.

ეს სტუდენტები Alison და Peter Smithson-ები იყვნენ. ეტყობა, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ დაქორწინება, რაგდან გოგო გაუთავებლას საუბრობდა, როგორ გახსნიდნენ საკუთარ არქიტექტურულ ფირმას ქორწილის შემდეგ, როგორ იმუშავებდნენ ერთად პროექტებზე და ათასი ქალური ბლა-ბლა-ბლა. უცებ პიტერი სიტყვა „უხეში“-ს გაგონებამ გამოაფხიზლა. ელისონის თვალებში ბრაზი და აღტაცება ერთდროულად ბრდღვიალებდა, ხმის ტემბრზეც ეტყობოდა რომ ზედმეტად აჟიტირებული იყო, ამბობდა, რომ მათი სახელოსნო სულ სხვანაირი იქნებოდა, ისინი დაანახებდნენ სხვებს სილამაზის ნამდვილ გაგებას, დაამტკიცებდნენ, რომ ლამაზი შენობა მხოლოდ სუფთა, გაპრიალებული ნაგებობა კი არა, უხეში მასალით შესრულებული მძიმე მასაც შეიძლება იყოს ისეთივე მშვენიერი, როგორც დილას დაკრეფილი, ჯერ კიდევ ცვრიანი ატმებია. პიტერი მიხვდა, რომ ეს უკვე ჩვეულებრივი ქალის საუბარი არ იყო და ელისონში თითქოს დემონი ჩასახლდა, ცვლილებას მოწყურებული მძვინვარე არსება. თავის დროზე უილიამ ბლეიკიც ხომ ასეთ იყო, სულ დემონებს ხატავდა, დაუოკებელ არსებებს, ცოტაც და ყველაფერს რომ მიანგრ-მოანგრევენ.

სანამ სმიტსონები ერთმანეთში მზაკვრულ გეგმას ამზადებდნენ, როგორ შეექმნათ ყველაზე საშიში და უხეში შენობა, ნისლიან ალბიონში ვიღაც-ვიღაცეები უკვე აშენებდნენ მსგავს რაღაცეებს. ყოველ ჯერზე პიტერს გული უსკდებოდა, მათთვის არავის ეჯობნა, მაგრამ აბა ელისონი რისი დემონი იყო. მოთმინებით ამშვიდებდა მეუღლეს, რომ ის შენობები იმასთან შედარებით არაფერი იქნებოდა, რასაც ესენი შექმნიდნენ.

და ეს დღეც მოვიდა:

დაასრულეს Robin Hood Garden-ის საცხოვრებელი სახლების პროექტირება და სანამ 1972 წელს მშენებლობა არ მორჩა, ტურებივით დარბოდნენ მშენებლობაზე და ნერვიულად აკონტროლებდნენ მიმდინარე პროცესებს. საბოლოო შედეგი დაინახეს თუ არა დამშვიდდნენ, დამშვიდდნენ კი არა კინაღამ გული გაუსკდათ სიხარულით – ამაზე დამთრგუნველი ჯერ არაფერი ენახათ. უხეში, ძლიერი, ბრუტალური მასა იდო მათ წინაშე, მზაკვრული სულის მატარებელი ჯანდაბა და ოხრობა იყო ჩაძირკვული პოპლარის რაიონში, ლონდონში.

შენობის მოკლე აღწერა თუ გინდათ აქვე გამცნობთ: 1960-1972 წლებში ააშენეს და ორ ჰექტარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. შედგება ორი: შვიდ და ათ სართულიანი ბლოკისგან, 203 საცხოვრებელი სახლია განლაგებული ფართო ტერასებითა და დერეფნებით, რადან იდეა „Streets in the Sky”-დან მომდინარეობს და ეწინააღმდეგება ლე კორბუზიეს Unité d’Habitation-ს.

 

 

თვითონ ცოლ-ქმარს საერთოდაც არ ადარდებდა შემდგომი რეაქციები. მათ Hunstanton-ის სკოლითა და ასევე გავლენიანი ჟურნალის „ეკონომისტის“ შენობებით უკვე ჰქონდათ კარგი ნიადაგი მომზადებული და იცოდნენ, უცებ შემოვარდნილ ბრუტალურ მოდას აყოლილი კრიტიკოსები ერთმანეთს არ დააცლიდნენ თაფლივით სიტყვების წერას, თუ როგორ დაანგრია ამ შენობამ ყველანაირი შეხედულება სილამაზეზე, როგორ წარმოაჩინა თავისი სიუხეშით მშვენიერება და ა.შ როგორც იციან ხოლმე უაზრო სიტყვების რახარუხი.

ასე იყო თუ ისე, კარგად გადააგორეს ეს პროექტი სმიტსონებმა. სიბერეც კმაყოფილი ჰქონდათ, შაბათ-კვირას დადიოდნენ ხოლმე ლონდონის იმ ქუჩებში, სადაც თავიაანთი მონსტრი შვილები იდგნენ, სიამაყით შესცქეროდენ, თვალზე ცრემლმორეულები. ბოლომდე მაინც ერთ აზრზე დარჩნენ: უფრო მეტი ბრუტალიზმი, უფრო მეტი უზრდელობა!

უკვე ორმოცი წელი გავიდა, რაც Robin Hood Garden-ი, ეს ვეებერთელა მონსტრი ბოროტად სუნთქავს ამ რაიონში, არადა, ნამდვილად რობინ ჰუდია, ოღონდ ბაღი კი არა, გაუვალი ბეტონის ტყე უფროა.

რაც შეეხება ამ ნაგებობის ბედს ამ თანამედროვეობაში: 2010 წლიდან მიმდინარეობს მისი რეაბილიტაციისა და ახალი პროექტის მზადების პროცესი. 500 მილიონი ფუნტი სტერლინგიანი ბიუჯეტი ჩაიდო იმაში, რომ მოწვეულ არქიტექტორებსა და დიზაინერებს შეექმათ ახალი პროექტი, დამატებითი საცხოვრებლებით, რეკრეაცია-სკვერებით, სკოლითა და ბაღით.

როგორც აღმოჩნდა, უილიამ ბლეიკის ბრუტალურმა ნამუშევრებმა ამ საუკუნეშიც გენიალურის სტატუსით გადმოაღწია, სმიტსონების მონსტრი კი საერთოდ არ აღმოჩნდა თანამედროვეობის შესაფერისი. მისი დამთრგუნველი ბეტონის გარემო ზედმეტად უხეშია დღევანდელი საცხოვრებლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბრუტალი ისევ მოდაში შემოდის და საბჭოთა კავშირის დატოვებული არქიტექტურული ქონება არასდროს არ ყოფილა ასეთ ზენიტში, 2013- ში Robin Hood Garden-ის დემონტაჟი მაინც დაიწყო. მაშინდელი სიახლე დღევანდელი განვლილი ნაბიჯი და გამოცდილებაა, რომელმაც არ გაამართლა და ის სხვა რამით ჩანაცვლდება, ალბათ, თანამედროვე ხედვის ლამაზი არქიტექტურით.

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

(ესსე მომზადებულია ნიკა შავიშვილის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში)

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest