ქართული დიზაინ სტუდია “ROOMS” აგრძელებს დახვეწილი და გემოვნებიანი პროდუქტის საზოგადოებისთვის შეთავაზებას. ეს წელი დიზაინერებისთვის საქმითაა დატვირთული, მათ ავეჯის ახალ კოლექციაზე დაასრულეს მუშაობა სახელწოდებით: „ველური მინიმალიზმი“. აპრილში იგი მილანში Salone Del Mobile-ზე წარმოადგინეს და სხვა გამოხმაურებებთან ერთად, ჟურნალ „New York Times”-ის სტატიაშიც მოხვდნენ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ახალი დიზაინერები.

„ველური მინიმალიზმი“ მუქ ფერებშია გადაწყვეტილი და შვიდი ხელნაკეთი, ინდივიდუალური ნაწილისგან შედგება, რომელთაგან არც ერთი ჰგავს იგივე დანიშნულების სხვა ნივთებს, ესენია: Stone drawer console, round staircase table, 2 modular coffee tables, 2 lovers armchairs and a Taurus chair.

კოლექციის შექმნის იდეა „ფესვებთან დაბრუნების“ სურვილისგან მოდის. ფრაზის გაგება სხვადასხვა მნიშვნელობითაა შესაძლებელი; ერთის მხრივ ეს არის პიროვნების საწყისთან დაბრუნება; დღევანდელობაში, როდესაც ქვეყანა სავსეა ტყუილით, გიჩნდება სურვილი არ მოსწყდე რეალობას, ერთიანი იყო ბუნებასთან. რათა ამ სურვლს ხორცი შეესხა, კოლექციის შექმნისას ძირითადი, ბუნებრივი სამშენებლო მასალები იყო გამოყენებული, როგორებიცაა: ქვა, ხე, შუშა და სპილენძი.

მეორეს მხრივ კი ფრაზა შეიძლება გავიგოთ, როგორც ჩვენი წინაპრების ხესთან მუშაობის ტექნიკებთან დაბრუნება. კოლექციაზე მუშაობისას ყველაფერი ისეა გაკეთებული, როგორც ეს საუკუნეების წინ ხდებოდა. ხის ელემენტები, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ხელითაა დამზადებული და მათი შექმნის ყველაზე მარტივი და პრიმიტიული გზაა შერჩეული. პრიმიტიულობის თემას აგრძელებს გამოყენებული ფორმები; დიზაინერები ცდილობნენ ნამუშევრებს ნაკლებად შეეტყოს ცივილიზაციის გავლენა. მაგრამ უძველესი პროდუქტის სრული ასლი რომ არ გამოსულიყო, ავეჯს თანამედროვობის პატარა დეტალები მაინც აქვს დამატებული.

კოლექციის თითოეული ნაწილი სხვადასხვა მასალისა თუ ფორმების ერთობლიობას წარმოადგენს და იმის გამო, რომ ხელითაა დამზადებული პროდუქტს მსგავსი ეგზემპლარი აღარ ექნება. თუ კარგად დააკვირდებით ნამუშევრებში ქართულ, ტრადიციულ ხასიათსაც კი ამოვიცნობთ.

„ველური მინიმალიზმი“ შესანიშნავი კოლექციაა და ფორმების სიმარტივით, ფერთა სისადავითა და ნამუშევრების ორიგინალობით მაშინვე იპყრობს ყურადღებას. მკაცრი ფერების მიუხედავად, ის მნახველში თბილ შეგრძნებებსა და დადებით ემოციებს იწვევს.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest