IDAAF-ს გაუმართლა – ბევრ შეკითხვაზე პასუხი მათი დასმის გარეშე მიიღო, რადგან WHITE STUDIO-ში მისული, დამკვეთისა და შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელის ურთიერთობას სრულიად მოულოდნელად შეესწრო. მზრუნველობა ადამიანებისა და ნამუშევრების მიმართ, ამ სტუდიის ყველა წევრის ქმედებაში იგრძნობა. მაგალითად, „მოუფრთხილდით ჩვენს გოგოს, შემოგივლით…“ – ხელნაკეთი ნიჟარის მიმართ იყო ნათქვამი და ადვილი მისახვედრია, რაოდენ დიდი სიყვარულითაა თითოეული იქაური ნამუშევარი შესრულებული.

„ყველა სხვა მასალისგან განსხვავებით თიხას პირდაპირი კონტაქტი აქვს ადამიანთან. სული შენი გადადის! ყოველთვის ვინტერესდებით სად მიდის „ჩვენი ბავშვი“. ამასთან ერთად ცეცხლი დამოუკიდებელი სტიქიაა – უკონტროლო. მასთან მუშაობისას ზუსტად არასდროს იცი რა შედეგი გექნება. ვერც კი წარმოიდგენთ შემოქმედებასთან ერთად ეს როგორი რთული ტექნოლოგიური პროცესია. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ადგილის და პატრონის პოვნა ნივთისთვის, მისი ენერგეტიკის თავსებადობა ინტერიერთან.“ – ამბობს ნატო ერისთავი. შემოქმედებითი ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

 

 

კერამიკა მსოფლიოს სხვადასხვა კულტურებისთვის ერთ-ერთი ტრადიციული ხელსაქმე და ამავე დროულად ხელოვნების დარგია, თუმცა WHITE STUDIO-ს შემთხვევაში ის ძალიან არატრადიციული და თანამედროვე სახით არის წარმოდგენილი, აქ კომერციული და მხატვრული ფაქტორები თანაბრად არის გათვალისწინებული. ქართული და ვინტაჟური ელემენტები ერთ სახელოსნოში თანაბარი წარმატებით იქმნება.

WHITE STUDIO-ს ძალიან საინტერესო კონცეფცია აქვს. ის აერთიანებს შემოქმედებით სახელოსნოს, ამავე სახელოსნოში დამზადებული კერამიკის შოურუმს და მის შესაქმნელად საჭირო მასალის მაღაზიას. მასალასთან აქ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ – მათ შორის ჯგუფის სახელწოდებაც თიხის სახეობას უკავშირდება. ეს ქართული თეთრი თიხაა, რომელიც ნატო ერისთავის თქმით სწორედ მათ აღმოაჩინეს და სახელოსნოს შესაბამისი დასახელება შეურჩიეს.

მათი ერთ-ერთი მიზანია სწორი ესთეტიკის პოზიციის გამყარება – „გვინდა მივაჩვიოთ ხალხი, პოპულარიზაცია მოვახდინოთ ნამდვილი ქართული ხელნაკეთი ნივთების. გვინდა ქართულ ხარისხის მიმართ ნდობის დაბრუნება.“

აგვისტოში WHITE STUDIO სახელოსნოში ლატვიელი ხელოვანების მონაწილეობით საერთაშორისო სიმპოზიუმი იგეგემება, მისი დასკვნითი ნაწილი ნამუშევრების გამოფენა იქნება. 2015 წლის სექტემბერში კი გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლო“-ს მხარდაჭერით, WHITE STUDIO WORKSHOP და CLAY OFFICE კერამიკის ასოციაცია ერთად ჩაატარებენ კერამიკის ფესტივალს. გაიმერთება „ცეცხლის ღამე“, იქნება ღია ცის ქვეშ თიხის გამოწვა და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს პროცესები ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

WHITE STUDIO-ს მიერ შექმნილი ნამუშევრები ძალიან ინდივიდუალურია ფორმითა და განსაკუთრებით, გრაფიკული გამოსახულებებით. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი სახლების სერიაა, სადაც გეომეტრია მინიმალისტურია და მოხატულობა – სადარბაზოების კარებები – რადიკალურად ტრადიციული და დეკორატიული. აქაური ხელოვნება ერთ-ერთი გამორჩეულია და იმპორტულ ნაწარმს თავისუფლად უწევს კონკურენციას.

 

 

 

შემოქმედებითი ჯგუფი: მერაბ გუგუნაშვილი, ელენე ჩლაიძე, ნანა მანგოშვილი, რობერტ ტიღინაშვილი, ნუკრი გლადკი, მედეა ქოქიაშვილი

ჯგუფის ხელმძღვანელები: ნატო ერისთავი, ნინო ყამბარაშვილი

ფოტო: WHITE STUDIO WORKSHOP

WHITE STUDIO-ს სხვა ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest