მდებარეობა: იტალია, მილანი

წელი: 2015

ინტერიერი, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, არც მეტი არც ნაკლები „გრანდ ბუდაპეშტის“ რეჟისორ, უეს ანდერსონს ეკუთვნის. მისი დიზაინით შექმნილი ეს უნიკალური სივრცე, 9 მაისს მილანში გაიხსნა. კიდევ უფრო საინტერესო ფაქტია ის, რომ ეს კაფე OMA-ს დაპროექტებულ პრადას ცენტრში მდებარეობს. ხელოვნებისთვის განკუთვნილი 19000 მ2 სივრცე ძველ და ახალ ნაგებობებს აერთიანებს, მათ შორის 1900-იანი წლების საქარხნო კორპუსსაც.

დავუბრუნდეთ ინტერიერს… შეიძლება ითქვას, რომ ის არტისთვის განკუთვნილ სივრცეში ჩასმული ხელოვნების ნიმუშია, რომელიც თავის მხვრივ ახალი ხელოვნების შექმნას აძლევს ბიძგს. სტილი 1950-60 წლების ტრადიციული იტალიური კაფეებისთვის დამახასიათებელი კომპონენტებისგან შედგება. ძირითადი სტრუქტურული ელემენტები და მათთვის გამოყენებული მასალა საშუალო ადამიანის თვალთახედვის სიმაღლეზე ჰორიზონტალურად გავლებული ხაზის ქვემოთ სადად არის გადაწყვეტილი. კედლის ზედა ნაწილი და ჭერი კი დახვეწილი დეტალებით არის გაჯერებული. სივრცის პირობითად ქვედა ნაწილი ავეჯის და სხვა აქსესუარების ფერის და ფორმის ხარჯზე ხალისდება. მწვანე ფერის ტონალობები და პასტელური იასამნისფერი ხესთან ერთად კლასიკურ შეხამებას ქმნის.

კაფეს ინტერიერი ისეთივე საინტერესოა, როგორც „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“. მით უმეტეს, რომ მის შიდა სივრცეში გარშემომყოფი არქიტექტურისგან ძალიან განსხვავებული მიკრო სამყაროა.

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest