ვიტრას სახანძრო სადგური (Vitra Fire Station) უკვე 23 წლისაა, მაგრამ დროს მისთვის ჯერ კიდევ ვერ მოუხერხებია თავისი კვალის დამჩნევა. შენობა ზაჰა ჰადიდის პირველი განხორციელებული ფართო მასშტაბიანი პროექტია, რის შემდეგაც არქიტექტორის კარიერამ აღმასვლა დაიწყო და ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. ეს არის უცნაური ფორმებისა და კუთხეების ერთობლიობაა, რომელიც 1980-იანი წლების განმავლობაში კრიტიკოსების აღფრთოვანებას იწვევდა. ის საოცრად ჰგავს კაზმირ მალევიჩის ხორცშეხმულ ნახატს და ეს გასაკვირი არცაა, რადგან ზაჰა ჰადიდის ადრეულ ნამუშევრებში მკაფიოდ იგძნობა რუსული გეომეტრიული აბსტრაქციონიზმისა და კონსტრუქტივიზმის გავლენა.

ვიტრა შვეიცარიული კომპანიაა, რომელმაც ავეჯის წარმოებით დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ბაზარზე. სათაო ოფისი ბირსფელდენში, შვეიცარიაში მდებარეობს, ხოლო პროდუქტის საწარმოები სხვადასხვა ქვეყნებშია განლაგებული. ერთ-ერთი მათგანი გერმანიაში, ქალაქ Weil am Rhein-ში მდებარეობს; ეს საწარმო კომპლექსი იმითაა ცნობილი, რომ მასში გაერთიანებული რამდენიმე შენობა ცნობილი არქიტექტორების მიერაა აშენებული. ერთ-ერთი მათგანი ზაჰა ჰადიდის დიზაინით შექმნილი სახანძრო სადგურია.

1981 წელის 20 ივლისს კომპლექსში ხანძარი გაჩნდა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა კომპანიას. საწარმო არ შედიოდა ქალაქში არსებული სახანძრო სადგურების მოქმედების არეალში, სწორედ ამიტომ ხანძარზე დროული რეაგირება ვერ მოხდა და კომპანიამ ზარალი განიცადა. გააცნობიერეს რა საკუთარი სახანძრო სადგურის არსებობის საჭიროება, ვიტრამ დაიწყო კომპლექსის განახლება, მისი გენერალური გეგმის დიზაინის ახლიდან შექმნა და არქიტექტორის ძიება სახანძრო სადგურისთვის; მათ სახანძრო ბრიგადაც კი ჩამოაყალიბეს. 1990 წელს ეს პროექტი ზაჰა ჰადიდმა ჩაიბარა და მშენებლობაც დაიწყო.

შენობას 852 კვადრატული მეტრი აქვს ათვისებული და მისი მშენებლობა 1993 წელს დასრულდა. ქუჩა, რომლის ბოლოშიც სახანძრო სადგურია განთავსებული, საწარმოო კომპლექსს ერთი ბოლოდან მეორემდე გაჰყვება. იგი ერთი მთლიანი, ხაზოვანი სტრუქტურის ნაწილია და შენობაც ზუსტად ამ მიმართულებას აგრძელებს; განსაზღვრავს სივრცეს და არ აკავებს მას.

იგი ვიწროა, მართი კუთხეების ნაკლებობით გამოირჩევა და დინამიურია, თითქოს აფეთქების პროცესია გაყინული. სახანძრო სადგური ორ ნაწილადაა გაყოფილი და ერთგვარ ხაზოვან სტრუქტურას ქმნის. შენობაში ოთახის ფოლადის გამყოფებია დამონტაჟებული და სივრცითი არასტაბილურობის ილუზიას ბადებს. ამ შენობის შექმნისას ჰადიდი ოპტიკურ ილუზიას აქტიურად იყენებს მნახველების „მოსატყუებლად“. მასა მრავალ პუნქტშია გადანაწილებული, წინ წამოწეული სახურავიდან დაწყებული, კიბის ბჯენებიანი საფეხურებით დამთავრებული. შენობაში კედლები ისეა განლაგებული, რომ მრავალ შრეს, ფენას ქმნის და განცდას გიტოვებს, რომ მუდმივ მოძრაობაშია; ქვედა და ზედა სართულები თითქოს ერთმანეთზე სრიალებს. მეორე სართულზე სამზარეულოა განთავსებული მეხანძრეებისთვის; დღესაც კი ოთახი მშვენიერ კონდიციაშია, დროს მისთვის არაფერი დაუკლია.

სახანძრო სადგური ვიტრას კომპლექსში მომუშავე მოხალისეებით იყო დაკომპლექტებული. იგი მუშაობას მანამ აგრძელებდა, სანამ ტერიტორია ქალაქის სახანძრო ბრიგადის მოქმედების არეალში არ მოექცა და შენობამ თავისი ფუნქცია დაკარგა. ამის შემდეგ კომპანია მას საკუთარი ნაწარმის გამოსაფენად იყენებს.

ჰადიდი კრიტიკას მაინც ვერ გადაურჩა. მის შენობას არაპრაქტიკულობაში სდებდნენ ბრალს; კრიტიკოსების თქმით, სწორედ ამიტომ დაკარგა მან თავისი ფუნქცია. ამის მიუხედავად სახანძრო სადგური დღემდე ბევრის აღფრთოვანების საგანს წარმოადგენს.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest