სოფელ შეკვეთილს ბოლო რამდენიმე წელია სწრაფი განვითარების ტემპი აქვს აღებული და ათასობით ტურისტს მასპინძლობს. ქვიშის სანაპიროებისა და ევკალიპტის ტყის გარდა, აქ უკვე ფუნქციონირებს 10000 ადგილიანი საკონცერტო დარბაზი, ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო, იგეგმება გასართობი პარკის გახსნაც; სწორედ მათ რიცხვს შეუერთდა არქიტექტურული მინიატურების პარკი 2016 წლის აგვისტოდან, სადაც თავმოყრილია საქართველოს სხვადასხვა კუთხის არქიტექტურული ძეგლების მინიატურული ვარიანტები 1:25 მასშტაბით.

პარკისა და ვიზიტორთა ცენტრის დაპროექტებაზე ქართული არქიტექტურული კომპანია „არქიტექტურის ლაბორატორია #3“ მუშაობდა. 2006 წელს დაარსებული კომპანიის სპეციალიზაცია არქიტექტურა და დიზაინია. პროექტზე მუშაობისას კომპანია არ უშინდება ინოვაციური სამშენებლო მეთოდიკის ძიებასა და ექსპერიმენტული მასალების გამოყენებას. მათი სტილი გამოირჩევა თავისუფლებით, მინიმალიზმით.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტორთა ცენტრი ყოფილი კანალიზაციის გამწმენდი შენობის რეკონსტრუქციას წარმოადგენს; 30 მეტრი დიამეტრის ცემენტის „დოლი“ დიდი ხნის მანძილზე მიტოვებული იყო და ახლა, როგორც იქნა, ღირსეული დანიშნულება იპოვა.

პროექტის ფართობი 260 კვადრატულ მეტრს წარმოადგენს. გამოყენებულია შეღებილი ადგილობრივი ბამბუკი, ალუმინის ფანჯრის ჩარჩოები shuco-სგან და ფასადის მოდულები fibrobet.ge-სგან.

პარკში შესვლისას დამთვალიერებელს ერთ მხარეს 60 მეტრი სიგრძის შავად შეღებილი ბამბუკის ღობე დახვდება, ხოლო მეორე მხარეს – ბოჭკოვანი ცემენტის ზედაპირიანი პავილიონი. ბამბუკი ამ რეგიონის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალია, საკმაოდ იაფია და მოპოვებაც ადვილია. არქიტექტურული კომპანიის მხრიდან ბამბუკის შავად შეღებვა ერთგვარ ექსპერიმენტს წარმოადგენდა, მაგრამ, ავტორების თქმით, ამ ექსპერიმენტმა გაამართლა. მკვეთრი, რადიკალური ფერების გამოყენება პროექტში გრძელდება ყვითელი ამფითეატრის და სახურავის ტერასისკენ მიმავალი ლურჯი კიბის სახით. დღის განათება მნიშვნელოვან როლს თამაშობს დინამიური და ფერადი კომპოზიციის შექმნაში.

მინიატურების პარკი მალე დაიწყებს მნახველების მიღებას და კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა გახდება შეკვეთილში, რომელიც დამსვენებლების გართობაზე იზრუნებს.

იდააფმა პროექტის ავტორებს, „არქიტექტურის ლაბორატორია #3“-ს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა:

რა არის ის ძირითადი პრინციპი, რითი პროექტირებისას ხელმძღვანელობთ?

ცოცხალი პროცესი, თავისუფლება, კონტექსტის ანალიზი, სინთეზური კონცეფცია, ადამიანური მასშტაბი, ნაკლები მშენებლობა, მინიმალური არქიტექტურა, ინოვაციური სამშენებლო მეთოდიკის ძიება, მდგრადი არქიტექტურა, ექსპერმენტული მასალები, ადამიანთა ჩართულობის შესაძლებლობის ძებნა…. და სხვა მრავალი პრინციპი, რომელიც ძალიან ზოგადი ცხოვრებისეული დაკვირვებების შედეგად ამოცანებად ყალიბდება და მისაღწევი მიზნების სახით გადადის პროექტიდან პროექტში.

როგორია თქვენი მუშაობის პროცესი უშუალოდ ენებლობისას და რამდენად ხართ ჩართული ამ დროს?

ძალიან ბევრი ელემენტი თუ გადაწყვეტა, რომლებსაც ჩვენს პროექტებში ვდებთ ფაქტიურად ექსპერიმენტია და შემოქმედებითი რისკია, აქედან გამომდინარე პროექტის დაწყებიდან დამთავრებამდე დაძაბულობა არ კლებულობს, შესაბამისად, ჩვენი გუნდის ყველა წევრი მთელი არსებით და დიდი აზარტითაა ჩართული პროექტის რეალიზაციის პროცესში. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ განებივრებულები ვართ ნდობის მაღალი ხარისხით, რომლითაც ჩვენი დამკვეთები ეკიდებიან ჩვენს მიდგომებს, ამდენად პასუხისმგებლობა გაორმაგებულია.

რას გვეტყვით თანამედროვე ქართულ არქიტექტურაზე?

თანამედროვე ქართულ არქიტექტურაზე საუბრისას, გვერდს ვერ აუვლი იმ სამწუხარო რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით. ვგულისხმობთ იმას, რომ უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე ჩვენ მოვახერხეთ და ქაოტური განვითარებით დავამახინჯეთ ჩვენი ქალაქები. თუმცა მიუხედავად ამისა, არ შეიძლება არ დაინახო, ძალიან ბევრი ნიჭიერი კოლეგა, რომელთა გამოც ძალიან სერიოზული კონკურენციის გარემოში გვიწევს მუშაობა. სასიხარულოა, რომ სულ უფრო ხშირად, ქალაქში სიარულისას თუ სხვადასხვა გამოცემის გვერდებზე, ვხვდებით გამორჩეულ შენობებსა თუ ინტერიერებს, რაც ამ თვალსაზრისით ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest