ლონდონში AOR Architect-ის მცირე ზომის კუნძული/გადმოსახედი გაიხსნა. პროექტი განხორციელდა ლონდონში ფინური ინსტიტუტის, არქიტექტურული ფონდისა და „London Wildlife Trust“-ის დაკვეთით. Viewpoint, როგორც მას დაერქვა, მდებარეობს რეჯენტ არხზე, კამლის ქუჩის პარკში.

პროექტზე ახალგაზრდა ფინელი არქიტექტორების სტუდია AOR -მა www.AOR.fi იმუშავა. ერკო აარტის, არტო ოლილასა და მიკი რისტოლას უკვე ეკუთვნით რამოდენიმე საინტერესო, ფინური მინიმალიზმით გამორჩეული ნამუშევარი.

ეს მცირე ზომის ტექნოგენური კუნძული დამატებითი გადმოსახედი პლატფორმა და მოსახერხებელი სივრცეა ვორკშოფებისათვის ან უბრალოდ სასიამოვნო ადგილი ბუნებაში დასავენებლად.

რეჯენტ არხი და კამლის პარკი წარმოადგენს King ‘s Cross-ის ცენტრს, რომელიც ერთ-ერთი სწრაფად განვითრებადი უბანია ლონდონში. Viewpoint, ეს პატარა სტრუქტურა საუკეთესო მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ადამიანი გონივრულად ჩაერიოს ბუნებაში. ის ქმნის არა დომინანტ, მაგრამ სასიამოვნო, მყუდრო ადგილს ბუნებაში. სტრუქტურა მოხერხებულად ზის გარემოში და წარმოადგენს შუალედს, ბუნებისა და ადამიანის ხელით შექმნილს შორის.

„Viewpoint-ის კონცეფცია მცირე კლდოვანი კუნძულების ფორმიდან დაგვებადა, რადგან ისინი ბუნებრივად შექმნილ ღირშესანიშნაობებს წარმოადგენენ წყალში და ერთგვარ დეკორაციებსაც კი ქმნიან “- აღნიშნავს Idaaf-თან საუბრისას არტო ოლილა.

„კუნძული არის ადგილი, სადაც ადამიანი შორდება ქალაქის დაძაბულ რიტმსა და ქაოსს მოშორებული. ჩვენს მიერი შექმნილი სტრუქტურა შესვენებისა და განტვისრთვის საშუალებას მისცემს მნახველებს და შთაგონებულია პრიმიტიული სახის თავშესაფარიდან, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება ფინეთსა და ზოგადად სკანდინავიაში. ეს ტრადიციული თავშესაფრები, სახელწოდებით “ლაავუ” არის ხელოვნურად შექმნილი ადგილები, რომლებიც კარგადაა შერწყმული ბუნებასთან და წარმოადგენს ადგილს, საიდანაც შესაძლებელია მშვიდად დააკვირდე გარემოს ისე, რომ არ დაარღვიო მისი მყუდროება.

Viewpoint ასახავს იმ გარემოს, რომელშიც ის იმყოფება. ფერი და ფაქტურა გამომდინარეობს ადგილიდან, სადაც ის დამონტაჟდა, თუმცა მაინც გამოირჩევა თავისი ფორმებითა და განსხვავებული დიზაინით.

„არქიტექტურა შთაგნებულია გარემოთი. სამრეწველო ისტორიამ და შესაბამისმა ნაგებობებბმა ამ უბანში შექმნა დამახასიათებელი გარემო: აგურის ნაგებობები, არხები, ბუნებრივად წარმოშობილი ხელუხლებელი პარკები. სწორედ ამ ყველაფერმა იქონია გავლენა სტრუქტურის დიზაინზე.“ – არტო ოლილა

სტრუქტურის ზედაპირი მუქი ფერის ფილადისაა, რომელიც ესადაგება არხის ჯებირის ფერს.მძიმე ფოლადის ჭურვი ფარავს ხის თბილ პანელებს. ისინი ქმნიან სასიამოვნო აკუსტიკასა და კომფორტულ დასაჯდომ ან დასაყრდნობ ზედაპირს. ძირის მასალა ბეტონია, მასზე გამოსახულია სხვადასხვა ჯიშის ცხოველებისა და ფრინველების ნაფეხურები. ეს გრაფიკა ქმნის ერთგვარ ორნამენტს და ასევე წარმოადგენს წვიმიან ამინდში მოცურების საწინააღმდეგო საშუალებას. Viewpoint აიგო მცურავ დოკზე, მოშორებით კამლის პარკისგან. დასრულების შემდგეს კი ის მიაცურეს დანიშნულების ადგილზე.

„დამთავრებული სტრუქტურა ზუსტად ისეთია როგორსაც ველოდით“ – აღნიშნავს არტო, „ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ერთ-ერთი პირველი სერიოზული განხორციელებული პროექტია ჩვენთვის და მეორეც, ეს არის ფინური არქიტექტურის ნაწილი შუაგულ ლონდონში და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სწორედ AOR -მა დააპროექტა ის. სულ მალე, როდესაც დამთავრდება გარშემო მშენებლობები, უბნის საერთო იერსახე ჩამოყალიბდება და გაზაფხულზე პარკი გამწვანდება, Viewpoint მთელი თავისი ღირსებით წარსდგება მნახველების წინაშე“.

ეხლა ერთი წუთი დაფიქრდით, რა კარგი პროექტია ეს. ლონდონი ისედაც სავსეა მსგავსი კრეატიული ქმნილებებით და წესით აღარც უნდა სჭირდებოდეს მეტი, მაგრამ დამოუკიდებელი ორგანიზაციები მაინც ზრუნავენ ქალაქის გარემოზე და ცდილობენ მოსახლეობას უფრო მეტი კომფორტი შეუქმნან. ეხლა გადმოვინაცვლოთ ჩვენთან, სამშობლოში. რამდენი კარგი მდინარე გვაქვს ხომ? ჯერ მარტო მტკვარზეა ათასერთი ადგილი მსგავსი პროექტების განსახორციელებლად. თუმცა საქმე იმაშია, რომ თბილისის მიდამოებში (და არამარტო თბილისის) მთელი სანაპირო ზოლი გაპარტახებულია და მეთევზეების გარდა ახლოს აღარავინ ეკარება. ხომ შეიძლება, ბოდიში და თბილისის მერიამ იზრუნოს ამ ყველაფრის მოწესრიგებაზე? იზრუნოს იმ ხალხზე, ვისაც ცალკე სივრცეში მოსვენება და ქალაქის ხმაურისგან განტვირთვა უნდა? იმ ხალხზე, ვისაც კუს ტბაზე ასვლა და ორსულებისა და მეძუძური დედების ნახვა აღარ უნდა, არც ლისზე ასასვლელად აქვს დრო, იმიტომ რომ შორია.

წარმოიდგინეთ მტკვარზე მსგავსი კუნძულები. შეხვალ, დაჯდები, წაიკითხავ, მეგობრებთან ერთან პიკნიკს მოაწყობ… ნუ ვიღაცეები თუ არ მივიდნენ და რამე არ დააწერეს დიდი, მახინჯი კალიგრაფიით, ან სხვებმა არაყი თუ არ დალიეს და მერე ბოთლები იქვე არ დატოვეს რაა მამული?! მარა მაგასაც ვუშველით, სურვილი იყოს და გადაუჭელი პრობლემა არ არსებობს.

ეს ამდენი მილიანერი კომპანია რომაა ქვეყანაში, ამდენი ბანკი და ბენზინგასამართი, ადგნენ და ფონდი შექმნან, სათავეში ჩაუყენონ გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანები და აკეთონ სასარგებლო პროექტები ქალაქისთვის, იმ სივრცისთვის სადაც თვითონვე ცხოვრობენ. არ დაიბრმავონ თვალები მტკვრის ჩამონგრეული ჯებირების, აყროლებული ნაპირისა და ღარიბი მეთევზეების წინაშე. ცოტა იმისთვისაც გაიმეტონ სადაც არსებობენ და იზრუნონ უკეთესი გარემოსთვის!

 

 

ავტორი: ნანა ზაალიშვილი

ფოტო: მაქს კრისი, აორ

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest