ვერა ფაღავა ქართული ფერწერის უიშვიათესი სიმდიდრეა, განსაკუთრებით საინტერესო კი თავისი მოღვაწეობის წლებით. 20-ე საუკუნის დასაწყისი, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დგას არქიტექტურაში, ფერწერაში, თეატრში, ლიტერატურასა და სხვა სფეროებში. ასპარეზზეა გალაკტიონ ტაბიძე, ყალიბდება ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა გაერთიანება „ცისფერყანწელები“. მოღვაწეობას იწყებენ და 1920 წელს პარიზში სასწავლებლად ჩადიან დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი და შალვა ქიქოძე, მოგვიანებით მათ უერთდება ელენე ახვლედიანიც და ქეთევან მაღალაშვილიც. დამოუკიდებელ საქართველოში თითქოს ყველაფერი ლაგდება.

1920 წელს 13 წლის ვერა ფაღავა ოჯახთან ერთად გერმანიაში მიემგზავრება. 21-ში საქართველოში შემოსულმა წითელმა არმიამ და გასაბჭოებამ ოჯახის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა, ისინი უკან აღარ დაბრუნებულან და პარიზში დაფუძდნენ, აღმოჩნდა, რომ სამუდამოდ.

ვერამ ხატვის სწავლა დეკორაციულ ხელოვნებათა სკოლაში დაიწყო, სადაც მას ლექციებს იმ დროისთვის პოპულარული მხატვარი და სკულპტორი, ანდრე ლიოტე უტარებდა. შემდეგ იყო ხელოვნებისა და რეკლამის სახელოსნო, 1934-39 წწ–ში კი რანსონის აკადემიაში როჟე ბისიეს გაკვეთილები. სავარაუდოდ, მისი გავლენაა, როდესაც მოგვიანებით ფაღავა ეკლესიის ფანჯრების ერთ–ერთ საუკეთესო მხატვრად იქცა.

ვერა ფაღავა პარიზში 1944 წლიდან გაიცნეს. გალერისტ ჟან ბიუშეს, რომელმაც 20-იან და 30-იან წლებში ბევრი ცნობილი ფრანგი შემოქმედი გამოიყვანა ასპარეზზე, დიდი წვლილი მიუძღვის მხატვრის ტალანტის აღმოჩენასა და პოპულარიზაციაში. გამოფენაში პიკასოს ცოლი, დორა მაარიც მონაწილეობდა და მის გამო ექსპოზიციასა და ვერას ფერწერას დიდი ყურადღება დაეთმო.

ფაღავას მოღვაწეობა დაემთხვა ძალიან საინტერესო და მიმზიდველ ხანას ევროპასა და შეერთებულ შტატებში. ესაა პერიოდი, როცა არქიტექტურაში ბაუჰაუსი უკვე გავლილია და ლე კორბუზიე თავის ცნობილ შედევრებს ქმნის. აქტიურად ჩანან ალვაარ აალტო, ეამსების წყვილი, ხელოვნებაში მატისის საკულტო ნამუშევრებსა და პიკასოს აქვთ სადავე აღებული ხელში. ამერიკაში ალექსანდრე ქალდერი ქმნის მოძრავ სკულპტურებს, ფილიპ ჯონსონის მოდერნისტული არქიტექტურა კი ისეთივე ინოვაციაა არქიტექტურაში, მსგავსი ჯერ რომ ამ სფეროს არ უნახავს. თითქოს ასე შორ მანძილებზეა, მაგრამ ყველაფერი ერთ ჯაჭვში იკვრება, ვერას ცხოვრების გარშემო ტრიალებს, მის ყოველდღიურ ახალ ამბებშია და მალე ეს ყველაფერი საკულტოდ იქცევა, მათ შორის, ცხადია, ფაღავას ნახატებიც, რომლებიც ამ გადმოსახედიდან ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და შეუსწავლელ მასალად გვეჩვენება.

იწყება მეორე მსოფლიო ომი და აქაც საინტერესოა ვერას როლი: მედდის განათლება მიღებული მხატვარი საავადმყოფოებში დაჭრილებს დახმარებას უწევს, ამავდროულად, მუშაობს ტექსტილზე, ვიტრაჟებზე და ქმნის საინტერესო ფერწერულ ნამუშევრებს.

მისი ფორები გეომეტრიულია და პალიტრა რბილი. თემატიკა მრავალფეროვანი, მაგრამ ყოველთვის მისტიკის შემცველი. ვერას ნამუშევრებში ქალური შტრიხები მძაფრად იგრძნობა, ფერების ჰაეროვნება და სიმსუბუქე თითქოს სხვა, მაგრამ ნაცნობ სამყაროს აღწერს. ხელოვანი თავისუფალია კომპოზიციაში, ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია, ფორმებს თავისი ადგილი აქვთ ლირიკულ ნამუშევრებში, თუმცა ისინი დამოუკიდებლად ვითარდებიან მთლიან სურათში.

საინტერესო ფაქტია, რომ 1966 წელს ვენეციის 33-ე ბიენალაზე საფრანგეთს ვერა ფაღავა წარმოადგენდა, მის ნამუშევრებს ცალკე პავილიონი ჰქონდა დათმობილი. ამ გამოფენამ ხელი შეუწყო მხატვრის შემოქმედების ევროპის ქალაქებში გატანას, ექსპოზიციამ პარიზიდან ბერლინში, ნიუ–იორკში, რომში, ტურინში, ბრიუსელში, ვენაში გადაინაცვლა.

მხატვარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. განისვენებს ლევილის სასაფლაოზე მშობლების გვერდით. ვერა ფაღავას ფენომენი მხოლოდ მისი შემოქმედება არაა, ესაა ცხოვრება და ხასიათი ქართველი ხელოვანი ქალისა ემიგრაციაში. ის თავისუფლებას გამოხატავდა თავის კომპოზიციებში, ნაზ და დახვეწილ ფერებში. იმ დროს, მსგავს კონკურენციაში ხელოვანი ქალის არსებობა, ალბათ, არც ისე ადვილი იყო, როგორც შეიძლება ეს ახლა გვეჩვნება ან საბჭოთა საქართველოდან აღიქმებოდა.

ამჟამად, ვერა ფაღავას ნამუშევრების უმეტესობა დაცულია 1991 წელს დაარსებულ ასოციაცია “AC/VP – Association culturelle Vera Pagava” -ს მიერ პარიზში, გალერეა „დარიალში“. სივრცე 1972 წელს ვერა ფაღავას გამოფენით გაიხსნა, რომელიც ასევე ემიგრანტ ქართველსა და მხატვრის ბავშვობის მეგობარ თამარ წულაძეს ეკუთვნოდა.

იდააფი თამარის შვილსა და ასოციაციის პრეზიდენტს, ელისო ტარასაშვილის დაუკავშირდა და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა ვერა ფაღავას შემოქმედების შესახებ.

 

– თქვენი აზრით ვერას, როგორც ხელოვანის, ცხოვრებაში რომელი პერიოდია ყველაზე მნიშვნელოვანი?

– მე მგონი არ არსებობს მის ცხოვრებაში „ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი“. მას ხელოვნებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ევოლუცია აბსტრაქციისკენ, როგორც ის თვითონ აღნიშნავდა რიგ ინტერვიუებში.

ის ხატავს რასაც გრძნობს და არ სჭირდება სინამდვილის რეალური ინტერპრეტაცია.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისი შემოქმედების გული 1940-იანიდან 1970-იანი წლების ბოლომდეა. მისი პირველი ნახატები ფიგურატიულია და უფრო აბსტრაქტული 1950-60-იან წლებში ხდება. როგორც ის თავად ამბობდა, ყველა ნამუშევარში თავიდანვე ცდილობდა გამოეხატა საგნის მისეული შინაგანი ხედვა.

– იქონია თუ არა მეორე მსოფლიო ომმა გავლენა ვერას ფერწერის ემოციურ მხარესა და სტილზე?

– ვერ ვიტყვი, რომ მის შემოქმედებაზე მეორე მსოფლიო ომმა გავლენა იქონია. თუმცა, როდესაც ომი დაიწყო მან მედდის განათლება მიიღო, რათა შეძლებოდა დაჭრილ ჯარისკაცებს დახმარებოდა. გერმანიის შემოჭრისა და საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ, ფაღავას ოჯახისთვის, ისევე, როგორც სხვა ფრანგებისთვის, მატერიალური კუთხით ცხოვრება მძიმე გახდა. ვერას ძალიან უჭირდა ტილოს, ფუნჯების, საღებავების და სხვა საჭირო ნივთების შეძენა, მაგრამ მას ხელოვანი მეგობრები ეხმარებოდნენ საჭირო ხელსაწყოების მოძიებაში. მაგალითისთვის, ასეთი არტისტები იყვნენ ელენა ვიერა დე სილვა, როჯერ ჰილტონი, ა.შ.

ჩემი ვარაუდით, თუმცა არ ვარ დარწმუნებული რამდენად მართალია, მისი რელიგიურ და საკრალურ თემებზე ნამუშევრების უმრავლესობა 1940-იანებში, ანუ მეორე მსოფლიო ომის განმავლობაშია შესრულებული. შესაძლებელია ერთმანეთთნ დავაკავშიროთ ეს მოვლენა და შერჩეული თემატიკა. ასევე, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ემთხვევა მისი დედის გარდაცვალებას 1946 წელს და 1950-ში მამის თვითმკვლელობას.

– რატომ შეირჩა სათაური “ციური სხეულები” ბოლო გამოფენისთვის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, 2017 წლის 14 იანვარს დაიხურა?

– “ციური სხეულები”-ს კურატორი ცნობილი ფრანგი მატეუ პოღიერი იყო. მის მიერ შერჩეული სათაური ეხმაურება დაბალანსებულ კონტურებსა და მოლივლივე, მოძრავ ფორმებს, რომლებიც ვერას ხელოვნებაში თავიდანვე ფიგურირებს. თვითგანვითარებასთან ერთად, როდესაც მხატვრის ნამუშევრები უფრო აბსტრაქტული ხდება, ეს მოლივლივე ფორმები ხდება მისი ნამუშევრების არსი და შემოქმედების ცენტრი. ის ამბობდა, რომ ადამიანი უნდა ჩაწვდეს საგნების არსს, ჩააღწიოს საფუძვლამდე. ვფიქრობ, სწორედ ამას აკეთებდა ფაღავა მთელი მისი კარიერის მანძილზე.

– რა კავშირია ვერა ფაღავასა და ვანო ენუქიძეს შორის?

– ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. მათ ძალიან ღრმა ურთიერთობა ჰქონდათ. ვანო ენუქიძე საფრანგეთში 1930 წელს ჩამოვიდა და ფაღავების ოჯახთან ერთად პარიზის სამხრეთ შემოგარენში(Montrouge) ცხოვრობდა, სადაც ისინი ბინას ქირაობდნენ და ემიგრანტებზე ოთახებს აქირავებდნენ. ვერა ძალიან უფრთხილდებოდა ამ ურთიერთობას და თავშეკავებული იყო მასთან დაკავშირებით, მაგრამ რეალურად ისინი წყვილი იყვნენ. მოგვიანებით ისინი იმავე უბანში ცალკე ცხოვრობდნენ 1979 წელს ვანოს გარდაცვალებამდე. მათ ორი ძაღლი და რამდენიმე კატა ჰყავდათ.

ვანომ ხატვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო და პარიზში წარმატებასაც მიაღწია. ის ბევრ ნამუშევრებს ყიდდა სამხატვრო გალერეებში. ომამდე ის საერთაშორისო სამართალს სწავლობდა და დოქტორის ხარისხიც მიიღო. გარდა ამისა ის ერუდირებული, ძალიან დახვეწილი პიროვნება იყო და სამართლის საგნამდე სწავლობდა არქეოლოგიას, სოციოლოგიას, ფილოსოფიას…

იდააფი ასევე დაინტერესდა აქვს თუ არა ფონდს საქართველოსთან დაკავშირებული გეგმები, თუმცა, სამწუხაროდ, პროცედურების სირთულის გამო ახლო მომავალში ვერა ფაღავას გამოფენა აქ არ იგეგმება. თუმცა ვანო ენუქიძესთან დაკავშირებული პროექტი და ვერა ფაღავას დიდი გამოფენა საქართველოში დამუშავების პროცესშია. მიუხედავად ამისა, მისი რამდენიმე ნამუშევრის ნახვა, რომელიც ასოციაციამ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს 2012 წლის გამოფენის შემდეგ გადასცა ამავე მუზეუმშია შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან ვერა ფაღავას ფერწერა პომპიდუს ცენტრშიც არის დაცული.

 

ფოტო მასალა: Association culturelle Vera Pagava (AC/VP)

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი, ნანუკა ზაალიშვილი

Facebook Comments
facebooktwitterpinterest