2016 წლის არქიტექტურული ბიენალე ვენეციაში 28 მაისს გაიხსნა და27 ნომბრამდე გაგრძელდება. გამოფენებზე, როგორ ყოველთვის, უამრავმა არქიტექტორმა მოიყარა თავი. მათ შორის იყვნენ ისეთი საკულტო სახელები, როგორებიცაა: ტადაო ანდო, ალვარო სიზა, რენცო პიანო, ნორმან ფოსტერი და ბიარკე ინგელსი. ღონისძიება, რომელიც ყოველ ორი წელიწადში ერთხელ ტარდება, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ყველა ადამიანისათვის, ვისაც არქიტექტურა და დიზაინი აინტერესებს. გასხნის პირველ დღეებში აქ უამრავი ცნობილი თუ დამწყები არქიტექტორი და დიზაინერი იყრის თავს, რაც საუკეთესო საშუალებაა ახალი კონტაქტების შესაძენად და ინფორმაციის გაცვლისთვის. ამ წელს ბიენალეს წამყვანი თემაა არქიტექტურის განსაზღვრება მსოფლიო ეკონომიური კრიზისის, სოციალური საცხოვრისის პრობლემისა და ზრდადი მიგრაციის ჭრილში.

ბიენალეს კურატორია 2016 წლის პრიცკერის პრემიის ლაურეატი, ალეხანდრო არავენა. ალეხანდრო არავენა ცნობილია თავისი სოციალური საცხოვრისებით სამხრეთ ამერიკაში. ის მუშაობს არქიტექტურულ ჯგუფ ELEMENTAL-თან ერთად, რომლის მიზანია გაუმკლავდეს მსოფლიო სიღარიბეს და გააუმჯობესოს საცხოვრებლების ხარისხი დიდი დანახარჯების გარეშე. აღსანიშნავია, რომ არავენას კომპანიას ჩილესა და მექსიკაში დაპროექტებული საცხოვრებლებისთვის, მრავალი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.

მან საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად დაამუშავა წლევანდელი ბიენალეს თემა და საბოლოოდ მივიღეთ სათაური:“Reporting from the front“.

ალეხანდრო არავენას თქმით, წლევანდელი ბიენალეს გამოწვევაა არქიტექტურის გადააზრება სოციალური, პოლიტიკური და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით და ისეთი წარმატებული მაგალითების ჩვენება, სადაც არქიტექტურა იქმნება ცვლილებებისთვის.

ვენეციაში ბიენალეს ორი ლოკაცია აქვს. ეს არის – ARSENALE , სადაც წელს საგამოფენო სივრცეში თავმოყრილი იყო სხვადასხვა არქიტეტურული ფირმების ნამუშევრები, მათ შორის პიტერ ცუმტორის ატელიე (atelier Peter Zumthor), შიგერუ ბანი (Shigeru Ban Architects), ნორმან ფოსტერი (Norman Foster Foundation), ტადაო ანდო (Tadao Ando Architects& Associates) და სხვა საერთაშორისო 80-მდე არქიტექტურული ბიურო. აქვე წარმოდგენილი იყო სამხრეთ ამერიკის და აზიის წარმომადგენელი ქვეყნების პავილიონებიც.

მეორე ლოკაციაა – GIARDINI. აქ ნახავთ Grafton architects, Kazuyo Sejima + Ryue Nishizawa / SANAA, David Chipperfield Architects, Aires Mateus, Souto De Moura – Arquitectes, S.A., Renzo Piano Building Workshop.

რაც შეეხება პავილიონებს, აქ უცვლელად 35-მდე ქვეყნის პავილიონია წარმოდგენილი. მათ შორის უმრავლესობა ევროპის ქვეყნებიდანაა. აქვეა შეერთებული შტატები, კანადა, ავტრალია, ეგვიპტე, ისრაელი, იაპონია, კორეა და ა.შ. სამწუხაროდ, არსად გვხვდება საქართველო. თუმცა, ეს ერთადერთი არქიტექტურული ბიენალე არაა, სადაც ქართული პავილიონი არაა, ზოგადად საქართველო არც ერთ არქიტექტურულ ღონისძიებაზე არ გვხვდება არასდროს.

ორივე ლოკაციაზე, ერთმანეთის მსგავსი Introductory rooms იყო განთავსებული, რომლებიც ალეხანდრო არავენამ 2015 წლის ბიენალეს დაშლის შემდეგ შემორჩენილი მეორადი, სამშენებლო ნარჩენებისაგან შეასრულა.

წლევანდელი გამოფენის სათაურმა და თემამ განაპირობა ის, რომ არქიტეტურული პავილიონები ინფორმაციულად დატვირთული და მედიალურად მრავალფეროვანი იყო. გამოფენაზე ერთმანეთს ენაცვლება ვიდეო, მაკეტები, ტექსტები, ბგერითი და ხმოვანი ინსტალაციები. უმრავლესობა პავილიონებისა ვიზიტორებს საინფორმაციო პოსტერებს, ბროშურებსა და წიგნებს სთავაზობს.

ბიენალეზე გამორჩეულად დასამახსოვრებელი პავილიონებია ისინი, სადაც მნახველებს შეუძლია „შეიგრძნოს“ არქიტექტურა და ექსპოზიციის მონაწილე გახდეს. ასეთია, მაგალითად, ავსტრალიის პავილიონი სათაურით „The Pool Architecture, Culture and Identity in Australia“. პავილიონში განთავსებულია მცირე, სამკუთხა ფორმის აუზი, რომელშიც მნახველს შეუძლია ჩავიდეს (სიღრმე 50 სმ) და გაითავისოს აუზის იდეა, როგორც პლატფორმა, სადაც იკვეთება პირადი და კომუნალური ინტერესები. იქვე არსებულ ბროშურებში ვიზიტორებს ასევე შეუძლიათ დეტალურად გაცნონ, თუ რა ისტორია აქვს აუზის მნიშვნელობას ავსტრალიაში.

პოლიტიკური მოვლენებს თავი ვერ აარიდა გერმანიამ თავისი პავილიონით: Making Heimat. Germany, Arrival Country. მთავარი სათქმელი გერმანიის პავილიონისა არის ის გახსნილობა და სტუმართმოყვარეობა, რასაც გერმანია იჩენს მიგრანტების მიმართ, რაც გამოიხატება იაფი საცხოვრებელით, სამუშაო ადგილებითა და გამარტივებული კომუნიკაციით. აქ მოყვანილია მრავალი სტატისტიკური მონაცემი, ინფორმაცია და ფოტომასალა მიგრანტების საცხოვრებელი პირობების შესახებ გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში. კონცეფციის უკეთესად წარმოჩენისათვის კურატორებმა ცვლილება შეიტანეს პავილიონის არქიტექტურაშიც, მათ ოთხი ღიობი გამოჭრეს არსებულ კედლებში, რომლებიც მუდმივად ღია იქნება და გამოფენის დასრულების შემდეგ, კედლებს ისევ პირვანდელი სახე დაუბრუნდება.

საუკეთესო ინსტალაციისთვის ბიენალეს ოქროს ლომის მფლობელი გახდა Solano Benitez-ის სტუდია: Gabinete de Arquitectura პარაგვაიდაინ. აგურისა და ხის თაღი, რომელიც ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება უბრალო და იაფი მასალით მიაღწიო მრავალფეროვან არქიტექტურულ ეფექტს.

საუკეთესო პავილიონის პრიზის მფლობელი გახდა ესპანეთი, სათაურით”Unfinished”. ეს არის 2008 წლის ფინანსური კრიზისის შედეგად შეჩერებული და დაუსრულებელი მშენებლობების ფოტოსერია. როგორც ერთ-ერთი კურატორი და არქიტექტორიInaqui Carnicero აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც გაქვს მცირე ბიუჯეტი, გიწევს რესურსების უფრო გონივრულად გამოყენება, შედეგად არქიტექტურა ხდება უფრო გაბედული, რადიკალური და საინტერესო. ესპანეთის პავილიონმა ზუსტად უპასუხა ალეხანდრო არავენას დასმულ დავალებას, წარმოეჩინათ ის გამოწვევები, რასთან გამკლავებაც უწევთ არქიტექტორებს საკუთარ ქვეყნებში.

წლევანდელი არქიტექტურული ბიენალე ვენეციაში 27 ნოემბრამდე გაგრძელდება და მნახველს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილი უამრავი პავილიონითა და სხვა საინტერესო ამბებით „გაუმასპინძლდება“. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველო ამ ბინეალეში არ მონაწილეობს.

 

ავტორი: თათა გაჩეჩილაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest