ანდრო ერაძე თანამედროვე ფოტოგრაფიის სცენაზე რამდენიმე წელია რაც გამოჩნდა. ეს არის ის მედია, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს და ყველაზე ხშირად white balance-ის ცვლით იღებს იმ შედეგს, როდესაც თვლის, რომ ასე ყველაზე კარგად წარმოაჩენს თავის ხედვას. პარალელურად დაინტერესებულია, როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური კინო რეჟისურით. მუშაობს ინსტალაციებზე საჯარო სივრცეში და სტრიტ არტ პროექტზე “ქუჩის პოეზია”.

ანდროს ბოლო დროინდელი ფოტოსერია: „ ურბანული მეტაფიზიკა“, რომელსაც იდააფი ამ სტატიაში წარმოგიდგენთ, ღამით დანახული სივცეებია, სხვადასხვა ფერში განათებული ობიექტები და ამ სინათლის ფერებით გადმოცემული სივცეების ხასიათი. მძაფრი შეგრძნება თითოეულ ფოტოს გასდევს ფონად. კადრებში მოქმედება არ ხდება, თუმცა ისინი თითქოს რაღაცისთვის გამზადებს და ფოტოში ასახული სიმშვიდიდან, მალე მოვლენათა განვითარების ეპიცენტრში აღმოჩნდები. უხმო ფოტოებს ღამის ფერადი განათებები აცოცხლებს, სადაც, თითქოს, რაღაც მნიშვნელოვანი იბადება, ახალი და უცხო.

 

იდააფმა ხელოვანს რამდენიმე კითხვა დაუსვა:

– რა არის „ურბანული მეტაფიზიკა“-ს იდეა და მთავარი სათქმელი?

– როდესაც ამ სერიაზაე დავიწყე მუშაობა, არ მქონდა მკვეთრი და დაზუსტებული მონახაზი ვერბალურ თუ გააზრებულ დონეზე, თუ რისი გაკეთება მინდოდა.

სერია თავიდან ბოლომდე აწყობილია და არის მცდელობა ჩემს ინტუიციაზე დაყრდნობის. ვთვლი, რომ ნებისმიერი ფოტო, რომელიც მაყურებელზე რამე ზეგავლენას ახდენს შეგრძნების თვალსაზრისით, ნიშნავს რომ ეს იმიჯი, ფოტოგამოსახულება თავის თავში მოიაზრებს კონცეფციას, რომელიც მაყურებლის ინტერპრეტაციის მიხედვით ვრცელდება მნახველის რაოდენობაზე. სათქმელიც, ალბათ, ეს არის, იმ სივრცეების ერთგვარი გადააზრების მცდელობა, რომელშიც ჩვენ ყოველდღე გვიწევს სიარული. ჩვენი ქალაქის ყველაზე უბრალო ადგილებსაც კი აქვთ თავიანთი მეხსიერება და ემოციური შინაარსი.

– რა მნიშვნელობა აქვს „ურბანულ მეტაფიზიკაში“ ფერებს?

– სერიაზე მუშაობისას დაკვირვება არა ფერებზე, არამედ გარედან შემოსულ ღამის განათებებზე ხდება, რომლებიც მოცემული მომენტის გარდა აღარასდროს მეორდებიან ისე, როგორც ეს ფოტოზეა ასახული. ხანდახან თითო ფოტოს გადაღებისას ველოდები გარე განათების იმ მოცემულ ფერთა ტონალობას, რომელიც გაუთვლელია და მე თვითონაც არვიცი ზუსტად, თუ როგორი გამოვა ნამუშევარი. მგონია, რომ ერთი და იგივე სივრცის ინტერპრეტაცია ფოტო გამოსახულებაზე უსასრულო აქტად შეგვიძლია აღვიქვათ და ეს არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო.

– რა გავლენა აქვს ფოტოგრაფიას შენზე და ზოგადად მსოფლიოზე?

– დაზუსტებით რთულია ამის თქმა. ფოტოგრაფია ჩემთვის, როგორც თვითკვლევის, ასევე გარემოზე დაკვირვების ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც ნებისმიერ ვარიანტში უნიკალურია. ზუსტად ეს ხდის ყველაზე საინტერესოს და პოეტურს მას. ფოტოგრაფია მაძლევს საშუალებას საკუთარი შიშების, ბარიერების, სიამოვნებების, ცნობიერი თუ არაცნობიერი სივრცეები ვიკვლიო. ხანდახან სხვა ადამიანებზე ან ადგილებზე დაკვირვება ყველაზე კარგი საშუალებაა

რომ საკუთარი შინაარსი ამოიცნო და ალბათ, ესაა ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის. ფოტოს აქვს უნარი შეინახოს და გამოააშკარაოს სივრცეში და დროში ადამიანის ყველაზე ინტიმური და პირადი მოგონებები, მომენტები ან დაკვირვებები, რომლებმაც დამთვალიერებელში ჩემი აზრით ყველაზე კარგ შემთხვევაში უნდა გააღვიძოს შეგრძნება, რომ მას ეს სადღაც ნანახი აქვს, დიდი ხნის წინ და ახლა ამ მომენტში გაახსენდა.

 

– როგორი უნდა იყოს კარგი ფოტო?

– ყველანაირი ფოტო, რომელიც ავთენტურია და გულწრფელი, ჩემი აზრით, მუშაობს თავისთავად, ავტორის გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა ფერთა გამას, კომპოზიციას და სხვა დეტალებს, მთავარია გამოსახულებას ჰქონდეს ის დაფარული ენა, რომელიც აძლევს მას საშუალებას გახდეს უფრო მეტი, ვიდრე არის და დაბადოს მნახველში ისეთი შთაბეჭდილება, რომელსაც არ ელოდება, გაიყვანოს საკუთარი კომფორტის ზონიდან სულ ცოტა ხნით მაინც.

 

– რა ხდბა თანამედროვე ქართულ ფოტოგრაფიაში?

– ჩვენთან ბევრი პროცესი მიმდინარეობს, ვითარდება როგორც კონცეპტუალური, ასევე დოკუმენტური და სხვა ჟანრის ფოტოგრაფიული მიმართულებები. ეს ჯანსაღი პროცესია და ყველანაირი ჟანრი თავისთავად საინტერესოა. არის ბევრი ახალგაზრდა ფოტოგრაფი, რომელიც საკმაოდ კარგ პროდუქტს ქმნის. სამწუხაროა, რომ არ არსებობს სივრცე, პლატფორმა, სადაც ამ ყველაფრის შეჯამება მოხდება.

თბილისში არის, თუ არ ვცდები, ორი ფოტოგრაფიული ფესტივალი და ეს არის ახალგაზრდა დამწყები ფოტოგრაფებისთვის ერთადერთი ალტერნატივა, რომ მათ საკუთარი თავი დააფიქსირონ. ჩემი აზრით, საჭიროა მეტი ყურადღების დათმობა, როგორც კონცეპტუალური ისევე დოკუმენტური თუ სხვა ჟანრის ფოტოგრაფიაზე და ახალგაზრდებზე, რომლებიც საერთოდ არ ჩანან. სწორედ მათ ხარჯზე უნდა მოხდეს კულტურის განვითარება და არა უკვე არსებული, შემდგარი ფოტოგრაფების ხარჯზე, რომლებიც უკვე მრავალი წელია გვთავაზობენ იმ შინაარსისა და ფაქტურის ფოტოებს, რაც ჩვენში, ახალგაზრდებში აღარ იწვევს აღფრთოვანებას და გაოცებას. საჭიროა ახალი ფოტოგრაფების მაქსიმალური პოპულარიზაცია, რომ კულტურა დაიტვირთოს ახალი გამოწვევებით.

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest