ყველაფერი მარტივად დაიწყო, დიზაინერ თამარ სულაქველიძის ნამუშევრები IDAAF-ის რედაქტორმა, ნანუკამ მაჩვენა პირველად და ორივე შევთანხმდით, რომ ის საინტერესოდ გადმოცემდა საკუთარ თავს ახლად შექმნილ ტანისამოსსში. კოლექცია ძირითადად თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, რაც მას უფრო მიმზიდველს ხდის, რადგანაც ცნობილია, რომ თეთრი წარმოსახვაა ელეგანტურობისა.

თამარს შემოდგომის მშვიდ საღამოს შევხვდი თბილისის ერთ–ერთ კაფეში, მალევე მოვნახეთ საერთო ენა და მისგან ვეცადე გამეგო, თუ რამ განაპირობა კოლექციის შექმნა და რა იყო მისი ინსპირაცია.

თამო სულაქველიძე 25 წლის დიზაინერია. მის შემოქმედებაში ეს კოლექცია რიგით მეორეა, მანამდე იყო სამხატვრო აკადემიის დიპლომის დასაცავად შექმნილი ხელით მოხატული კოსტიუმები. მას განსაკუთრებული შეფასებები არ მოყოლია, შეიძლება ამის მიზეზი მისი არა ტენდენციურობა იყო იმ პერიოდში.“

თამოს გზა დიზაინერობისაკენ დაიწყო მაშინ, როდესაც მან ნიკოლაძის სახელობის კოლეჯი დაამთავრა ფერწერის განხრით. შემდგომ, როგორც თვითონ აღნიშნა, ცხოვრების ოთხი წელი დაუკავშირა სამხატვრო აკადემიას, კერძოდ კი მოხატვას.

კოლექცია, რომელზეც საუბარი გვექნება, შეიქმნა 2014 წლის ზაფხულში და სამაგისტრო ნაშრომია. სახელი ამ დრომდე არ აქვს მოფიქრებული, მაგრამ ვთვლი, რომ მისი ნახვის შემდეგ მიხვდებით, ზედმეტი კომენტარიც არ სჭირდება, სამოსი თქვენს თვალწინ ალაპარაკდება და მოგთხოვთ მის მორგებას.

რა იყო კოლექციის კონცეფცია?

– თემა იყო იავნანა, ვეცადე რაღაცნაირად მის გარშემო მემოქმედა, მაგრამ საბოლოო ჯამში მივხვდი რომ არ მინდოდა, არც აკვანი და არც კონკრეტულად იავნანა. ამის შემდეგ ავიღე თეთრი ფერი, რომელიც მგონია, ყველაზე მეტად გადმოსცემს სულიერ კავშირს დედასა და შვილს შორის. ძირითადად, სწორედ ეს ფერი იყო კოლექციის მთავარი ელემენტი.

კოლექზიაზე მუშაობის პერიოდში მოვიდა კონკრეტული სილუეტები, ინსპირაციები თუ გქონდა რაიმე პატარა ჩანახატი რის მიხედვითაც მერე ააგე მიღებული შედეგი?

– თავიდანვე მქონდა, ეს პროექტი გეგმაში. ქსოვილი გახლავთ დაჭმუჭნული და მას აქვს ჩადგმული დრეკადი მავთულები, რის ხარჯზეც ის ადვილად იცვლის ფორმას და მომხმარებელს შეუძლია მოირგოს ის ნებისმიერი იერსახით. იქნება ეს სწორი, გამოყვანილი , მოკლე თუ გრძელი, მოკლედ რომ ვთქვათ ტრანსფორმირებადია.

როგორ ფიქრობ, არ გაგიჭირდება შეეგუო სხვის მიერ წარმოჩენილ შენს კოლექციას? მაგალითად მე რომ ავიღო ის და სრულიად ჩემებურად ავაწყო, გული არ დაგწყდება რომ ესკიზის პირველად სახეს დაკარგავს?

– ის მაქსიმალურად არის გათვლილი, მყიდველზე და მათ ინტერესებზე. იმის თქმა მინდა, რომ დრეკადი სწორედ ამ მიზეზით არის, ეს არის თავისუფალი სილუეტი, ამიტომაც ალბათ ნაკლებად გულდასაწყვეტი იქნება ჩემთვის.

ეს ნაწარმი, უფრო კომერციული არის თუ პირიქით, რაღაც შენი უფრო აბსტრაქტული გრძნობის მატარებელი?

– მეგონა რომ იყო ჩემი, მაგრამ აღმოჩნდა კომერციული, უკვე მაქვს პატარა შემოთავაზებები. მას მერე რაც ნიშანი დამეწერება, უკვე შევძლებ მის სრულყოფილად გამოყენებას. ვგეგმავ, რომ ბინექსთზეც გავიტანო.

მას შემდეგ რაც მეტნაკლებად ვისაუბრეთ, კოლექციაზე თუ სამომავლო გეგმებზე, გადავწყვიტე თამართან, უფრო გაცნობითი, ბლიც შეკითხვებით გამეგრძელებინა საუბარი.

ფილმი რომელსაც შეადარებდი შენს ახალ კოლექციას:

– არავითარ კავშირში არ არის მგონი, მაგრამ პინას შევუსაბამებდი, უცებ ეს მომაფიქრდა.

გზად რომ იყავი, ყურსასმენებში რა გქონდა ჩართული?

– Depeche Mode – Enjoy the Silence

დამწყებ დიზაინერს რას ურჩევდი? ძალისხმევის ჩადებას თავიდანვე თუ დროთა განმვალობაში განვითარებას?

– ვეტყოდი რომ , იყვნენ დარწმუნებულები თავიანთ არჩევანში. არ შეიძლება სპონტანურად გადაწყვიტო დიზაინერობა, მხოლოდ იმ აზრით, რომ მე იქ რაღაცას მასწავლიან. თავიდანვე უნდა გაგაჩნდეს ამის ნიჭი და სწრაფვა ტანისამოსის შექმნის.

რაზე ოცნებობ?

– ამ ეტაპზე, მინდა ვითანამშრომლო რომელიმე ცნობილ მოდის სახლთან, ვთქვათ მარჯიელასთან. ისე ჩემი საყვარელი დიზაინერი იამამოტოა, ორივესთან სიამოვნებით ვიმუშავებდი.

გადმოსცემ შენს ინვიდუალიზმს კოლექციებში?

– მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი იყოს, მაგრამ ამავდროულად ტენდენციებსაც მივყვები, რადგან მის გარეშე შეუძლებელია, იყო წამყვანი მოდის სამყაროში. ის უნდა იყოს გათვლილი კლიენტზე.

საყვარელი ქართველი დიზაინერი გყავს?

– ძალიან მომეწონა გიორგი ქებურიას ახალი კოლექცია, თავისებურია, ამ ყოველივესთან ერთად ტენდეციურია და კონცეფციაც გააჩნია საკუთარი. (რათქმაუნდა დავეთანხმე თამოს ამაში, ვიამაყე კიდევაც, რომ გიორგი ჩემი მეგობარია)

მკითხველს რა რჩევას მისცემდი?

– გახსენით გონება და აამოქმედეთ ფანტაზიის უნარი, დაინახეთ მეტი ფერები. ეცადეთ იყოთ გამორჩეულები.

 

 

 

ავტორი: ანანო მაისურაძე

ფოტო: კატალინა ბაქრაძე

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest