დიზაინერები ყოველთვის ცდილობენ შექმნან პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად მოხერხებული იქნება გამოყენების დროს. იცნობთ ვინმეს, ვინც საგნებს დანიშნულებას ართმევს, აცლის ყველაფერს, რაც მასში ფუნდამენტურია და გვიტოვებს ჰაერში უფუნქციოდ გამოკიდებულ ნივთებს? თუ არა, ამ სტატიაში გაგაცნობთ.

დიზაინერი კატერინა კამპრანი ათენში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მან თავისი ნამუშევრების სერიაში „ მოუხერხებელი“, ყოველდღიური მოხმარების საგნები აბსოლიტურად გამოუყენებელი გახადა. ამ ნივთებში არაფერია ისეთი, რასაც სახლში წაიღებთ და „მზით გაცვითავ“. აქ არის რეზინის ჩექმა, რომელიც წვიმაში ფეხის არცერთ თითს მშრალს არ დაგიტოვებთ, სარწყავი, რომლითაც ვერაფერს მორწყავ და ჩანგალი, რომლით ჭამასაც ბრინჯის ჩხირების გამოყენება გირჩევნიათ. მძიმე ბეტონის ქოლგა, რომელსაც ხელში ვერც კი დაიჭერთ, სკამი რომლის ამობურცული ზედაპირი დაჯდომის საშუალებასაც კი არ მოგცემთ და მრავალი სხვა, იგივე კონცეფციით გაჯერებული საგნები. კატარინამ კი არ გაგვიადვილა არსებობა, პირიქით, მისი ერთადერთი საფიქრალი პრობლემის შექმნაა და ამას მხოლოდ დეტალების გადანაცვლებით ახერხებს.

უნდა აღვშფოთდეთ?! ვთქვათ, რომ ეს ანარქიაა! რომ სამყაროში, სადაც ყველაფრის რაციონალურად გამოყენება გვიწევს, ვიღაც უკვე შექმნილს გვინადგურებს და თუ აღშფოთებას ბოლომდე მივყვებით, მივხვდებით, რომ კატერინას თუ მოუნდა ყველაფერს „მიწასთან გაგვისწორებს“. უბრალოდ და მარტივად, ისე როგორც ამ საგნებს დამართა. თუმცა მოდი ვაღიაროთ, სწორედ განსხვავებული საგნები და მოვლენები ხდის ცხოვრებას საინტერესოს.

 

 

ავტორი: ნათია ხუციშვილი, ნანუკა ზაალიშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest