ფერწერა: თორნიკე აბულაძე

ფოტო: კატი კასტელი

მუსიკა: გიორგი ჯანიაშვილი

 

ფერწერა – რომელიც არ არის მხოლოდ საინტერესო ფერთა გამმა ან უბრალოდ ზედაპირული სახვითი ხელოვნება… ის გადმოსცემს ღრმა შინაარსს, თემასა და განწყობას. სწორედ ეს ხდის მას ასე მიმზიდველს ერთი შემთხვევითი ნახვისთანავე. ავტორის სრულად გაცნობიერებული პასუხები შეკითხვებზე და თემის შეგრძნების სიღრმე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და მის ტილოებს უფრო მიმზიდველს ხდის.

ნამუშევრებში განსაკუთრებულად ორი თემით დავინტერსდი: სამზარეულო და ქარხნები. ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა დროის მეტ-ნაკლებად ერთ პერიოდში არიან შესრულებულნი. რატომ დაინტერესდი ამ ორი თემით და აქვთ თუა არა მათ კავშირი ერთმანეთთან?

„ქარხნებამდე დაინტერესებული ვიყავი მშენებლობით. 2008 წლიდან, თუ გახსოვთ, თბილისის თითქმის ყველა წერტილში მშენებლობა მიმდინარეობდა. გამიმართლა იმით, რომ სახელოსნო ხოშარაულის 27 ნომერში მქონდა და ამ ადგილზე ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ უზარმაზარი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. აქ ადრე კომუნისტების დროინდელი დაუმთავრებელი სტამბა იყო. გარემომ ძალიან იმოქმედა ჩემი ნახატების და იდეების ცვლილებაზე. ეს ის დრო იყო, როცა სამხატვრო აკადემიის ნატურმორტების და ნატურების ხატვის შემდეგ, პირველად მივხვდი, რომ არსებობდა სხვა გზა სადაც მთელ შენს ემოციებს დახარჯავდი და ხატვის პროცესით დატკბებოდი… თუმცა, აკადემიაშიც ვახერხებდი ხოლმე ამას მცირე დოზით.

სამზარეულოს და ქარხნებს არანაირი კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან, გარდა იმისა რომ ორივე თემაზე თითქმის ერთ დროს ვიმუშავე.“

მაცივარსა და სამზარეულოში სასიამოვნო არეულობაა. ინტერნეტ გვერდზე მის აღწერილობაში წავიკითხე, რომ ეს ტიპიური სამზარეულოა, მაგრამ ყველა ტიპიური რაღაც კონკრეტული ერთეულების გაერთიანებაა. ის მოგონილია, თუ რამე კონკრეტულ, შენთვის საყვარელ სამზარეულოს და მაცივარს უკავშირდება?

„დიდი სიამოვნებით ვხატავ ჩემი სოფლის ან სახლის სამზარეულოს, რომელიც კარგად მაგონდება ხოლმე. ყოველ წელს დავდივარ მთიან სოფლებში ან კურორტებზე და იქაც აქტიურად ვხატავ. ძალიან მიყვარს სიარული, მოგზაურობა, კარვები და ასე შემდეგ…“

ზესტაფონის ქარხანა აბსოლუტურად არაიდენტური გამომსახველობითი ფორმით არის მოცემული შენს ნამუშევრებში, რატომ?

„ზესტაფონის ქარხნების ხატვა მშენებლობების შემდეგ დავწყე, რადგან უკვე აღარ ემეძლო ამ თემაზე მუშაობა. წავედი ზესტაფონში, ვიქირავე სახლი. ბევრი წინააღმდეგობების შემდეგ, ქარხანაში შესასვლელი საშვი მომცეს და აფსოლიტურად იდენტური გამომსახველობითი ფორმებით მომცრო ტილოებზე დავიწყე ხატვა. ერთი თვე ვიმუშავე და საკმაოდ ბევრი ნახატი დამიგროვდა, რომელთა გადიდებაც თბილისში დავიწყე და ამ პროცესში აბსოლიტურად არაფერზე აღარ ვიყავი დამოკიდებული. ძალიან დიდი თავისუფლებით და ემოციით ვხატავდი, რადგან ის შთაგონება, ინსპირაცია, რომელიც იქ მივიღე დამეხმარა ამ ნახატების სრულყოფაში.

ვიდეო შექმნილი ამ კოლექციაზე:

http://www.youtube.com/watch?v=DRmvGIMV8j0

რუსთავის ქარხანაში ზესტაფონის მერე წავედი. საბედნიეროდ, ძალიან გამიადვილდა იქ შესვლა, რადგან მათ ძალიან უყვართ ჩემი ნახატები და გაუხარდათ, რომ იქ მუშაობა გადავწყვიტე. თან მანქანით შემიშვეს. დავიწყე ხმების ჩაწერა – მუსიკისთვის, რომელიც ჩემმა მეგობარმა კომპოზიტორმა გიორგი ჯანიაშვილმა დაწერა და დაადო ჩემს გადაღებულ ვიდეოს – ზესტაფონის ფერო შენადნობთა ქარხანას.

http://www.youtube.com/watch?v=-MFoMr4s7Ig

რუსთავშიც დაახლოებით ერთი თვე ვიმუშავეთ მე და ჩემმა შეყვარებულმა კატიმ. იგი გერმანელი ხელოვნებათმცოდნეა. მან ძალიან კარგი ფოტო მასალა შეაგროვა ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში.

აქ ვიგრძენი, რომ მეტი დრო ფაქტურას, ტექსტურასა და ტექნიკურ მხარეებს დავუთმე და ის ემოცია, რომელიც ასე მიყვარდა ხატვის დროს, ამ ახალი ექსპერიმენტების, მოულოდნელ კარგ ან ცუდ შედეგებზე გაყვანამ ჩაანაცვლა.“

 

მაინტერესებს მიმდინარე ნამუშევრები და სამომავლო გეგმები.

“ახლა ვცხოვრობ მიუნხენში და შემდეგი პროექტი, რომელიც უკვე დავიწყე არის BMW-ს ქარხანა. აქ მთელ მიღებულ გამოცდილებას ვიყენებ და კიდევ მაქვს გეგმები, რომლებზეც ჯერ არ მინდა ვილაპარაკო.

მიუნხენში აღმოვაჩინე, რომ ძლიან რთულია შენი ადგილის პოვნა, რადგან უზარმაზარი კონკურენციაა. მე გარკვეული დროის მანძილზე აქ ვცხოვრობ და ვცდილობ კონტაქტების დამყარებას, რაც არც თუ ისე ადვილია, მაგრამ მგონია ამ პროცესს დრო სჭირდება. აგრეთვე, მიხარია რომ საქართველოში ვინარჩუნებ კონტაქტებს.

მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებმაც კეთილი ნება გამოიჩინეს და ქარხნებში შესვლის უფლება მომცეს.“

 

 

 

გარდა დატვირთული შემოქმედებითი მუშაობისა, თორნიკე აქტიურად იღებს მონაწილებობას სხვა და სხვა გამოფენებში, სიმპოზიუმებსა და რეზიდენტურებში. მომავალი წელიც უკვე დაგეგმილი აქვს.

სამზარეულოს სიმყუდროვე, ქარხნის ინდუსტრიული გარემო, დათოვლილი სოფლის სახლის სითბო, სპორტული განწყობა… ყველა მათგანი მიკრო სამყაროა, რომელიც ავტორმა ნამუშევრებში ჩადებული ენერგეტიკის წყალობით ყველასთვის ხელშესახები გახადა. ფერწერის შესრულების ტექნიკური ნაწილი ემოციურით მდიდრდება. უბრალოდ ნახეთ მისი ფერწერა და ყურადღებით მოუსმინეთ მას.

 

 

მეტი თორნიკე აბულაძის ნამუშევრების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://www.tornikeabuladze.com/

https://www.facebook.com/TornikeAbuladzeArt

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest