„რომ არა დიზაინერი აუცილებლად ვიქნებოდი სამოქალაქო ინჟინერი, რადგანაც გამომგონებლობა, პროექტირება და მარკეტინგი უფრო მაინტერესებს, ვიდრე საკუთრივ დიზაინი“.

ტომ დიქსონი

ტომ დიქსონი ბრიტანეთში მოღვაწე ხელოვანია, რომელიც ავეჯისა და განათების დიზაინზე მუშაობს. ის 1959 წელს ტუნისში დაიბადა. 4 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად. დიზაინერობაზე არც უფიქრია, თუმცა სამხატვრო სკოლაში მაინც სწავლობდა იმ დრომდე, სანამ თავისივე მოტოციკლით ავარიაში არ მოყვა და 3 თვე საავადმყოფოში გაატარა. გამოჯანმრთელების შემდეგ მუსიკამ გაიატაცა და სამხატვრო სკოლას აღარ დაბრუნებია. მავანი ბრიტანული როკ-ჯგუფის ბასისტი იყო, უკრავდა ღამის კლუბებში და საკმარისად ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ სხვა ჰობი გაეჩინა. დაიწყო კიდევაც სანაგვეზე გადაყრილი გამოუსადეგარი რკინებისგან უჩვეულო კონსტრუქციების დამზადება. ამასობაში, კიდევ ერთ ავარიაში მოყვა ისევ თავისი მოტოციკლით, მოიტეხა ხელი და იძლებული გახდა მუსიკისთვის თავი დაენებებინა. ამის შემდეგ მთლიანად გადაეშვა რკინის უცნაური კონსტრუქციების კეთების საქმეში.

დიქსონის აზრით, ორივე ავარიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში: „ერთმა ავარიამ სამხატვრო სკოლას ჩამომაცილა, მეორემ-მუსიკას, ორივემ კი მომცა ბიძგი ჩემი მომავალი საქმიანობის გააზრებისთვის“. ის თვლის, რომ პროფესიული განათლების არ მიღებას ხელი არ შეუშლია ეკეთებინა საქმე სრულყოფილად. უფრო სწორად, ეკეთებინა საქმე ისე, რომ არ შეშინებოდა შეცდომების და ამ გზით მიეღწია პროფესიონალიზმისთვის.

1985 წელს მან გახსნა საკუთარი სახელოსნო, რომელსაც თავდაპირველად Creative Salvage (შემოქმედებითი სანაგვე) ერქვა, ხოლო შემდეგ Creative Space-ად (შემოქმედებითი სივრცე) იქცა. სახელოსნოში მზადდებოდა ნივთები, რომელთა რაოდენობა მკაცრად განსაზღვრული იყო, ან სულაც არ აღემატებოდა ერთს. „სამზარეული სკამი“ და სკამი S, რომლებიც 80-იანი წლების მიწურულს შექმნა, ხასიათდება შესრულების სრულყოფილებითა და ტიპურია დიზაინერის მაშინდელი ხედვისთვის. მალე დიქსონის ნამუშევრებით დაინტერესდნენ მოყვარულებიცა და პროფესიონალებიც, რომელთა შორის აღმოჩნდა ავეჯის საქვეყნოდ ცნობილი იტალიელი დიზაინერი ჯულიო კაპელინი. მისი დამსახურებით მოიკიდა ფეხი ინდუსტრიულ დიზაინში ბევრმა დიზაინერმა: ბრიტანელმა იასპერ მორისონმა, ავსტრალიელმა მარკ ნიუსონმა, იტალიელმა რუდოლფ დორდონმა და სხვ. მისივე მონდომებით მოხვდა დიქსონიც მსოფლიოს პოფესიონალ დიზაინერებს შორის.

90-იანებში ტომ დიქსონი ფორმების შექმნასა და მათ დახვეწაზე უფრო გახდა ორიენტირებული, ვიდრე ხელობის დეტალების სრულყოფაზე. მან დაიწყო მუშაობა პლასტმასის მასალაზე. 1994 წელს დააარსა საკუთარი კომპანია „ევროლაუნჯი“, რათა საკუთარი პროდუქცია ეწარმოებინა. პირველი ნივთი, რომელიც კომპანიამ გამოუშვა იყო “ჯეკ ლაით“- სანათი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა და 1997 წელს მილენიუმის საფირმო ჯილდო მიიღო. მისი ექსპოზიციები გამოიფინა ლონდონის „ვიქტორიასა და ალბერტის“ და სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში.

1998 წელს მოღვაწეობა დაიწყო დიზაინის სტუდია ჰაბიტატში, 2001 წელს კი მისი არტ-დირექტორი გახდა. კომპანიის პოლიტიკა გულისხმობდა ხარისხიანი და გემოვნებიანი ავეჯის მისაწვდომობას ყველასთვის, და ამგვარად, ავეჯის ინდივიდუალურიდან მასობრივ წარმოებაზე გადავიდა. თუმცა, ტომი დარჩა დამოუკიდებელ დიზაინერად და ამზადებდა პროექტებს, როგორც ბევრი ევროპული, ასევე თავისივე სახელობის კომპანიისთვისაც. 2004 წელს ის დაინიშნა Artek-ის არტ-დირექტორად, რომელიც ჯერ კიდევ 1934 წელს დააარსა ალვარ ალტომ და დიქსონის თქმით: „ალბათ ერთადერთი ავეჯის კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც შეუცვლელი სახით არსებობს მოდერნიზმის დროიდან. მას აქვს მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა“. საკუთარ როლს აქ ის ხედავს, როგორც კომპანიისთვის ახალი სასიცოცხლო ენერგიის მიმცემს იმისთვის, რათა მან აღიდგინოს დაკარგული მნიშვნელოვნება. ამ ყველაფერთან ერთად ის არის ფონდ Bombay Sapphire-ს ხელმძღვანელი, რომელიც გამუდმებით აფინანსებს ახალ იდეებს. ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა დივანი – დიკსონის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი, რომელიც 45 მეტრის სიგრძისაა და წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე გრძელ დივანს. ის გამოიფინა მილანის აეროპორტში, სადაც ყოველწლიურად ტარდება ავეჯის ცნობილი გამოფენა I Saloni Milano.

საკუთარ შემოქმედებით მეთოდებზე საუბრისას მას მოყავს მისი იტალიელი კოლეგისა და მეგობრის ფაბიო ნოვემბრეს შეფასება: „დიქსონი არის „ხერხემლის დიზაინერი“, რაც ნიშნავს იმას, რომ მას სტრუქტურა და კონსტრუქცია უფრო აინტერესებს, ვიდრე მისი ფორმა თუ იერი.“

ტომ დიქსონი ყველაზე საინტერესო, ალბათ, მაინც განათების დიზაინშია. მისი პროდუქცია გამოირჩევა არა მხოლოდ ფორმების სრულყოფილებით, არამედ მასალის მრავალფეროვნებითა და უამრავი ექსპერიმენტით, რომლის შედეგადაც შეიქმნა მისი გასაოცარი ქმნილებები – კედლის სანათი, ტორშერი თუ ჭაღი. დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერი, ყოველი ახალ პროდუქტით აოცებს სამყაროს. მთელი მისი შემოქმედება ერთი დაუსრულებელი ამბავივითაა, რომელიც ყოველ ახალ აბზაცში ახალ და განსაკუთრებულ სიახლეს გვთავაზობს.

დიკსონი ფიქრობს, რომ მიღწეულით არ დაკმაყოფილდება. „ქვეყნად იმდენი სხვადასხვა საგანია, რომელთა შექმნაზეც სიამოვნებით ვიმუშავებდი: ხიდები, შენობები, მოტოციკლეტები, აეროპლანები, საათები, მობილური ტელეფონები, ქალის ხელჩანთები. ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაზეც აქამდე არ მიმუშავია“.

 

ავტორი: დოდოჩი გოგია

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest