კურატორი: ლევან მინდიაშვილი

გამოფენა ორგანიზებულია Project ArtBeat-ის მიერ.

ფოტო: სანდრო სულაბერიძე, ანგუს ჯეიმსი, ლედლი ბრაუნი.

 

„ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში“ ირაკლი ბუგიანის პირველი, ინსტიტუციონალური, პერსონალური გამოფენაა საქართველოში და თავს უყრის ხელოვანის საეტაპო ნამუშევრებს, რომლებიც მისი პრაქტიკის მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს.

ადამიანის ცნობიერებისა და აღქმის მექანზმების გასაანალიზებლად ბუგიანი მთავარ მედიუმად ფერწერის ენას ირცევს. მისი ნამუშევრები მატერიალური სამყაროს უხილავი ასპექტების აქცენტირება და ამ სისტემათა შესაძლებლობების გაფართოების მცდელობაა. გამოფენის სახელწოდება შერჩეულია ინგლისელი პოეტის უილიამ ბლეიკის ლექსის სტრიქონიდან „To See a World in a Grain of Sand” (“ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში“). ეს მეტაფორა სამყაროს განზომილებების ერთიანობასა და მათ ფრაქტალურ, თვითმსგავს, აგებულებაზე მიგვანიშნებს, რასაც მხატვარი უახლეს ნამუშევრებში განსაკუთრებული ინტენსიურობით ეხმიანება. ფერწერული ტილოს მარეტიალურობაზე ხაზგასმით, ისინი დამოუკიდებელ ობიექტებად გვევლინებიან, სადაც დიდი ყურადღება ექცევა ტილოს ზედაპირის ფაქტურას და რამდენიმე თხელ ფენად დადებულ ზეთის საღებავს. სასურათე სიბრტყე გადაიქცევა მეტაფიზიკურ ზედაპირად, რომელიც სამყაროს არსებული კონსტრუქციებიდან გათავისუფლებული ხედვისკენ გვიწვევს.

ირაკლი ბუგიანი (ბუგიანიშვილი, დაბ. 1980, ქ. თბილისი) ცხოვრობს ქ. დუსელდორფში (გერმანია). 1998-2001 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 2011-2006 წწ. – კარლსრუეს (გერმანია) სამხატვრო აკადემიაში. 2010 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ხელოვნების ისტორიის დარგში ქ. დუსელდორფის ჰაინრიჰ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტში. ირაკლი ბუგიანს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში, მათ შორის: Weltkunstzimmer, Hans-Peter-Zimmer Foundation, დუსელდორფი (2015); RichMix, ლონდონი (2015); Salon Des Amateurs, დუსელდორფი (2014); Kunsthalle Recklinghausen, რექლინგჰაუზენი (2013); საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი (2013); Glashaus, დუსელდორფი (2011); Atelier am Eck, დუსელდორფი (2009); Gallery Bourgeois Pig, ჰაიდელბერგი (2008); Gallery AZ, ზაგრები (2008). მის ჯილდოებს შორის აღსანიშნავია Kunsthalle Recklinghausen-ის ნომინაცია Kunstpreis Junger Westen (2013); ქ. დუსელდორფის კულტურის სამინისტროს სტიპენდია (2008); ფრაიბურგის უნივერსიტეტის გრანტი პორტრეტისათვის (2004).

 

პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის მხარდაჭერით.

განსაკუთრებული მადლობა მარიამ ლორიას.

 

ტექსტი: ლევან მინდიაშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest