პროექტის ავტორი: ბაჩო ძაგნიძე

მდებარეობა: გ. ტაბიძის ქუჩა, თბილისი

ფართი: 12მ2

წელი: 2015

 

ამასწინათ, მცირე ზომის ბურგერ ბარზე სტატიაში ავღნიშნეთ, რომ ნებისმიერი ფართი, თუნდაც ძალიან პატარა, შეიძლება ფუნქციურ და ვიზუალურად საინტერესო სივრცედ გარდაიქმნას. ამჯერად, პატარა ბინას გაგაცნობთ თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე, რომელიც თავისუფლად იტევს ორ მაცხოვრებელს და სტუმრის ადგილიც კი რჩება. მეპატრონესა და პროექტის ავტორ ბაჩო ძაგნიძეს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით ბინის დიზაინსა და იმ შენობაზე, რომელშიც ის არის განთავსებული.

– ძალიან საინტერესოა სახლი და მისი სადარბაზო, რა იყო ადრე ამ ფართში, სადაც ახლა ბინა არის მოწყობილი?

– სახლი მართლაც საინტერესო და ერთ-ერთი კოლორიტულია თბილისში. ჩემი ინფორმაციით, პირველადი შენობა აქ 1905 წელს აშენდა, ხოლო შემდეგ 1911 წელს ძმებმა სელიანოვებმა, რომლებიც თამბაქოს ქარხანას ფლობდნენ, ჩაუტარეს რეკონსტრუქცია. ეს თარიღი სადარბაზოს შესასვლელშიც არის ამოტვიფრული. სახლის ძირითად ნაწილს ძმები საცხოვრებლად იყენებდნენ, ხოლო ნახევარსარდაფს, როგორც უმრავლესობა ამ უბანში, ისინიც აქირავებდნენ. სადარბაზოს მოხატულობა ეკუთვნის ბენო ტელინგატერს, რომელიც თბილისის სადარბაზოებისა და ბაქოს თეატრის დეკორატორი იყო. მის მიერ არის მოხატული აღმაშენებლის 93-ში მდებარე სადარბაზოც.

ფართი, სადაც ახლა ბინაა განთავსებული, ადრე ამავე სახლში, უფრო მოზრდილი ბინის სველი წერტილისა და სამზარეულოს ფუნქციას ასრულებდა, როგორც ამ უბნის არქიტექტურისთვის არის დამახასიათებელი – ძირითადი ბინიდან მოშორებით დერეფნის ბოლოში. ძირითადი ბინის განახლების დროს, სამზარეულო და სველი წერტილები შიგნით შევიტანე, ამიტომ ეს ფართი უფუნქციოდ დარჩა. არ მინდოდა ის უბრალო საკუჭნაოდ გადაქცეულიყო და მომივიდა პატარა, მაგრამ მყუდრო ბინის მოწყობის იდეა.

– რამ გიკარნახათ გამოყენებული მასალები, ფაქტურები და დეკორაცია?

– აგურის კედელი ძველია. ის შელესილი იყო. ბათქაში ჩამოვყარეთ, ზოგ მონაკვეთში რესტავრირება გავუკეთეთ და ასე დავტოვეთ. ასევე ძველია კედელი და დეკორატიული ლესვა აბაზანაში. ის შემთხვევით აღმოვაჩინეთ კედლების დემონტაჟის დროს, როგორც ჩანს აქ თავიდანვე სველი წერტილი იყო განთავსებული. შემოსასვლელ კართან გამოყენებული ორნამენტი ხშირად გვხვდება ქართული ეკლესიების მოხატულობაში და იქიდან არის შთაგონებული.

დეკორი საკუთარი კოლექციიდან არის. ზოგი ახალია და ზოგიც მშრალ ხედზე ნაყიდი. მომწონს მსგავსი ნივთები.

– სივრცის ფუნქციური გადანაწილებისას რა იყო პრიორიტეტი?

– ფართის სიმცირის მიუხედავად, ბინა მაქსიმალურად ფუნქციური, კომფორტული და მყუდრო უნდა ყოფილიყო. ჭერის სიმაღლე ოთხი მეტრია, ამიტომ ანტრესოლში ორი საწოლი თავისუფლად განთავსდა, სამზარეულოსა და დივნისთვის კი ქვემოთ ადგილი განთავისუფლდა. ინტერიერის დიზაინის დამუშავება დაგეგმილი ნაბიჯებითა და ამავდროულად, იმპროვიზაციით ხდებოდა. ბევრი ძველი ელემენტია შენარჩუნებული. ვფიქრობ, გამოყენებული მასალები – აგური, ხე, ლითონი, ხელს უწყობენ მის ორგანულ ჩაწერას სახლის ორგანიზმში.

 

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest