პირველ ივლისს არტარეას საგამოფენო სივრცეში არქიტექტორ გიორგი მარგიშვილის სამფეხა სკამები გამოიფინა. ნახევრად ხუმრობით – „მეოთხე ფეხი ზედმეტია“ ექსპოზიცია სამ დღეს გაგრძელდა და მასზე წარმოდგენილი იყო ავტორის მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში შექმნილი სამ საყრდენიანი სკამები.

 

სკამების დიზაინზე კარგა ხანია ვფიქრობ. ავეჯის დიზაინი არქიტექტორებისთვის ერთგვარი „საჯილდაო ქვაა“. უცხოური პრაქტიკიდან თუ ვიმსჯელებთ, თითქმის ყველა არქიტექტორს აქვს შექმნილი ავეჯი საკუთარი დიზანით. სამწუხაროდ, ჩვენში ეს არცთუ გავრცელებული პრაქტიკაა და თავად 1-2 კოლეგას თუ ვიცნობ, ვინც ამით დაინტერესებულა.

ჩემი სამფეხა სკამების შთაგონება ტრადიციული ქართული სამფეხა სკამებიდან/სავარძლებიდან მოდის. ამ ნივთის მობილურობიდან გამომდინარე სივრცის დეტალად ყოველთვის ვერ მოვიაზრებ, თუმცა ზოგჯერ სივრცესაც მატებს, ან აკლებს პეწს.“- გიორგი მარგიშვილი.

 

„გამოწვევა მდგრადობას“. (2013 წ) მოდელი. დაპრესილი ფანერა.

„მხედრული“. (2015 წ) ლითონის კარკასი, ფანერაზე გადაკრული ნაჭერი.

#52.(2015 წ) შეღებილი ან გალაქული ფანერა.

„ანცი მეფის სავარძელი“. (2015 წ) კონცეპტუალური ნამუშევარი უფროა, ვიდრე უტილიტარული. ფანერა, ელასტიური რეზინის თოკები.

ბარის სკამი. (2016 წ). ხე.

რაც შეეხება ფორმებს – აქ პრიორიტეტი არ გამოირჩეოდა. როგორც ავტორმა აღნიშნა იგი ამოცანის დასმიდან გააზრება-ჩამოყალიბების პროცესში იძენს ხოლმე სილუეტს და ამის შემდეგ იხვეწება საბოლოო ვარიანტად. ამ კოლექციიდან ყველაზე რთული და საინტერესო სკამ: “გამოწვევა მდგრადობას“ შესრულება აღმოჩნდა.

 

„ამ სერიიდან პირველი იყო „გამოწვევა მდგრადობას“. როდესაც მოდელი მოვიფიქრე, ჩავთვალე, რომ მის შემსრულებელ ხელოსანს იოლად მოვძებნიდი, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ს დროს თბილისში გრეხილი ავეჯის კომბინატიც კი არსებობდა, ფანერის მომღუნავს (bent plywood – გრეხილი ფანერა) ვერ მივაკვლიე. სურვილი მაქვს, ამ სკამის მოდელი ჩაფიქრებულ საბოლოო ნივთად ვაქციო. ამისთვის კი პრეს-ფორმის გაკეთებაა საჭირო, რაც ჩვენ რეალობაში არცთუ ისეთი იოლი აღმოჩნდა, თუმცა მეგობრის დახმარებით უკვე მოფიქრებული გვაქვს, როგორ შევასრულოთ. პრეს-ფორმა საშუალებას მომცემს ამ სკამის ვარიაციები იოლად ვაწარმოო.“-აღნიშნა გიორგი მარგიშვილმა.

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest