გარემო, სადაც ხშირად გვიწევს ყოფნა, დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე; გამონაკლისს არც სასწავლო სივრცეები წარმოადგენს. კარგად დაგეგმილი და საინტერესო გარემო, რომელიც ზუსტად ითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, დადებითად განგვაწყობს სწავლისადმი და უფრო შრომისუნარიანს გვხდის. სწორედ ასეთი სივრცეა შექმნილი სინგაპურში, ნაიანგის ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომლის პროექტზე მუშაობისასაც, ტომას ჰეზერვიკი დადგენილ ჩარჩოებს ნამდვილად გასცდა, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით.

ტომას ჰეზერვიკი ცნობილი ბრიტანელი დიზაინერია, რომელიც თავისმა ორიგინალურმა იდეებმა მალევე გახადა პოპულარული. პროექტებზე მუშაობისას, იგი ინოვაციური მიდგომებითა და უახლესი მასალების გამოყენებით გამოირჩევა. ტომასის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: Seed Cathedral შანხაის ექსპოზე 2010 წელს და ლონდონში, წითელი ავტობუსების ახალი დიზაინი.

სინგაპურის უნივერსიტეტის შენობის დიზაინზე მუშაობა, ჰეზერვიკის სტუდიამ (Heatherwick Studio) კონკურსში გამარჯვების შემდეგ, 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. მშენებლობა კი, 2015 წლის მარტში დასრულდა. კონსტრუქციულ გადაწყვეტებზე, არქიტექტორი, ადგილობრივ საინჟინრო ფირმასთან, „CPG Consultants“ ერთად მუშაობდა – ჰეზერვიკის სტუდია შენობის დიზაინზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო CPG Consultants – მის მშენებლობაზე.

8 სართულიანი უნივერსიტეტი სიმაღლეში 38,8 მეტრია, 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს იკავებს, ხოლო მისი მთლიანი ფართობი დაახლოებით 14000 კვ.მ-ს წარმოადგენს. ეს პროექტი მხოლოდ ნაწილია ნანიანგის ტექნიკური უნივერსიტეტის ფართო მასშტაბიანი გეგმისა, რომელსაც 33000-ზე მეტი სტუდენტი ჰყავს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნივერსიტეტია სინგაპურში.

პროექტზე მუშაობისას, ჰეზერვიკმა თავისი გასაოცარი ნიჭი- შექმნას ყველასგან განსხვავებული, ნამდვილად გამოავლინა. მას არ უნდოდა, რომ შენობაში სტანდარტული კვადრატული აუდიტორიები ყოფილიყო, ამიტომ უნივერსიტეტი კონუსური ფორმის 12 კოშკში განათავსა, რომლებშიც თავის მხრივ, 56 წრიული აუდიტორია მდებარეობს. დიზაინერის თქმით, ასეთ სივრცეებში, ყველას თანაბარ პირობებში უწევს ჯდომა. არ არის აშკარად გამოხატული წინა და უკანა ადგილები, რაც კარგია სწავლის პროცესისთვის, რადგან სტუდენტები ეჩვევიან თანამშრომლობას, ერთობლივ, გუნდურ მუშაობას, როგორც ერთმანეთთან, ასევე მასწავლებლებთან. კოშკები გარს ერტყმის ატრიუმს; ყოველ სართულზე ღია დერეფნები და აივნებია, რომლებიც შენობის თავში დიდდება და საიდანაც ატრიუმს შეგიძლიათ გადმოხედოთ. ზოგიერთ სართულზე, პატარა ბაღსაც კი გადააწყდებით. მთლიანი სივრცე ბუნებრივად ნიავდება, ჰაერს თავისუფლად შეუძლია შენობაში მოძრაობა, რაც სინგაპურის კლიმატის გამო, ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა.

კოშკები ცემენტის 61 სვეტზე დგას და მათი ზედაპირი ტალღოვანია, ხოლო კიბესთან და ლიფტთან ახლოს მდებარე კედლები 700-მდე ნახატითაა დაფარული. ილუსტრაციების ავტორი სარა ფანელია და მათზე სურათებია გამოსახული მეცნიერებიდან, ხელოვნებიდან და ლიტერატურიდან. კოშკების ფასადი ტალღოვანია და დაფარულია უსწორმაწორო, ჰორიზონტალური ზოლებით. მათ დასამზადებლად სილიკონის 10 ფორმა და თიხა იყო გამოყენებული. სტუდენტებს ყოველი მხრიდან შეუძლიათ მოხვედრა ცენტრალურ სივრცეში, რომელიც კოშკებს ერთმანეთთან აკავშირებს.

2013 წელს შენობამ სინგაპურის მთავრობისგან BCA Green Mark-ის პლატინის ჯილდო მიიღო მდგრადობისთვის.

უნივერსიტეტი ჰეზერვიკის სტუდიის პირველი სერიოზული პროექტია აზიაში. ტომასს უნდოდა შეექმნა ისეთი სასწავლო სივრცე, სადაც კარგი გარემო იქნებოდა შექმნილი სოციალური ურთიერთობებისთვის, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ცხოვრების სწრაფი ტემპის გამო, ნამდვილად, აკლიათ ახალგაზრდებს.

 

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest