დუბაიში, „ბურჯ ხალიფას“ ეიფორიას არ ჰქონდა გავლილი, რომ ჯერ იყო და საუდის არაბეთმა წარმოადგინა თავისი 828 მეტრიანი „სამეფო კოშკის“ პროექტი, ახლა კი ერაყმა, გამოთქვა სურვილი, ყველაზე მაღალი ცათამბჯენის აშენებისა. დიახ, სწორედ ბასრაა ის ქალაქი აზიაში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობების სამეულს ჩაუდგება სათავეში.

ქალაქი ბასრა ერაყის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, იგი ქვეყნის ერთ-ერთი მშვიდობიანი რეგიონია, ნავთობის ბიზნესითა და სწრაფად განვითარებადი სავაჭრო ტენდენციებით. აქაურმა მთავრობამ ურბანული განვითარების ახალი გეგმა 2015 წლის ივნისში წარმოადგინა, რომლიც მიზანიც 2025 წლამდე ქალაქის მოცულობის მაქსიმალური გაზრდაა. მთავარი პრიორიტეტია ქალაქის შემჭიდროება და ჰორიზონტალური გაშლის თავიდან აცილება, ამიტომ ვერტიკალური განვითარების იდეა გახდა პრიორიტეტი. სწორედ ამის კონცეფციის ფარგლებში წარმოადგინა ბრიტანულ-ერაყულმა არქიტექტურულმა კომპანიამ „AMBS არქიტექტორები“-მ ყველაზე მაღალი ცათამბჯენის იდეა, რომელიც 230 სართულიანი იქნება და ამასთანავე, მის თავზე188 მეტრიანი ანტენა განთავსდება.

შენობას „ზღვის ყურის პატარძალი“ (Bride Of The Gulf) ერქმევა ადგილის შესაბამისად და მისი ყველაზე მაღალი კოშკის სიმაღლე 1152 მეტრი იქნება. უხეშად რომ ვთქვათ, წარმოიდგინეთ „ბურჯ ხალიფას“ რომ „შარდი“ დაადგან. სხვათაშორის, სრულიად შესაძლებელია, „პატარძალი“ ბურჯ ხალიფადანაც კი დაინახოთ.

შენობის სამხრეთ ფასადი მინის საჩრდილობლებითაა გარშემორტყმული, სახელწოდებით ‘Veil’, რომლებიც შექმნილია, რათა გადახუროს და ჩრდილი შეუქმნას კომპლექსის დაბალ ადგილებსა და საჯარო სივრცეებს. სხვა კოშკები 724, 484 და 61 მეტრი იქნება. ავტორები მას აღწერენ როგორც „პირველი ვერტიკალური ქალაქი მსოფლიოში“, ამბობენ, რომ ის არამარტო ყველაზე მაღალი შენობა იქნება მსოფლიოში, არამედ საფუძველს დაუდებს უახლეს ინჟინერიასა და ვერტიკალური ტრანსპორტის განვითარებას. ოთხი ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა სიმაღლის შენობა მოიცავს ოფისებს, სასტუმროს, სავაჭრო ცენტრებს, საცხოვრებელ ზონებს. სკვერებს, ბაღებსა და საკუთარ სარკინიგზო ქსელსაც კი 1,550, 908 მ2-ზე.

„ განსხვავებით ჩვეულებრივი ცათამბჯენებისგან, „პატარძალი“ იქნება ადგილი, რომლითაც ისარგებლებენ არა მხოლოდ იქ მაცხოვრებელი ან მომუშავე, არამედ სხვა ყველა ადამიანი, განურჩევლად ერთმანეთისა“ – აცხადებენ AMBS არქიტექტორები

შენობა წმინდა ნულოვანი სისტემით დაპროექტდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იმდენ ენერგიას აწარმოებს, რამდენსაც მოიხმარს.

ასევე აღსანიშნავი ამბავია, რომ არქიტექტორი ჯეან გენგი ამ პროექტით რეკორდის დამყარებისთვის ემზადება. იგი იქნება მსოფლიოში პირველი ქალი, ყველაზე მაღალი განხორციელებული შენობის პროექტით.

ჯერ კიდევ დიდი დროა ცათამბჯენის დასრულებამდე. ჯერ არათუ დაწყების თარიღი, არამედ მისი ზუსტი ადგილმედბარეობაც კი არაა განსაზღვრული, თუმცა სამუშაოები ჩქარ ტემპში, აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ოფიციალური ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest