ალვარ აალტოს მუზეუმის გაფართოების კონკურსის გამარჯვებულები ახალგაზრდა ფინელი არქიტექტორები გახდნენ. კონკურსის მთავარი მიზანი იყო ერთმანეთთან დაეკავშირებინა და გაეერთიანებინა ალვარ აალტოს ორი შედევრი: მისი მუზეუმი და ფინეთის ცენტრალური მუზეუმი. კონკურსში 689 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამარჯვებული პროექტი მაქსიმალურად ადაპტირებულია გარემოსთან და ამავდროულად, ბუნებრივად აკავშირებს ალვარ აალტოს არქიტექტურას ერთმანეთთან.

ეს პროექტი გამოირჩევა ნატიფი კონტურებითა და იმ მშვიდი ატმოსფეროთი, რომელიც ალვარ აალტოს ამ ორი შენობის აღქმას უფრო აადვილებს.

ჟიურის შეფასებით, პროექტი მგრძნობიარე და ამავდროულად საოცრად ძლიერია, ის ადვილად დასამახოვრებელია და ამ გარემოსთვის სრულიად ახალ არქიტექტურულ სივრცეს აყალიბებს.

ბრტყელი გადახურვისა და მინიმალისტური მინის ფასადის ფონზე, ინტერიერის მრუდი ფორმები ჩანს. სინათლე და შუქ-ჩრდილები კონტრასტს ქმნის მუზეუმის შენობებთან. პროექტი გამორჩეულ, ცალკეულ ელემენტად გვევლინება და არ ირევა მუზეუმის მასიურ ფორმებში.

პროექტის ფუნქციური აქცენტები და სივრცობრივი გადაწყვეტა ერთმანეთს შეესაბამება. ძირითადი სივრცე შენობის ქვედა დონეზეა, რაც მუზეუმის კაფესთან ერთად მთლიანობას ქმნის, ამავდროულად იდეალური გადაწყვეტაა მაღაზიის ფუნქციონირებისთვის. ვიზიტორი მრუდი, გამოყვანილ ფორმებით ზედა სართულებზე ხვდება. ფუნქციური გადაწყვეტის სუსტი მხარე მიშენების ფინეთის მუზეუმთან დაკავშირებაა და ასევე შენობის სათავსოების მცირე ფართი, რადგან მუზეუმის ფუნქციონირებისთვის პროექტით განსაზღვრული სათავსოები არასაკმარისია.

საბოლოო ჯამში, გამარჯვებულ პროექტის დიზაინს შემდგომი განვითარება და დახვეწა სჭირდება, თუმცა ფაქტია, რომ პროექტი თვითმყოფადია, ამავდროულად დახვეწილი და გარემო ბალანსს არ არღვევს.

გამარჯვებული პროექტის ავტორებმა ფულადი პრიზი 14000€ მიიღეს. მეორე ადგილი ასევე ფინურმა კომპანიამ ,,კანელმა“ მიიღო, ხოლო მესამე ადგილი ავსტრალიურ-ესპანური არქიტექტურული სტუდიოს ,,სმარის“ პროექტმა დაიმსახურა. სამი საპრიზო ადგილის გარდა ორი პროექტი დაჯილდოვდა პრემიით და ორმა წამახალისებელი პრემია მიიღო.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ამ კონკურსში საქართველოდან არქიტექტორები რატი ჩომახიძე, დავით ავალიშვილი და ვახტანგ კასრელიშვილი მონაწილეობდნენ. მართალია, მათ ნამუშევარს გამარჯვება არ ხვდა წილად, მაგრამ მათი პროექტი 20 საკუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა. კონკურსის ქართულ ვარიანტს ფოტო მასალის სახით გთავაზობთ:

 

 

ავტორი: თამთა ჯუგაშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest