„არქიტექტორებო, მხატვრებო, მოქანდაკენო, ჩვენ ყველა უნდა დავუბრუნდეთ ხელოსნობას! ვინაიდან არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა „პროფესიონალური ხელოვნება“. არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ხელოვანსა და ხელოსანს შორის. ხელოვანი განდიდებული ხელოსანია. ღვთის შეწევნითა და შთაგონების იშვიათ მომენტებში, რომელიც ნებელობის ზღვარს სცდება, ხელოვნება მისი ხელების შრომით შეიძლება არაცნობიერად აყვავდეს, მაგრამ ხელოსნობის საფუძველი ყველა ხელოვანისთვის არსებითია. სწორედ აქაა შემოქმედებითობის პირველწყარო.
მოდით, მაშასადამე, შევქმნათ ხელოსნობის ახალი გილდია იმ კლასობრივი განსხვავებების გარეშე, რომელიც ხელოსნებსა და ხელოვანებს შორის ამპარტავნების ბარიერს ქმნის! მოდით, ერთად მოვიწადინოთ, ჩავიფიქროთ და შევქმნათ ახალი შენობა მომავლისა. ეს არქიტექტურას, ქანდაკებასა და მხატვრობას ერთ ფორმაში გააერთიანებს და ერთ დღეს მილიონობით მუშის ხელებიდან ცისადმი აღიმართება როგორც გამჭვირვალე სიმბოლო ახალი და მომავალი რწმენისა.“
-ვალტერ გროპიუსი
ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა ბაუჰაუზი (bauhaus – ინვერსია გერმანული სიტყვისა “hausbau” – სახლის შენება) 1919 წელს გერმანიაში, ქალაქ ვაიმარში დაარსდა ვალტერ გროპიუსის მიერ და ფუნქიონირება 1933 წელს, ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ შეწყვიტა. სწავლებისადმი ახალი მიდგომითა და ხელოვნების ტექნოლოგიასა და საზოგადოებასთან კავშირის გადააზრებით, ბაუჰაუზი მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანი მოდერნისტული სკოლა გახდა, განსაკუთრებით არქიტექტურასა და დიზაინში და დღემდე არ კარგავს აქტუალობას. გარდა ამისა, არსებობის არც ისე დიდი ხნის განმავლობაში, სკოლამ თავის ჭერ ქვეშ ისეთ არტისტებს, დიზაინერებსა და არქიტექტორებს მოუყარა თავი, როგორებიც იყვნენ ვასილი კანდინსკი, პოლ კლეე, ლასლო მოჰოლი-ნაგი, იოზეფ ალბერსი, მარსელ ბროიერი, ჰანეს მეიერი, მის ვან დერ როე, ლე კორბუზიე, ეილინ გრეი, ეერო საარინენი, ჩარლზ ემსი, ალვაარ აალტო, ფრენკ ლოიდ რაიტი და ა.შ.
გროპიუსის ფილოსოფიის ქვაკუთხედს წარმოადგენდა ხედვა, რომ ბაუჰაუზი უნდა ყოფილიყო დამაკავშირებელი ხიდი ხელოვნებასა და ინდუსტრიას შორის: თუკი უწინ ხელოვნების ნებისმიერი დარგი უფრო მაღალ რანგში განიხილებოდა, გროპიუსმა გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო ყველა ხელობისა და ხელოვნებისა დარგის გაერთიანება და მასობრივად წარმოება, რომ არქიტექტურასა და დიზაინს ახალი ეპოქა უნდა აესახა. სწორედ ამ ხედვამ განსაზღვრა ბაუჰაუზის სტილის ის უნიკალური ელემენტები, რომლებიც არქიტექტურასა და დიზაინში დღესაც აქტიურად გამოიყენება:
ფუნქციონალური ესთეტიკა
ბაუჰაუზის სკოლა ცნობილი გახდა იმით, რომ სახლის თუ ავეჯის ესთეტიურ მხარეს უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა, ვიდრე მის ფუნქციონალურ ასპექტს. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა ფრაზა „ფორმა ფუნქციას უნდა ემსახურებოდეს“. ბაუჰაუზმა უარყო ორნამენტაცია და მდიდრული დეკორატიული დეტალები, რომლებიც მანამდე ასე პოპულარული იყო. დიზაინის თითოეულ ელემენტს თავისი ფუნქცია და პრაქტიკული გამოყენება უნდა ჰქონოდა.
- Photo Source: bauhaus-movement.com
- Photo Source: bauhaus-movement.com
- Photo Source: bauhaus-movement.com
- Photo Source: Tate.org.uk
გეომეტრიის პრინციპი
ბაუჰაუზის არქიტექტურასა და დიზაინში მკაცრი გეომეტრია და ძლიერი, სწორხაზოვანი ფორმები დომინირებს. ისეთი მრუდებისა და ფორმების გამოყენებას, რომლებიც სივრცის ხარჯვას, არასწორ სივრცულ დაგეგმარებას იწვევდნენ, სკოლაში არ წყალოდბნენ. მარტივი გეომეტრიული ფორმების გამოყენებას უნდა უზრუნველეყო შენობის ექსტერიერის და ინტერიერის ისეთი დაგეგმარება, რომელიც სივრცეს მაქსიმალურად დაზოგავდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საერთოსაცხოვრებლების შემთხვევაში იყო, სადაც თითოეულ მაცხოვრებელზე მკაცრად განსაზღვრული სივრცეა გათვალისწინებული. გარდა ამისა, შესაძლებლობის მიხედვით, წახალისებული იყო შენობის მოკრძალებულად აშენება იმ გარემოსთან შედარებით, რომელშიც ის მდებარეობდა. ამის კარგი მაგალითია მის ვან დერ როეს Farnsworth House.
- Ludwig Mies van der Rohe. Farnsworth House, 1945-1951, Plano, Illinois
- Ludwig Mies van der Rohe. Farnsworth House interior, 1945-1951, Plano, Illinois
- Hollyhock House by Frank Lloyd Wright 1921
- Hollyhock House interior by Frank Lloyd Wright 1920
- Paimio Sanatorium by Alvaar Aalto
- Photo: Sami Heikinheimo,
დაუმუშავებელი მასალები
„მასალების ჭეშმარიტების“ პრინციპი ერთ-ერთი მთავარია, რომელსაც სტუდენტებს უნერგავდნენ. ეს პრინციპი გულუისხმობს, რომ მასალების გამოყენება მათი ყველაზე შესაბამისი და „გულწრფელი“ ფორმით უნდა მომხდარიყო, მათი ბუნების შეცვლის გარეშე. ორგანულ თუ ქარხნულად დამზადებულ მასალას თავისი სილამაზე გააჩნია, რომელსაც მისი არასრულყოფილება ქმნის. მაგალითად, ისეთი დამატებითი მასალა, როგორიც ფოლადია, თვალსაჩინო უნდა იყოს და არა ნამუშევარში დამალული; ხისა და მარმარილოს ზედაპირი ბუნებრივად არასრულყოფილია და მათ როგორც წესი ამუშავებენ ხოლმე – რატომ უნდა დამალულიყო ასეთი საოცარი მახასიათებელი? ამ პრინციპმა წარმოების პროცესისათვის საჭირო დროცა და ენერგიაც საგრძნობლად შეამცირა.
- Tubular steel chair by Marcel Breuer
- The Wassily Chair by by Marcel Breuer. 1925
- Nest of a table B 9, 1925-1926
- Chair by Harry Bertoia
- Egg chair by Arne Jacobsen
- Midway chair T 454 by Frank Lloyd Wright. 1914
- Barcelona Chair by Mies Van De Rohe
- Swan Chair Arne Jacobsen. 1958
- Molded Plywood Lounge Chair by Eames
- Coffee table by Isamu Noguchi
- Bauhaus Shelve
- Bauhaus Thonet Nesting Tables c. 1930
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ბაუჰუზის სიმარტივისა, მასობრივ წარმოებასა და ფუნქციონალურ მხარეზე ფოკუსირებისა, ამ სტილის ნიმუშებს ემოციური სიღრმე არ აკლიათ. თუმცა სკოლამ ძველი აკადემიური ტრადიციები უარყო, ინტელექტუალურ და თეორიულ მოღვაწეობას ის მაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.
ავტორი: ნუკა ზურაშვილი


