ანდრეა გალვანი იტალიელი ხელოვანია. იგი 1973 წელს ვერონაში დაიბადა, დღესდღეობით კი ნიუ იორკში მოღვაწეობს. მისი ძირითადი პროფილი ფოტოგრაფიაა, მაგრამ კვლევის პროცესში ხშირად მიმართავს ინტერდისციპლინურ მიდგომას და იყენებს სხვადასხვა მეთოდოლოგიას. არტისტი ეგზისტენციალურ თემებზე მუშაობს და ექსპერიმენტის გრძელ და ბნელ გვირაბს ძალადობის დოკუმენტალისტიკით, ყოფის სიმყიფისა და დროებითობის ამსახველი ინსტალაციებითა და ენიგმატური ნახატებით მიუყვება. მისი იდეები ხან სკულპტურის სახეს იღებენ, ხან ტექსტის, ხან ნახატის ან კოლაჟის, ხანაც ფოტოგრაფიისა.

„იდეები ჩემში იზრდებიან, მელაპარაკებიან, ჩემთან ერთად იძინებენ. მერე კი გადმოდიან წიგნში, სკულპტურაში, ნახატში. მათ გადმოსაცემად ყველაზე ხშირად მაინც ვიდეოსა და ფოტოგრაფიას ვიყენებ, ხატვასა და ხმოვან ინსტალაციებთან ერთად… ფოტოგრაფიის ყველაზე დიდი სისუსტე და ძალაც ერთი და იგივეა – წამი, რომელშიც ის გაიელვებს. წამი, რომელიც მოცემულ მომენტში ნამდვილია, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ კარგავს ნამდვილობას და მკვდარ წამად გარდაიქმნება. ამ წამს ასი წლის შემდეგაც შეიძლება ჰყავდეს მნახველები და მათთვის ეს უკვე საერთოდ სულ სხვა რამე იქნება“.

ანდრეა შვიდი წლის იყო, როდესაც ოჯახი ვერონადან სოფლად გადასახლდა. პატარა არტისტი უეცრად სხვა სამყაროში მოხვდა – იქ, სადაც ბუნების ძალა იგრძნო. იგრძნო და მასში ჩაიძირა.

„მე განსაკუთრებულ გარემოში გავიზარდე და ძალიან, ძალიან უცნაური ბავშვი ვიყავი. სავარაუდოდ, მეტისმეტად სერიოზული ჩემი ასაკისთვის. ირგვლივ ყველაფერს მეცნიერული ცნობისმოყვარეობით ვაკვირდებოდი. მამაჩემი ქირურგი იყო და მას კარგად ესმოდა ჩემი. ალბათ, ამანაც იქონია გავლენა, რომ მე დღესაც ამავე სერიოზული ცნობისმოყვარეობით ვაკვირდები და ვასრულებ ჩემს სამუშაოს“.

1999 წელს გალვანმა ჯერ გამოყენებითი ხელოვნების აკადემია დაამთავრა – სკულპტურის, 2002 წელს კი ბილბაოს ვიზუალური ხელოვნების უნივერსიტეტი ფერწერის განხრით. ამის შემდეგ გადავიდა ნიუ იორკში, სადაც დაიწყო მისი კარიერა.

ნიუ იორკი მისთვის ურბანული ჯუნგლებია. „აქ ცხოვრება ხიდან ხეზე გადახტომას გავს, როგორც ფიზიკური, ისე სოციალური კუთხით. იმისთვის, რომ პრერიებში გახვიდე, ეკლებსა და ნესტში უნდა გაიკვლიო გზა“.

მისი ნამუშევრების ერთ-ერთ ბოლო სერიას ქვია „დასასრული“. შეიქმნა 2015 წელს, მოიარა ევროპისა და ამერიკის კონტინენტი და რამდენიმე ჯილდოც მიიღო. ეს არის ვიდეო ინსტალაციებისა და ფოტოების ნაკრები, რომელზეც გამოსახულია მზის ჩასვლა სხვადასხვა ფერში.

 

 

მიუხედავად გალვანის ექსპერიმენტებისა და ინტერდისციპლინურობისა, ის მაინც ფოტოგრაფად რჩება.

„ჩემი მუშაობა ნადირობას გავს. ველოდები, ვუსაფრდები, ვსწავლობ ტერიტორიას, ვაწარმოებ დაკვირვებას, კვირაობით მძინავს კარავში ან მანქანაში და თუ ბოლოსდაბოლოს მივუახლოვდები ობიექტს, შეიძლება გადავიღო კიდეც. ფოტოგრაფიამ მასწავლა სიფხიზლე, რაც ჩემთვის ნიშნავს, მედიტაციამდელ მდგომარეობას, მოთმინებას, სიჩქარესა და ინტუიციას“.

 

 

 

ავტორი: დოდოჩი გოგია

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest