ჩვენს ქვეყანაში არქიტექტურაზე ძალიან ცოტა იწერება და რაც იწერება მეტწილად არქიტექტორების მიერ, ერთმანეთზე, ზოგადად რაღაც გარემოებებზე ან თემასთან დაკავშირებულ რაიმე საკითხზე. რეალურად კი მათ ვისთვისაც ეს არქიტექტურა კეთდება არავინ აძლევს აზრის გამოთქმის საშუალებას. მაქსიმუმ რაღაც გამოკითხვის შედეგების ამსახველი ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება ხოლმე „ჩვეულებრივ მოკვდავთა“ აზრის დაფიქსირება და ისიც სპეციალისტი გამომსვლელის თუ მწერლის პერსონალური ინტერპრეტაციით. ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანების წარმოდგენა, აზრი, ემოცია და შეხედულება გარემოზე რომელშიც ისინი და ჩვენ ერთად ვცხოვრობთ.

გიო ფხაჭიაშვილი

1986

ჟურნალისტი/მარკეტინგის მენეჯერი

საქართველო

“ქალაქი რომელიც ადრე პატარა იყო და გამწვანებული, დღეს რკინა-ბეტონის ტყედ გადაიქცა. ცათამბრჯენები არა, მაგრამ მაღალსართულიანი ბეტონის კონსტრუქციები თამამად შეგვიძლია თბილისის გერბზე გამოვსახოთ.

ზაფხულის მზე თავისი ბარაქიანი ენერგიით აცხელებს ყველაფერს, მათ შორის ბეტონის კედლებსაც და თუ ადრე, ღამით მაინც ისუნთქებოდა, ახლა ესეც შეუძლებელია. ამ სუპერურბანიზებულ უდაბნოს, რომ დააღწევ თავს, აღარც რკინის დანახვა გინდა და აღარც ბეტონის. ცდილობ წახვიდე იქ, სადაც კარვის ტენტს, ხის კოტეჯს, ან რაიმე მსგავსს შეაფარებ თავს. მთავარია ეს შენობა ბუნებრივი იყოს, ან ბუნებასთან კავშირი ჰქონდეს, და კიდევ მსუბუქი და გრილი იყოს.

აი ზუსტად ასეთია დაბა სიონის ბარაკები. ერთი შეხედვით შიფერით გადაფარულ-შემოფარული შენობა დანგრევის პირას მოგეჩვენება, მაგრამ… მართლაც და, ცოტამ თუ იცის, რომ ამ ბარაკებს ფუნდამენტად ისეთივე ბეტონი აქვს, როგორც იქვე ახლოს გასული საუკუნის მეორე ნახევარში აგებულ სიონის წყალსაცავს. ნახევრსაუკუნეზე მეტია ეს ბარაკები დგას და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს აქვს სურვილი მის ნაცვლად უფრო კომფორტულ და უფრო მაღალსართულიან შენობაში იცხოვროს, მე მაინც მის არსებულ იერსახეზე მოგიყვებით.

ბარაკები, ორი სართულითა და ორი სადარბაზოთი, ალვისხეებში, ან ფიჭვებში დგას. სახურავზე სამერცხლეებია განლაგებული და ისიც სხვადასხვა ფერის ფოთლებითაა დაფარული. აქ უდაოდ სიმყუდროვის შეგრძნება გეუფლება. რუხი ფერისაა ბარაკები, გარეშემორტყმული შიფერის გამო და თითქოს ეს უსახური იერი სიმწვანის, შეპარული ხავსისა და ფოთლების კომბინაციაში კიდევ უფრო კონტრასტულად წარმოგვიდგება. განსაკუთრებულად ლამაზია შემოდგომის მიწურულს.

შენობები თავისთავად ყრუ-მუნჯი არსებები არიან, მაგრამ მაინც გააჩნიათ გარკვეული ხმა – ხმა იმ გარემოსი სადაც აშენებიდან დგანან. ზღვის ხმას ვერ შეედრება, მაგრამ ხანდახან ქარიან ამინდში ალვის ხის ფოთლების შრიალში იძინებ, ხოლო დილის პირველი ნიავი და პირველი აშრიალება გაფხიზლებს. მსგავსი ხმა მე არსად გამიგონია. სულ ერთი-ორჯერ ვიყავი ზამთარში და შემოდგომის მიწრულს სიონში. ცარიელ ეზოში ფანჯრებ აჭედილ ბარაკებს საოცრად სევდიანი და უსიცოცხლო იერი ჰქონდათ. ზაფხულში აქაურობას ვერ იცნობ, ბავშვები, მხიარულება, ხმამაღალი სიცილი, სიმღერა და ცეკვა, ხალხმრავალი თამაშები და ჭიშკრის განუწყვეტლად განმეორებადი ჯახუნი. დილისკენ ბარაკებში სრული სიჩუმე ისადგურებს, მეორე დღისთვის საჭირო ენერგიის აღდგენის პროცესი აქტიურ ფაზაში შედის და აქა იქ ხმამაღალ ხვრინვას, პატარა ბავშვის წამოტირებას და რკინის საწოლების ჭრიალს გაიგებთ. აი ასეთია სიონის ბარაკების „შუმი“.

სიმყუდროვესა და კომფორტს მხოლოდ გარემო და პირობები არ ქმნიან. ყველა შენობას, ხომ თავისი მაცხოვრებელი ყავს, თავისი სამეზობლო. არც სიონის ბარაკებია გამონაკლისი და თითოეულ მათგანს განსხვავებული ხალხი, განსხვავებული ცხოვრების სტილი და განსხვავებული ემოცია ახასიათებს. კიდევ ერთი რამ უწყობს ხელს კეთილმეზობლურ, ხანდახან კონფლიქტიან ყოფას – ეს არის საერთო სამზარეულო. ბავშვობაში პირველად ეს სიონში ვნახე, მერე უკვე თბილისშიც, იტალიურ ეზოებში. ეს კომუნალური დისკომფორტი საოცარ სოციალურ ეფექტს აძლევს შენობას. საერთო სამზარეულო არის შეხვედრების, საუბრების და გემრიელი სუნების ადგილი, ასევე პირველი დილამშვიდობისა და ამინდის თემის გარჩევა, პირველი ჭიქა ყავა, ან წყალი. ბარაკის კომუნიკაციებიდან უდაოდ პირველადგილოსანია წყალი. ხანდახან წყდება და სეზონის პიკში ბარაკის ყველა მაცხოვრებელს ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ ძალიან გემრიელია და ყოველთვის გრილი ტემპერატურის. გაზიფიკაციის პროცესი ისეთივე ვითარებაშია, როგორც სახელმწიფოს დასავლური ინტეგრაცია – ამ თემაზე მხოლოდ საუბრობენ. ელექტრო ენერგიის პრობლემა კი საბოლოოდ მოგვარდა და ფაზების გათიშვა და დამწვარი ტრანსფორმატორის სუნი ბარაკებში დიდი ხანია არ ყოფილა.

ამბობენ, ამ ბარაკებში ადრე გერმანელი ტყვეები ცხოვრობდნენო. წყალსაცავის აშენება ომში დამარცხებულებს დაედოთ ვალად. მერე დაბაში დასახლებულან, მაგრამ ზუსტად არავინ იცის რა ბედი ეწიათ. ძველ შენობებს ხომ ასე ძალიან უხდებათ ლეგენდები.

განათებაზეც მინდა ერთი ორი სიტყვა გითხრათ. ეს ფენომენი აბსოლუტური მხოლოდ უდაბნოშია. ხეებისა და შენობების კომბინაციით კი ჩრდილებს ვიღებთ და ეს ყველა ნაგებობის მაცხოვრებლისა, თუ მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სიონის ბარაკების უმეტესობას ირგვლივ ხეები ერთ რიგად არტყია. ზოგან ალვის, ზოგან წიწვოვანი და ზოგან კიდევ სხვა ჯიშის. ეს ეკო-რკალი არა მხოლოდ სიმყუდროვეს ქმნის, არამედ დამრთგუნველი სიცხის დროს თავშესაფარი ჩრდილისა და სიგრილის წყაროსაც წარმოადგენს. ხეთა რიგი ისეა გაშენებული, რომ ეზო და შენობები უმზეოდ არ დატოვოს, პირიქით მზის სინათლე და ენერგია ზომიერად ნაწილდება ბარაკებისა და ეზოკარის ნაწილებზე. ერთი ცაცხვის ხის ჩრდილია განსაკუთრებით პოპულარული ჩვენ ეზოში. ისიც უნდა გავიხსენო, რომ ერთ წელს ქარიან ამინდში ყველაზე მაღალი და ყველაზე ჩრდილიანი ალვის ხე ძირიდან ხუთიოდ მეტრში გადატყდა და ეზოს ერთი კიდიდან, მეორე ბოლოში საშინელი ხმაურით გადაწვა. ყველა ადგილს და შენობას თავისი მისტიური მოჩვენებები, თუ მფარველი ფუძის ანგელოზები ყავთ, ხოდა მანაც გვიხსნა. ყოველთვის სავსე ეზოში იმ ავბედით წამს არავინ იყო. გადავრჩით.

სიონის ბარაკებმა ასაკიც მოიყარეს და საკმარისი ერთგული „დაჩნიკიც“. წლიდან წლამდე აკითხავენ აქაურობაზე შეყვარებული დამსვენებლები თავიანთ ეზოებსა და ოთახებს, ბარაკებიც ცოცხლდება. კიდევ ერთ კონტრასტს ვამჩნევ დედაქალაქსა და ამ პატარა დაბას შორის და მინდა თქვენც გაგიზიაროთ. თბილისში ორი რამ ხდება – ცოტავდება ის უბნები, რომლებშიც თაობები აღიზარდნენ და მათ ადგილზე ახალი უბნები ჩნდებიან, ხოლო მეორესმხრივ თავად თაობები ტოვებენ მშობლიურ უბნებსა და შენობებს, რომლებსაც ახალი მაცხოვრებლები იკავებენ. ამ სხვაობის ფონზე კიდევ უფრო მეტად ვაფასებ ჩემს ძველ ბარაკს სიონში. ის მართლაც ძველია და მყუდრო, მას ისტორიაც აქვს და ლეგენდებიც, თავისი ხმაც აქვს და შუქჩრდილებიც და ის რაც ადამიანებს განსაკუთრებით გვაკავშირებს საცხოვრებელ ადგილთან – ბავშვობაში გატარებული დრო და თაობები!”

 

 

 

კონსტანტინას

1977

ინჟინერი

ლიტვა

„ახალი მრავალსართულიანი სახლი, რომელშიც ეხლა მე ვცხოვრობ არც რუხი და არც თეთრი ფერის არის… ის ლაქებიანია. როდესაც ადამიანი ყიდულობს ბინას, ის ათეთრებს აივანს და გარშემო კედლები შეუღებავი რჩება. ყველა კიბის უჯრედი უნიკალურია, რადგან მის რემონტზე სართულზე მცხოვრები მეზობლები ზრუნავენ. ერთი შეხედვითაც ჩანს თუ ვინ ცხოვრობს ბინაში. შედარებით შეძლებულები დამატებითი კარებით იცავენ თავს, საშუალო ფენა უბრალოდ ფილებს აგებს და კედლებს ღებავს, ზოგისთვის კი იატაკზე დაფენილი მუყაოც კი საკმარისია, შესასვლელი ძალიან რომ არ ამტვერდეს.

მეზობელი სახლები ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან და დილაობით მოპირდაპირე ფანჯრებიდან გოგონები კოცნას გვიგზავნიან. ჩვენს შორის ეზოში კი ყველა მხრიდან ცათამბჯენებით გარშემორტყმული, გაუგებარი მასალისგან აშენებული ნაგებობებია. იქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც მზეს ვერასდროს ხედავენ. სავარაუდოდ სახლის მშენებლებმა მიწა მხოლოდ შენობის ფართისთვის შეიძინეს, ეზო და მანქანების სადგომი დიდად არ ანაღვლებდათ.

პირველ სართულზე გათვალისწინებულია კომერციული ფართები, მაგრამ მანამ სანამ მოიჯარეები გამოჩნდნენ აქ უსახლკაროები ცხოვრობენ. ზამთარში ხანდახან ისინი ცეცხლს ანთებდნენ და მოსახლეებს აშინებდნენ. თავად მოსახლეები თბებიან ინდივიდუალური გათბობის ქვაბებით და გრილდებიან ინდივიდუალური კონდიციონერებით. ამიტომ მთელი ფასადი ქაოტურად არის მორთული ამ დანადგარებით. დაამატეთ ამას სარეცხის თოკები აივნებზე და მიიღებთ სრულყოფილ სურათს. მაგრამ როგორც ჩანს ეს არავის აწუხებს.

სამართლიანობისათვის უნდა დავამატო, რომ თბილისში არის მეტ-ნაკლებად დასრულებული სახლები, მაგრამ ეს ძირითადად „ელიტარული“ კორპუსებია კოსმოსური ფასებით.“

 

 

ანანო

1984

იურისტი

საქართველო

„ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელობა ენიჭება გარკვეულ ადგილს, გარემოსა და ამ გარემოდან წარმოშობილ განწყობას, რაც გავლენას ახდენს მის შემდგომ განვითარებაზე. ასეთი ჩემთვის პლეხანოვია. არა სახელწოდების, არამედ იქ არსებული ძველი შენობების, ქუჩებისა და ნამდვილი თბილისური პეწის გამო.

ლენინგრადის, აწ უკვე სანქტ-პეტერბურგის ქუჩა ჩემი ბავშვობა და ბავშვობასთან დაკავშირებული სილამაზეა. სახლები ავარიულია, ზოგიერთის აივანიც კი ინგრევა, მაგრამ, ეს სიძველეა სწორედ თბილისის ნამდვილი იერსახე და ხასიათი.

ჩემი ეზოს არკაში შემავალ რკინის ჭიშკარს ნახევრად გაღუნული გისოსები აქვს. არკა გრძელია და მის ბოლოში აგურის დიდი კედელი მოსჩანს, რომელსაც ეზოს მხრიდან ჩემი ფანჯრები უყურებენ. ეზოში ბევრი ხის კიბეა, არა დახვეული, როგორც ეს ბევრ იტალიურ ეზოშია. კიბეები ძალიან ძველია და რომ არ „გადმოყირავდეს“ გრძელი რკინის მასიური მილი აქვს შეყუდებული, რომელიც ბევრი წლის წინ შეაყუდეს და მის მერე მედგრად ეხიდება აგრეთვე 100 და მეტი წლის წინ აკოწიწებულ კიბეებს.

ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ძალიან ბევრ დეტალზე ჩემი საყვარელი საცხოვრებელი „ძველებური“ გარემოდან. ამჯერად მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ იქაურობა ყველაზე ძირფასი და ფაქიზია ჩემთვის. ფაქიზი იმიტომ, რომ ნგრევის პირას მისული ულამაზესი პატარა კუნძულივითაა აწ უკვე უგემოვნო მაღალი შენობებით გავსებულ თბილისში.”

 

 

ადგილები და პიროვნებები რადიკალურად განსხვავებულები არიან. აქ მნიშვნებლობა არ აქვს კოკნრეტულ აზრს, მთავარი ამ შემთხვევაში დამოკიდებულების არსებობაა. ნებისმიერ გარემოს შეუძლია შექნმას განწყობა – ერთადერთი და ინტიმური, მოგონებები და კონკრეტულ ადგილთან კავშირი. ადამიანები მიუხედავად მათი შეხედულებების თავისებურებისა გადმოსცემენ მათ, როგორც საკუთარი სიცოცხლის ნაწილს.

არქიტექტურა არ არის მხოლოდ მისი ფიზიკური – გარემო რომელშიც ვარსებობთ. არქიტექტურა ქმნის უხილავს და ხელშეუხებელს – შთაბეჭდილებებს, შეგრძნებებს, მოგონებებს… ის არის განზომილება ერთდროულად კონკრეტული და აბსტრაქტული.

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

ფოტო: სალომე ბარბაქაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest