წინამდებარე სტატიის საგანი არქიტექტორ გიორგი ჩახავას ერთ-ერთი გამოგონება – რკინა ბეტონის სამშენებლო ელემენტები და მათი გამოყენებით აგებული ობიექტებია. წინასწარ დამზადებული ასაწყობი პანელების გამოყენების დიაპაზონი ძალიან დიდია – მცირე ფორმები, საცხოვრებელი სახლები და ხიდის ბურჯებიც კი ამ უნივერსალური ელემენტებით ეწყობა და სტატიკურად მყარ კონსტრუქციას წარმოადგენს. კონსტრუქცია თვითმზიდია და არ საჭიროებს დამატებით გამაგრებას. ის იდგმება ბეტონის წერტილოვან ან ლენტურ საძირკვლებზე.

ტექნიკური მახასიათებლების გარდა, ეს კონსტრუქციები არქიტექტურული თვალსაზრისითაცაა საინტერესო, რადგან არც ერთი მათგანი არ მეორდება და ერთი და იგივე მოდულური ელემენტებით ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სრულიად განსხვავებული მოცულობაა აგებული. ამგვარად, ყოველი ნაგებობა უნიკალურია, თუმცა ის ერთ სისტემას მიეკუთვნება. ამას კარგად ვხედავთ რამდენიმე შემორჩენილი ავტობუსის გაჩერების მაგალითზე, რომლებიც 1970-1980 წლებშია აშენებული. თბილისი-ბორჯომის მონაკვეთში ჯერ კიდევ 2017 წლის ზამთარში 4 ასეთი კონსტრუქცია არსებობდა, თუმცა ამ კვლევაზე მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ ერთი მათგანი, ნიგოზა-კოდისწყაროს გადასახვევთან, უკვე დაუნგრევიათ.

 

სამშენებლო ელემენტი

ჩახავას მიერ ზედმიწევნით ზუსტად არის დამუშავებული და განვითარებული პანელის კონსტრუქცია, აწყობის ხერხები და გადაბმის დეტალები, ისევე როგორც მათი დამზადებისათვის საჭირო საქარხნო კონვეიერული ხაზის კონსტრუქცია და მისი გაუმჯობესების გზები.
გამოგონების საავტორო უფლება გაცემულია გიორგი ჩახავას სახელზე 1981 წელს. გამოგონების სახელწოდება: „სამშენებლო ელემენტი“. დოკუმენტს თან ერთვის აწყობის პრინციპის ილუსტრაციები.
ასაწყობი რკინა ბეტონის სამშენებლო პანელების გამოყენების პრაქტიკული უპირატესობებია – მასალათა დაბალი ხარჯი, კომპაქტური გაბარიტები, მცირე წონა, ტრანსპორტირების სიმარტივე, მშენებლობის მინიმალური ხანგრძლივობა, მარტივი მონტაჟი, არ არის საჭირო ადგილზე შედუღება, არ არის საჭირო შელესვის სამუშაოები, არ არის საჭირო მოპირკეთება, მცირე წონის გამო საჭიროა მხოლოდ მარტივი ამწე ტექნიკა, მონტაჟის პროცესის სიმარტივის გამო არ არის საჭირო კვალიფიციური მუშა ხელის დასაქმება.
ერთ ახსნა-განმარტებით წერილში გიორგი ჩახავა საბჭოთა კავშირის ცენტრალურ მთავრობას სთავაზობს ცივი კლიმატის (-40°) რეგიონებისთვის თბოიზოლაციის მიზნით კედლებს შორისი სივრცე გაცრილი მიწით შეივსოს, ძალიან ცივი (-50°) რეგიონებისთვის კი მიწას შეერიოს ნახერხი. წერილში საუბარია ბაიკალ-ამურის მაგსიტრალის მშენებლობის ერთი ეტაპისათვის დროებითი, გადასატანი ნაგებობების მშენებლობაზე. ელემენტები მზადდებოდა ქ. გორის რკინაბეტონის ნაგებობათა პოლიგონზე.

 

ავტობუსის გაჩერებები

1977 წელს პოლონური ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია საქართველოს გზებზე ავტობუსის გაჩერებების შესახებ, სადაც ვკითხულობთ: ზოგი მათგანი აშენებულია წინასწარ დამზზადებული ელემენტებით, რაც ამ კონსტრუქციით მშენებლობის მოულოდნელ შესაძლებლობებს გვაჩვენებს. გიორგი ჩახავას მიერ გამოცემული ელემენტების აღწერიდან ჩანს, რომ მათი გამოყენების შესაძლობლობები შორს სცდება მხოლოდ მცირე ფორმების არქიტექტურას. საქართველოს საავტომობილო გზების გასწვრივ მდგომი ავტობუსის გაჩერებები შთამბეჭდავად მრავალფეროვანია. ერთი ტიპის წინასწარ დამზადებული ელემენტებით აშენებული ეს მცირე არქიტექტურული ობიექტები ზედმიწევნით ინდივიდუალიზირებული და განსხვავებული ხასიათისაა.- (Wojciech Skrodzki,”projekt”, Visual art and design, 4/77).

როგორც გიორგი ჩახავას არქივში დაცული დოკუმენტებიდან ჩანს, 1970-იან წლებში პავილიონები აშენდა ქართლის და აფხაზეთის რეგიონებში, თუმცა შესაძლებელია, რომ ისინი საქართველოს სხვა გზებზეც არსებობდეს. ჩვენთვის უცნობია აფზახეთში არსებული ობიექტების სტატუსი. ქართლის რეგიონის პავილიონების კვლევა ვრცელდება ყველა ამ სისტემით აგებულ ობიექტზე, ასევე მათზეც, რომლებიც ჩვენთვის ამ მომენტისთვის ცნობილი არ არის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2017 წლამდე ჩვენთვის ცნობილი ოთხი შემორჩენილი პავილიონიდან ერთის ადგილას მოულოდნელად სიცარიელე დაგვხვდა, მაგრამ აქ მაინც განვიხილავთ ოთხ და არა სამ პავილიონს, იმისათვის, რომ უფრო ადვილი იყოს იმის გაცნობიერება, თუ რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ მათ. აღწერილ პავილიონებს სიმბოლურად დავარქვით სახელები გზებზე მათ ადგილმდებარეობასთან უახლოესი დასახლებული პუნქტების მიხედვით. განვიხილავთ ბორჯომის, ტეზერის, ნიგოზას და ქანდის ავტობუსის გაჩერებებს.

პავილიონების გეოგრაფია ასეთია – ბორჯომისა და ტეზერის გაჩერებები ს8 გზის ხაშური-ბორჯომის მონაკვეთშია, ხოლო ნიგოზას (ყოფილი) და ქანდის გაჩერებები ს1 (E60) გზის მცხეთა-გორის მონაკვეთში. ყველა შემორჩენილი პავილიონი მოუვლელია, ცალკეული სამშენებლო პანელები მართალია, მძიმედ არის დაზიანებული, მაგრამ საერთო ჯამში კარგ მდგომარეობაში იმყოფება. პანელები საღებავით იყო დაფარული, რომელმაც დროს ვერ გაუძლო. ამის გამო იქმნება შთაბეჭდილება, რომ პანლელები ცუდ მდგომარეობაშია, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

ოთხივე პავილიონი სრულიად განსხავავებლია ერთმანეთისგან. მათი გეგმები სიმეტრიული ან თავისუფალია, ზომები განსხვავებული, გადახურვები ბრტყელი ან დახრილი, საღებავის ფერები სხვადასხვა, ტეზერის პავილიონის გარდა ყველა დეკორირებულია მოზაიკის ფილებით, რომელთა სიუჟეტებია მზე, ყვავილები, ფრინველები და აბსტრაქტული ფორმები. შეძლება ითქვას, რომ ეს მოზაიკები ერთი ავტორის მიერაა შესრულებული, თუმცა ჩვენთვის უცნობია მხატვრის ვინაობა. კერამიკული ფილები თითქმის სრულადაა შემონახული, მაგრამ ბევრ ადგილას დაზიანებულია ან აკლია დეტალები.

 

ნიგოზა (დანგრეულია 2017 წელს)

ნიგოზას გაჩერება მდებარეობდა ნიგოზა-კოდისწყაროს გადასახვევთან ახლოს, გზის პირას. 2017 წლის ზამთარში ის ჯერ კიდევ სრულად იყო შემონახული. ეს იყო ზომით საკმაოდ დიდი და ფორმით ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ავტობუსის გაჩერება. შეიძლება გზის ახალი დაპროექტებისას ავტობუსის გაჩერებისთვის უფრო უკეთესი ადგილი მოიძებნა, მაგრამ რატომ იყო საჭირო ამ კონსტრუქციის დანგრევა? მისი გამოყენებისთვის სულ ცოტა ორი შესაძლებლობა ასეთი იქნებოდა – 1. დასასვენებელი ადგილის მოწყობა 2. დაშლა და ახალ ადგილას გადატანა – ეს ხომ ამ სისტემის კონცეფციაშია ჩადებული.

 

 

ქანდა

ქანდის გაჩერება სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ ის ერთ პატარა, სამი მხრიდან დახურულ სივრცეს წარმოადგენს, რომელსაც ქანობიანი გადახურვა აქვს. როგორც ვხედავთ, ამ პანელებით როგორც ბრტყელი, ასევე ქანობიანი გადახურვის გაკეთებაა შესაძლებელი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ უნივერსალურობას. ქანდის გაჩერების ძირითადი მოცულობა კარგადაა შემორჩენილი. სერიოზულად დაზიანებულია მხოლოდ ერთი „ფანჯარა“. საინტერესოა ამ გაჩერების დეკორი – გარე კედელზე ისეთივე პანოა, როგორიც ბორჯომის გაჩერებას აქვს – მზე თუ ყვავილი. შესაძლოა, რომ ეს სპეციალურადაა გაკეთებული ამ კონსტრუქციების ერთმანეთთან კავშირის ხაზგასასმელად. კედლის შიდა მხარე კი სულ სხვა ტიპის მოჭიქული კერამიკული ფილებითაა დეკორირებული. თითოეული მათგანი კედლის პანელებს შორის დარჩენილ ორმაგ ფოსოებშია ჩასმული, ისე რომ კედლის მთელი შიდა სიბრტყე მართკუთხა ვერტიკალური ფერადი „წერტილებითაა“ დაფარული. კედლების გარე მხარე კი სტანდარტული, კონსტრუქციის კუთვნილი „საცობებითაა“ დახურული და შორიდან თეთრი კოპლების შთაბეჭდილებას ტოვებს. გაჩერება მოუვლელია, საღებავი აქერცლილი, კერამიკული ფილები დაკარგული ან დაზიანებული, მაგრამ აღდგენა სრულიად შესაძლებელი.

 

 

 

ტეზერა

 

ამ გაჩერებას სხვებისგან განასხვავებს ფორმების სიმარტივე. ის გზის პირას დგას და სავარაუდოდ ერთადერთია, რომელიც თავის პირვანდელ ფუნქციას ჯერ კიდევ ასრულებს. ცენტრალური ღერძის მიმართ სიმეტრიულ, სამი მხრიდან დახურულ მოცულობას ბრტყელი გადახურვა აქვს. გაჩერება არ არის მორთული დეკორატიული კერამიკული ფილებით, როგორც სხვა გაჩერებები, მაგრამ ეს არაფერს არ აკლებს მას – პანელების ფორმა და ფოსოების რითმი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ სიბრტყეები მოსაწყენად არ აღვიქვათ. პანელები კარგ მდგომარეობაშია, შეიძლება მათი გაწმენდა და თავიდან შეღებვა.

 

ბორჯომი

ბორჯომის ავტობუსის გაჩერება მდებარეობს ხიდთან ახლოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. გადახურვის ელემენტები ორ ჯგუფადაა დაყოფილი. სახურავი მხოლოდ ორ ველს ფარავს, გაჩერების დანარჩენი სივრცე კი ღიაა. თავისუფლადაა დატოვებული მარცხენა უკანა კუთხე. ეს პავილიონი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი გეგმარება თავისუფალია, სახურავის კონსტრუქცია მთავარი ფასადის მხარეს რკინის სვეტების სამ წყვილს ეყრდნობა. გაჩერების სივრცეს უკანა შემოსაზღვრავს თავისუფლად მდგომი მონოლითური კედელი, რომელიც მოზაიკითაა მოპირკეთებული. ამ კედელს ეყრდნობა რკინის სვეტები, რომელთაც გადახურვის ელემენტების უკანა ჯგუფი უჭირავს. ასეთი გადაწყვეტა სხვაგან არსად არ გვხვდება. თითქმის ყველა ელემენტი მთლიანადაა შემორჩენილი, არის რამდენიმე მექანიკური დაზიანების კვალი და ზოგ ადგილას ჩანს ელემენტის გაშიშვლებული არმირება. თუ არ მივაქცევთ ყურადღებას იმას, რომ საღებავი, რომლითაც პანელები იყო შეღებილი, მთლიანად აქერცლილია, პავილიონის ზოგადი მდგომარეობა კარგია. ის ადვილად დაექვემდებარება რესტავრაციას და შეიძლება მომავალშიც გამოყენებულ იქნას ავტობუსის გაჩერებისათვის. შედარებით დიდი ზომის კერამიკული ფილებით შედგენილი დეკორატიული პანოები ასევე თითქმის მთლიანადაა შემონახული. მათი გაწმენდა და დაზიანებული ან დაკარგული ფილების აღდგენა არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას.

 

დასკვნა

გიორგი ჩახავას „სამშენებლო ელემენტებით“ აგებული რამდენიმე პავილიონი საქართველოს საინჟინრო და ინდუსტრიული კულტურის იშვიათი ობიექტებია. არქიტექტურული თვალსაზრისით საინტერესო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნიკალური ნაგებობები არქიტექტორ გიორგი ჩახავას მიერ არის კონციპირებული, ისევე როგორც ასაწყობი პანელების პრინციპი და მათი ინდუსტრიული წარმოებისთვის საჭირო კონვეიერული ხაზი. ზემოთ მოყვანილი კვლევა ადასტურებს ამ ობიექტების ნამდვილ წარმომავლობას. ჩახავას გამოგონება იმდენად მარტივი და გენიალურია, რომ არ არის გამორიცხული მისი აღდგენა და პანელების წარმოება, რაც იქნებოდა ინდუსტრიული მემკვიდრეობის და ცოდნის რევიტალიზაციის უპრეცედენტო მაგალითი.

გიორგი ჩახავას სახელის დიდი პოპულარობის გამო ყველა მის ნამუშევარს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი. აუცილებელია ყველა ამ ობიექტისთვის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება, მათი ფუნქციის აღდგენა, გაწმენდა, რესტავრაცია, განათება და მოვლა-პატრონობა, ისევე როგორც მათი ლოკალურ ტურისტულ მარშრუტში შეტანა. განათებისთვის კარგი იქნებოდა მზის პანელების გამოყენება, რაც ზუსტად უპასუხებდა გიორგი ჩახავას იდეებს – ის ჯერ კიდევ 40 წლის წინ მზის ენერგიის გამოყენებაზე ფიქრობდა, რასაც მის არქივში დაცული დოკუმენტები ადასტურებს. დარჩენილი სამი გაჩერების რეაბილიტაცია არ არის დაკავშირებული დიდ თანხებთან და მათი მოვლა მძიმე ტვირთად არ დააწვება გამგეობებს.

თბილისიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე, საავტომობილო გზების სამინისტროს გავლის შემდეგ ოთხი ასეთი გაჩერება გვხვდებოდა, ახლა მხოლოდ სამია. შეიძლება სქემატურ რუკაზე ყველა ამ ობიექტის დატანა და ყოველ გაჩერებასთან საინფორმაციო დაფის დაყენება, რომელზედაც დამაგრდება ეს რუკა ყველა ობიექტით და მოკლე ინფორმაცია ავტორის შესახებ.

აუცილებელია ამ ობიექტების ადმინისტრაციული ერთეულების გამგეობებთან და სხვა დაწესებულებებთან (მაგ. გზების მშენებლობის ნებართვის გამცემი სამსახური) საგანმანათლებლო საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა, იმისათვის, რომ არ მოხდეს, ის რაც ნიგოზა-კოდისწყაროს გაჩერების შემთხვევაში მივიღეთ – დავკარგეთ ღირებული ობიექტი. პასუხისმგებელ პირებს სწორი ინფორმაცია დროულად რომ ჰქონოდათ, ეს არ მოხდებოდა.

თანამედროვე განვითარების ფონზე ძნელია ასეთი ტიპის ნაგებობების დაცვა. ერთადერთი მექანიზმი, მათი განადგურებისგან დასაცავად არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება. ჩვენი აზრით, არგუმენტები საკმარისია იმისათვის, რომ ყველა ამ სისტემის პავილიონი უნდა დავიცვათ, დავუბრუნოთ ფუნქცია და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. გიორგი ჩახავას პავილიონები როგორც არქიტექტურული, ასევე საინჟინრო და ინდუსტრიული მემკვიდრეობის დასაცავად საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

აუცილებელია იმის გააზრება, რომ ამ პერიოდის არქიტექტურული მემკვიდრეობით უნდა ვიამაყოთ, ის უნდა დავიცვათ და გადავცეთ მომავალ თაობებს.

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 27 ნოემბრის ბრძანებით ქ. ბორჯომში, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებულ პავილიონს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა! რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას! ამჯამად მიმდინარეობს დარჩენილი ორი გაჩერებისთვის ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცესი, რაც იმედი გვაქვს დადებიტად დასრულდება.

 

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბატონ . ჩახავას, მამის, გიორგი ჩახავას საარქივო მასალების მოწოდებისათვის. ასევე დიდი მადლობა ნინი ფალავანდიშვილს, ნანუკა ზაალიშვილს და ელისო სულაკაურს კველევისთვის საჭირო დოკუმენტური მასალების მოძიებისთვის, ფოტოებისთვის, დახმარებისთვის და თანადგომისთვის.

სტატია პირველად გამოქვეყნდა თბილისის არქიტექტურულ ფორუმზე: www.tbilisiarchitecture.net

 

ავტორი: ნინო ჩაჩხიანი

ფოტო: ნინი ფალავანდიშვილი; ნანუკა ზაალიშვილი; ელისო სულაკაური. გ.ჩახავას პირადი არქივი

Facebook Comments
facebooktwitterpinterest