ამ სტატიის დაწერა ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტე, როდესაც რამოდენიმე თვის წინ, 26 მაისის სკვერში რკინის კონსტრუქცია შევნიშნე და tas.ge -ზე თბილისის მერიის მიერ გაცემული ნებართვა მოვიძიე, რომელშიც ნებას რთავენ და მთლიან სკვერს უთმობენ კომპანია Wendy’s -ს კვების ობიექტის ასაშენებლად. აღსანიშნავია, რომ აქ ადრეც იყო რესტორანი, რომელიც 90-იანი წლების შავ-ბნელ პერიოდში უკანონოდ აშენდა.

თბილისს კიდევ ერთი სკვერი მოაკლდა!

ქალაქის მმართველი ორგანოს პრიორიტეტები მაშინაც მკაფიოდ გამოხატა, როცა ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ნებართვა გასცეს და ახლა, თითქოს, არც უნდა გამკვირვებოდა ამ ადგილას ერთადერთი სარეკრეაციო ზონის განადგურება, მაგრამ როდესაც ამ ქალაქის ყოველდიურობა მხოლოდ მსგავს სიახლეებს გვთავაზობს, ძნელია გულგრილი დარჩე ამ ყველაფრის მიმართ.

მცირე ინფორმაცია სკვერის შესახებ: 26 მაისის მოედანი მ. კოსტავას ქუჩისა და კ. გამსახურდიას გამზირის შერწყმის ადგილია. აქვე, ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და დოლიძის ქუჩას შორის იყო ამავე სახელწოდების 26 მაისის სკვერი. მოედანი გაშენდა 1950-იან წლებში და ორჯონიკიძის სახელი ეწოდა. დღევანდელი სახელწოდება 1992 წ. მიენიჭა. მოედანმა რამდენჯერმე იცვალა სახე 2000-იან წლებში, სასტუმრო „აჭარის“ კომპლექსის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით.

როგორც უკვე აღვნიშნე, ამ სკვერში 90-იანებში უკანონოდ აშენებული რესტორანი იყო და იმის მაგივრდ, რომ თბილისის მერიას ეს ადგილი გამოესყიდა და დედაქალაქისთვის მოდერნიზებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი შეეთავაზებინა, მან ის კომპანია ვენდისს მიყიდა, რომლის ზღვარიც ნამდვილად კუჭზე გადის და რის შედეგადაც მივიღეთ ისედაც მჭიდრო განაშენიანებაში გაკვეხებული ეს არანაირი არქიტექტურული ღირებულების მქონე ობიექტი, რომელიც მხოლოდ მოპირდაპირედ მაკდონალდსის კონკურენციაზეა ორიენტირებული.

(მოპირდაპირედ, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ცალკე საკითხია და მას მოგვიანებით აუცილებლად შევეხები)

პასუხი იმაზე, სად დაისვენოს და რა ისუნთქოს თბილისის მოსახლემ, პასუხი ერთია: ჭ ა მ ა!

26 მაისის მოედანი ისედაც პატარა, უსახური კვების ობიექტებით ქაოტურადაა გატენილი, ამ ყველაფერს კი ვენდისის წითელი “ტორტი” აგვირგვინებს. ინვესტორის მიდგომა, დააიგნოროს ქალაქის ღირებულება და იერსახე და მხოლოდ სიმდიდრეზე იფიქროს, კარგად ვლინდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში. შედეგად კი მივიღეთ გაუქმებული სარეკრეაციო ზონა, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ამ ადგილს.

მე ერთი ზუსტად ვიცი: მაგ ვენდისში ჩემი ფეხი არ იქნება, არასდროს! კომპანია, რომელიც ქალაქს პატივს არ სცემს, არც ამ ქალაქის მცხოვრებთა კეთილგანწყობას იმსახურებს!

 

 

ავტორი/ფოტო: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest