1870 წელს, ფრედერიკ ლოუ ოლმსტედმა, გაავრცელა მიმართვა, სათაურით “საჯარო პარკები და ქალაქების გაფართოება”. ეს გამოსვლა დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ლანდშაფტის დიზაინის სწავლებაში. ტექსტში, ოლმსტედი ცდილობს ლანდშაფტური არქიტექტურის სოციალურ, პოლიტურ და კულტურულ ასპექტებს შეეხოს და მისი მოსაზრებები, მისივე შექმნილი, ნიუ იორკის “ცენტრალ პარკის” პროექტზე დაყრდნობით განამტკიცოს. ოლმსტედი თავისი თანამედროვეობის მახასიათებლებისა და მოქალაქეთა საჭიროებების შეჯერებით, საქალაქო, დემოკრატიული, პარკის აუცილებელ თვისებებზე საუბრისას აღნიშნავს:

“პრაქტიკულად, რაც ყველაზე ძალიან გვინდა, არის მარტივი, გაშლილი, მწვანე მდელო, ზედაპირებით თამაში და ხეების საკმარისი რაოდენობა, სინათლისა და ჩრდილის მონაცვლეობის უზურველსაყოფად. ეს გვინდა მთავარ მახასიათებლად. ჩვენ გვინდა ტყის სიღრმე, არა მხოლოდ ცხელ ამინდში სანუგეშოდ, არამედ იმისთვისაც, რომ მთლიანად დავგმანოთ ქალაქი პეიზაჟიდან.”

შესაძლოა, ამ ტექსტის ნიუ-იორკის “ცენტრალ პარკის” ავტორის გახსენებით დაწყება ისეთივე მოულოდნელია, როგორც იპოდრომის “თბილისის ცენტრალურ პარკად” გადანათვლა, თუმცა, სახელი “თბილისის ცენტრალური პარკი”, რაღაც ალუზიას შეიცავს, რაც გარდაუვალს ხდის ჯერ არარსებულ პარკზე ფიქრისას, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი პარკის გახსენებას.
თბილისის მეხსიერებაში, იპოდრომი უკვე წლებია ჩაწერილია, როგორც თავისუფალი სივრცე. კორპუსებითა და ესტაკადით შემოსაზღვრული თავისუფლება საბურთალოს მჭიდრო განაშენიანებაში. საფიქრებელია, რომ სწორედ ვაკანტურობამ განაპირობა თითქოს ერთფეროვანი იპოდრომის მრავალფუნქციურობა. წინასწარგანსაზღვრულობის ნაკლებობა შესაძლებლობებით ავსებს ცარიელ სივრცეს და უცნაურად უნივერსალურს ხდის ადგილს, რომელსაც ადგილად მხოლოდ თავისი მკაცრად შემოსაზღვრული გეომეტრია აყალიბებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მოსახლეობის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა ტერიტორიაზე პარკის მოწყობის იდეა და სურვილი. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, 2020 წლის 6 ოქტომბერს, თბილისის მერიამ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი პარკის მოწყობისთვის შექმნილი პროექტი წარადგინა.

პროექტის ავტორი ჰოლანდიური ჯგუფი LAP-ია. 36 ჰექტარი არქიტექტორებმა 26 ზონად დაყვეს და დიდი ალბათობით, ასე გადაწყვიტეს თბილისის მთავარი პარკის საყოველთაოობაც: Როგორც LAP-ის ტექსტში ვკითხულობთ, აქ ყველასთვის მოიძებნება გასაკეთებელი და სანახავი. მართლაც, პროექტში გათვალისწინებულია ისეთი ზონები, როგორიცაა პანორამული პლატფორმა, ხელოვნური ტბა, ბოტანიკური, იაპონური და ფრანგული ბაღები, ამფითეატრი, საგანმანათლებლო ცენტრი, საკვები და ცხოველებისთვის განკუთვნილი სივრცეები, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, სკეიტპარკი და ა.შ. თითქოს, იმის ნაცვლად, რომ არქიტექტორებს პარკის სტუმრების საერთო საჭიროებები, მიზნები და ღირებულებები განესაზღვრათ (ოლმსტედისეულ, დემოკრატიული ცენტრალ პარკის პრინციპს გაყოლოდნენ), დიზაინერებმა გადაწყვიტეს ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფისთვის, კონკრეტული სივრცე შეესაბამებინათ – რაც 21-ე საუკუნის პარკის დაგეგმარებისას, არასწორი ამოცანაა. ამ გადაწყვეტილებამ შედეგად უცნაური პროექტი მოგვცა, სადაც რამდენიმე სხვადასხვა ტიპის პარკი ერთიანდება. LAP-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული რენდერებიდან ირკვევა, რომ ქვეითებისთვის პარკში მოხვედრა ორი მიწისქვეშა გადასასვლელითა და აღმოსავლეთიდან ხიდით იქნება შესაძლებელი. ვიზუალიზაციაზე ჩანს ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით დატანილი ორი საავტომობილო შემოსასვლელიც, რომლებიც 3 საპარკინგე ზონას უკავშირდება. ჯამში, იპოდრომზე 500 საპარკინგე ადგილი ჩნდება. გარდა იმისა, რომ იპოდრომის ტერიტორია თავისთავად იყოფა შემაღლებულ (ტრიბუნები) და გაშლილ სივრცეებად, ამ სახასიათო ფორმაში, დიზაინერებმა დენადი ბილიკის შეკვრით, კიდევ ერთი, მრუდე გეომეტრიის ფორმა ჩაწერეს, რითაც პარკის გაშლილი სივრცის ნაწილი, თავისთავად “შიდა” და “გარე” ზონებად დაიყო. Შედეგად, ტერიტორია ძალიან დანაწევრდა. “Შიდა” ზონაში სკეტიპარკის, შადრევნის, ფრანგული და ბოტანიკური ბაღის, მოლის, მედიათეკისა და არც მეტი, არც ნაკლები, იაპონური ბაღის გაკეთება იგეგმება. “გარე” ზონა, ჩრდილოეთით “განაპირა ტყეს” და მასში მოქცეულ პარკინგს მოიცავს, ხოლო სამხრეთით ამფითეატრს, ტბორსა და ფეხბურთის მოედანს იტევს, რომლებიც თავის მხრივ, ეკოლოგიური გორაკით, ტრეკინგის ბილიკებითა და პანორამული პლატფორმით სრულდება. რაც შეეხება არქიტექტურულ ფორმებს, ჯერ-ჯერობით რენდერებში კონკრეტულად მხოლოდ ტლანქი პროპორციის სვეტზე აღმართული ცხენოსნის ფიგურა გაირჩევა, რომელიც როგორც ჩანს, იპოდრომის წარსულზე ერთადერთი მინიშნებაა.

თბილისის მომავალ ცენტრალურ პარკზე საუბარს ძალიან ართულებს ისიც, რომ ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არაა პროექტთან დაკავშირებული არც ერთი კვლევა, შესაბამისად, უცნობია რამ განაპირობა დაგეგმარების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები. პროექტში უკეთ გასარკვევად, დავუკავშირდით ჰოლანდიურ კომპანიასაც და ვკითხეთ, რამ გამოიწვია 500 საპარკინგე ადგილის გაჩენა პარკში, როგორ წარმოუდგენიათ საზოგადოებივი ტრანსპორტისა და მომავალი ცენტრალური პარკის ურთიერთდამოკიდებულება, იკვლიეს თუ არა,ბოლო წლებში ჩამოყალიბებული, იპოდრომის ტერიტორიის სახე, მაცხოვრებლების გაკვალული ბილიკები, მათი ჩვევები, ქცევები და სივრცის ფუნქციური მრავალფეროვნება. თუმცა, კომპანიიდან ამ დრომდე არავის უპასუხია. LAP-ის ვებ-გვერდის მიხედვით მათი მუშაობის პროცესზე საუბარი რთულია, თითქმის ყველა პროექტი მხოლოდ ფოტომონტაჟისა და რენდერების სახითაა წარმოდგენილი.
იპოდრომზე საუბრისას, არქიტექტორი დავით გიორგაძე, (დავით გიორგაძე არქიტექტორები) ქართველი ტურისტებისთვის ასე საყვარელ, Tempelhofer Feld -ს ახსენებს (ბერლინის ძველი აეროპორტის 355 ჰექტარი ვაკანტური სივრცე, რომელიც მოქალაქეებმა აითვისეს):

“იპოდრომის პარკი, შეიძლება ითქვას, თბილისისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სივრცეა, რომლის სწორი განვითარება გარკვეულწილად კალაპოტში ჩააყენებს იმ მიდგომებს, რაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არსებული პროექტის მასალები, რომელიც გასაჯაროვდა გვაჩვენებს, რომ მიდგომა პარკებისა და სირვცეების განვითარების მიმართ მოძველებულია და ის არ პასუხობს თანამედროვე ქალაქისა და ადამიანის მოთხოვნებს.
მსგავსი სივრცეების განვითარების ვიზუალიზაციისთვის, მაგალითად, შეგვიძლია მოვიტანოთ ბერლინის Hasenheide – ს პარკისა და Tempelhofer Feld-ის სივრცეების ურთიერთობა. ამ ორი სივრცის მოსაზღვრეობაში ვხედავთ ხეების განაშენიანებისა და ღია სივრცის საინტერესო ბალანსს. Tempelhofer Feld მაგალითია იმისა თუ, როგორ არის გამოყენებული ძველი აეროპორტის ასაფრენი ბილიკების სირცე და მდელო, როგორ იყენებს მას ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები.
იპოდრომის შემთხვევაში, ისტორიულად თვალსაჩინოა სივრცის პირვანდელი ფუნქცია, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ამ სივრცის შემდგომი განვითარებისთვის. აუცილებელია ადამიანების მიერ ამ სივრცის აქამდე არსებული გამოყენების მეთოდისა და იპოდრომის მიმართ მათი მოლოდინებისა და განწყობის სიღრმისეული კვლევა. რაც აუცილებლად წარმოქმნის ნიშნებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს იპოდრომის კონცეფცია.”

ბუნებრივია, რომ თბილისის ცენტრალური პარკის პროექტმა მაშინვე გამოიწვია ადმიანების ერთი ჯგუფის პროტესტი. არქიტექტორი და აქტივისტი ელენე ცერცვაძესთვის, იპოდრომი ყოველდღიურობის ნაწილია:

“იპოდრომი ჩემთვის სახლივით არის, შეიძლება ითქვას, რომ იპოდრომზე გავიზარდე. პატარა რომ ვიყავი, ბაბუას დავყავდი, ხან სასეირნოდ, ხან საჯირითოდ. ცოტა რომ გავიზარდე, მეგობრებთან ერთად სათამაშოდ დავდიოდი, დილით დავრბივარ და აერობიკას ვვარჯიშობ, საღამოს ველოსიპედით ვსეირნობ და წიგნს ვკითხულობ, ხან ვხატავ, ხან ვწერ, ხანდახან უბრალოდ ბალახზე წამოსაწოლად მივდივარ და მოკლედ, ასე ვცხოვრობ იპოდრომზე. არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც ზუსტად ჩემსავითაა, ზოგი ბავშვს ასეირნებს, ზოგი ძაღლს, ვარჯიშობენ, თამაშობენ.”-ამბობს ელენე. ის მიიჩნევს, რომ ამ პროექტით, იპოდრომის მთავარი ღირებულება უბრალოდ დაიკარგება – “ამდენ წლიანი ურთიერთობის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთადერთი სარეკრეაციო სივრცე, რომელმაც თავისი სახე სრულიად დამოუკიდებლად მიიღო. ადამიანის, სარეკრეაციო სივრცისა და ზოგადად ქალაქის ურთიერთობაზე, ბუნებრივი ენით მოლაპარაკე ერთადერთი სივრცეა ქალაქში. იპოდრომი მაგალითია იმისათვის, რომ გავაანალიზოთ, როგორ იქმნება ადამიანების მიერ, მათი საჭიროებების მიხედვით აწყობილი სივრცე და როგორ ბუნებრივად იძენს თავის სახეს, როგორ შეიძლება გარდაისახოს ერთი ფუნქციის მატარებელი ტერიტორია, მეორე ფუნქციის მატარებლად ისე, რომ შენარჩუნდეს ადგილის განსაკუთრებულობა და შეემატოს მეტი შინაარსი.“


იპოდრომის დემოკრატიულობის დასაცავად, ელენემ აქტივიზმს მიმართა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მსგავსი საკითხების მიმართ, ფართო საზოგადოებაში, ძირითადად, დამოკიდებულება ინდიფერენტულია, ის იმედოვნებს, რომ შრომა შედეგს გამოიღებს:
“ მე და თაკო აბრამიამ დავიწყეთ ფიქრი, რა შეიძლებოდა გაგვეკთებინა იპოდრომის დასაცავად, ვიპოვეთ რამდენიმე თანამოაზრე, მეგობრები, არქიტექტორები, ქალაქმგეგმარებლები და დავიწყეთ ადგილზე მომხმარებლების გამოკითხვა. აღმოვაჩინეთ, რომ უმრავლესობა იზიარებდა ჩვენს აზრს, უამრავი ადამიანი შეშფოთებული იყო ჩვენსავით და ეს ადამიანები არიან ჩვენი მოძრაობის ძალა, ამ ადამიანებთან საუბრებმა დაგვარწმუნა, რომ მართალები ვართ და უნდა დაგვეწყო ხმამაღლა ლაპარაკი. უნდა დაგვეწყო სხვა ადამიანებისთვის ჩვენი სათქმელის თქმა და ინფორმაციის მიწოდება. იპოდრომს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და წლების განმავლობაში იმდენად ფასდაუდებელი სამსახური გაგვიწია, რომ იმსახურებს ჩვენგან ამ შრომას. “

დღეს იპოდრომის ტერიტორიაზე მოხვედრა ძალიან რთულია, ბახტრიონისა და ცინცაძის ქუჩების მხრიდან შესასვლელები დაკეტილია. პროექტის განსახორციელებლად ოქტომბერში დაწყებული სამუშაოები გრძელდება. Რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისის ცენტრალური პარკის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეებსა და გადაწყვეტილების მიმღებებს შორის, დიალოგისთვის სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. ამ ფონზე, ელენე გარცელებული ვიზუალიზაციის უზუსტობებზეც გვესაუბრება: “პირველად თვალში მომხვდა რეალურთან შეუსაბამო, უზარმაზარი მასშტაბი, არარეალურად გამწვანებული იაპონური და ბოტანიკური ბაღის სივრცეები, ხეები, რომლებიც რეალურად არ და ვერც იქნებიან განხორციელებულ პროექტში. ბოლოს შევიშნეთ, რომ ცდომილებებია რენდერებსა და გეგმებს შორის, მაგალითად, გეგმაზე ნაჩვენები საპარკინგე ზონები, რენდერებში ტყისთვის აქვთ დათმობილი, ანუ ფოტოებზე ვხედავთ ტყეს, მაგრამ სინამდვილეში გვექნება პარკინგი”.


წარმოდგენილი პროექტის მოწინააღმდეგეებში, ყველაზე დიდ უკმაყოფილებას საპარკინგე ადგილები იწვევს. მართლაც, საპარკინგე ზონის ადგილი თანამედროვე პარკში არ არის. ტერიტორიის ნებისმიერი მონაკვეთის პარკინგად გამოყენება მნიშვნელოვან ადგილს წაართმევს პარკს და მოუწოდებს სტუმრებს მანქანით მივიდნენ სარეკრეაციო ზონაში. იმის გასაგებად, თუ რა განასხვავებს იპოდრომს სხვა პარკებისგან და როგორი შეიძლება იყოს ტერიტორიაზე ახალი პარკის მოწყობის ალტერნატიული პროექტი, არქიტექტორ დევი ქიტუაშვილს (MUA) დავუკავშირდით:

ჩემი აზრით, იპოდრომი იმ სახით, როგორიც ის ახლაა, არის ძალიან საინტერესო, რადგან თვითონ ჩამოყალიბდა ასეთად, ადგილობრივებისა და სხვა პარკით მოსარგებლეების ერთობლიობით. ამ ტიპის განვითარებას grassroots უწოდებენ და თანამედროვე, ურბანული დიზაინის მეთოდოლოგიაც ამ ფენომენის გარშემო ვითარდება. სწორედ ეს არის ამ პარკის მთავარი განმასხვავებელი თბილისის სხვა პარკებისგან. ახალი გეგმა, სწორედ უკვე არსებულ ფუნქციებზე უნდა აეწყოს, რადგან ისინი ზუსტად გვკარნახობენ თუ რა კონკრეტული საჭიროებები აქვს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ამ პარკით უკვე დიდი ხანია სარგებლობს. შემდგომ კი შესაძლებელია დაემატოს დამატებითი ფუნქციებიც.
ჩემი გადმოსახედიდან, ახალი პარკი უნდა იყოს მაქსიმალურად ველური, დიდი ხეებით, ველური ბალახითა და მინიმალური ინფრასტრუქტურით, რაც შეიძლება იყოს შემდეგი: ბილიკები (წინასწარ შემზადებული დატკეპნილი გრუნტის, დრენაჟის შესაძლებლობით); მანიშნებლები ყველა ბილიკის გამყოფზე, მცენარეების მოსავლელად და მათთვის საჭირო, დამატებითი ინფრასტრუქტურა. შესაძლებელი და ალბათ, საჭიროც არის რამოდენიმე პატარა ზომის ისეთი საკვები ობიექტი, რომელიც ძირითადად გარე დასაჯდომებს ემსახურება, არ აღემატება 1 სართულს და 100მ2-ს, აშენებულია მხოლოდ ლოკალურად მოპოვებული, დროებითი, ან გადამუშავებადი მასალებით და მისი ლოკაცია განსაზღვრულია ლანდშაფტის გენგეგმაში; ასევე, საჭიროა ნარჩენების მართვის კარგი გეგმა, კავშირები და ინტეგრაცია გარშემო დასახლებებთან, ბიზნესებსა და სხვა კერძო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებთან (არსებული გვირაბების გამოყენებითა და სხვა საჭირო კავშირების შექმნით); ინტეგრირება სამხრეთით ფერდთან, რაც გაზრდის პარკის გეოგრაფიას და აქტივობების მრავალფეროვნებას; ლანდშაფტში დავამატებდი წყლის რესურსის მართვისთვის გათვლილ წყლის ელემენტებს.

აც შეეხება პარკინგს, საჭიროა მინიმალური პარკინგი, მხოლოდ მომსახურე პერსონალის აუცილებლობიდან გამომდინარე და მომსახურე ავტოპარკისთვის, რომელიც პარკის ფუნქციონირებისთვის შეიძლება იყოს საჭირო. დაპროექტებამდე, კარგად უნდა განისაზღვროს აქტივობები, რომლებიც იქნება პარკის ტერიტორიაზე და არ უნდა იყოს ხმამაღალი ან ხალხმრავალი აქტივობები, როგორიც არის მუსიკალური ფესტივალი, კლუბი, ბარი, ან სხვა მსგავსი ტიპის თავყრილობები.ჩემი აზრით, პარკი უნდა იყოს გათვლილი დატვირთული სპორტული და სარეკრეაციო ხასიათის ფუნქციებით: სირბილი, სეირნობა, მინდორზე თამაშები, სავარჯიშო კუთხეები (არა ტრენაჟორებით, არამედ ორძელი, “პრესის ბენჩი“, ასაწევითრეშსიმძიმეები და ..)

ასევე, გავითვალისწინებდი ორგანული ნარჩენების შესაგროვებელ და პარკის მოვლისგან, სხვლა-ფორმირებისგან და სხვა სამუშაოებიდან დარჩენილი ნარჩენების შესაგროვებელ და საკომპოსტე ადგილებს. ეს უკანასკნელი მომავალში მცენარეებისთვის საჭირო, აუცილებელი საკვები დანამატებით უზრუნველყოფს პარკს და საგრძნობლად შეამცირებს ადგილზე წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობას.”

 

ნიუ იორკის ცენტრალ პარკი 340 ჰექტარია და ის უშუალოდ მანჰეტენის 9 უბანს ესაზღვრება. ოლმსტედი თავის ცნობილ მიმართვაში, აფასებს როგორი უნდა იყოს საქალაქო პარკი: “გახსნილობა ერთადერთი რამაა, რასაც შენობებში ვერ ვიპოვით, მხატვრულობა მათში არის. იყოს თქვენი შენობები ისეთი მხატვრული, როგორსაც არტისტი მოისურვებს, ეს ქალაქის სილამაზეა. თუმცა, პარკების სილამაზე სხვა რამ უნდა იყოს. ის უნდა იყოს მინდვრისა და მდელოების სილამაზე. რისი მოპოვებაც გვინდა, ეს სიმშვიდეა.”

 

ავტორი: ლილე აბსანძე

მთავარი ფოტო: mapio.net

Facebook Comments
facebooktwitterpinterest