2016 წლის 17 ივნისს ტეიტ მოდერნის ახალი, დამატებითი შენობა მუზეუმისთვის ოფიციალურად გაიხსნა და დამთვალიერებლებს ახლი სახით წარუდგა. ნაგებობის დიზაინი ცნობილ არქიტექტურულ დუოს, ჰერცოგ დე მეურონს ეკუთვნის და ამით უკვე ნათქვამია, რომ ტეიტ მოდერნი კიდევ ერთხელ განიმტკიცებს თავის პოზიციას, როგორც ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი საკულტო მუზეუმი.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელ არქიტექტორებს წარსულშიც უმუშავიათ ტეიტ მოდერნისთვის. სწორედ მათი დიზაინით დაპროექტდა მუზეუმის ბოლო სართული/დამატება, მართკუთხა კონსტრუქცია, რომელიც 2000 წელს გაიხსნა. ჰერცოგ დე მეურონმა მოახერხა და ბენქსაიდის მიტოვებული ელექტროსადგური მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების საცავად გარდაქმნა. ეს სადგური მდინარე ტემზის სანაპიროზე მდებარეობს და მის ტრანსფორმაციამდე ადგილი კულტურულ ცენტრს არ წარმოადგენდა; ახალმა მუზეუმმა მოახერხა ამ ტერიტორიის განახლება და გამოცოცხლება.

სივრცე, რომელიც თავდაპირველად ელექტროსადგურის საქვაბეს ეკავა, გალერეებად, სასწავლო სტუდიებად და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად გადაკეთდა; ყოფილი ტურბინის დარბაზი კი მოზრდილი მონაკვეთია გალერიისა, რომელიც სპეციფიკური ღონისძიებებისთვის გამოიყენება. გახსნის დღიდან ტეიტ მოდერნში გამოფენილი ნამუშევრების რაოდენობა უფრო და უფრო მატულობს; დღესდღეობით ის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ, მრავალფეროვან კოლექციას ფლობს და წლიურად ხუთ მილიონამდე დამთვალიერებელს მასპინძლობს.

სვიჩ ჰაუსი (Switch House) გალერიის ახალი, ათ სართულიანი დამატებითი შენობაა, რომელმაც ტურბინის დარბაზის სამხრეთით მდებარე ადგილი დაიკავა. ჰერცოგ დე მეურონმა მასზე მუშაობისას ის გუნდი გააერთიანა, რომელთან ერთადაც 2000 წელს, ტეიტ მოდერნზე პირველად იმუშავა. შენობა ოცდაათი მეტრი სიგანის მიწისქვეშა ავზებზე დგას. სივრცის ასეთი ათვისებით ახალი და განსხვავებული ფართი თავისუფლდება მუზეუმისთვის. ამ ნულოვანი დონის ზევით სამი სართულია მსოფლიო დონის გალერეებისთვის; მათი ზომა პატარა, ინტიმური გარემოდან ფართო, განათებულ სივრცემდე იცვლება. საგამოფენო დარბაზებს სასწავლო აუდიტორიები, მაღაზია (სადაც გამოფენასთან დაკავშირებული პროდუქცია გაიყიდება), რესტორანი და ბარი ემატება, რაც სახურავზე მდებარე ტერასით ბოლოვდება, რომელიც ლონდონის 360 გრადუსიან პანორამულ ხედს გვთავაზობს და ღიაა არა მხოლოდ მუზეუმის სტუმრების, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვისაც. სვიჩ ჰაუსის პირველი და მეორე სართულიდან ტეიტ მოდერნის დანარჩენ ნაწილში მოხვედრაა შესაძლებელი, ხოლო მეხუთე სართულის დონეზე შენობებს ერთმანეთთან ხიდი აკავშირებს.

დაახლოებით 65 მეტრი სიმაღლის ბეტონის სტრუქტურა პირამიდის ფორმის კოშკს წარმოადგენს; მისი ფასადი 336000 აგურის პერფორირებული ბადითაა დაფარული, ამით დიზაინერები შეეცადნენ, რომ შენობის ზედაპირის პირვანდელი სახე ნაწილობრივ მაინც შეენარჩუნებინათ. ასეთი უნიკალური ფასადი სინათლეს საშუალებას აძლევს შენობაში შეაღწიოს დღის განმავლობაში, ხოლო საღამოს შიგნიდან გამომავალი შუქის წყალობით გალერეა ზღაპრული, მანათობელი სახით გვევლინება. საქვაბეში განთავსებული გალერეების მსგავსად, ახალშიც ვიწრო, ვერტიკალური ფანჯრებია დამონტაჟებული, რომლებსაც ზედა სართულებზე გრძელი, ჰორიზონტალური ფანჯრები ემატება; მნახველს საშუალება ეძლევა ისიამოვნოს არა მხოლოდ შესანიშნავი ხედით, არამედ ფასადის დეტალებითც. შენობის სართულებს ერთმანეთთან სპირალური კიბე აკავშირებს, რომლის გარშემოც მრავალი მყუდრო ნიშაა მოსასვენებლად და ხელოვნებაზე სალაპარაკოდ.

სვიჩ ჰაუსმა ტაიტ მოდერნის გალერიის სივრცე თითქმის ორჯერ გაზარდა. დიზაინი ფორმებისა და მასალის თვითმყოფადი და უნიკალური სტილით გამოირჩევა, მაგრამ საერთო სურათიდან და თემიდან, რასაც ტეიტ მოდერნი ქმნის, არ ამოვარდნილა. ხელოვნება არაა სტატიკური და მუდმივად განიცდის ცვლილებას, ვითარდება, იხვეწება; მუზეუმი კი ამ პროცესებს უწყობს ფეხს. ჰერცოგ დე მეურონის ახალი შენობაც სწორედ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ტეიტ მოდერნის ისტორიაში.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest