ქრისტო კლოდმა თქვა: „მჯერა, რომ ხელოვნების ყოველი ნაწარმოების საუკეთესო დროა პერიოდი, როდესაც ის შესრულდა, ამის შემდეგ კი ხდება მისი მუდმივი ტრანსფორმაცია.“ – თამარის ნამუშევრებიც თითქოს ასეა – მათ აქვთ მიზანი, რასაც მხატვარი ნარატივით გადმოსცემს, სიმბოლიკა, რაც მის კომპოზიციებში მსუყედაა მიმოფანტული და პერსონაჟები – რომლებიც თავიაანთი გამომსახველი ფერებითა და ფორმით თითქოს ნამუშევრიდან გადმოსვლას და რეალურ სამყაროში არსებობას აპირებენ.

თამარი ამბობს, რომ ხელოვნებაში გავლენების ქონა ბუნებრივი პროცესია. შეიძლება ასე ცალკე ტექნიკას ან ინდივიდუალური ხედვის საწყისებს ფლობდე, მაგრამ როცა ორივე ნაწილს ამთლიანებ შემდეგ გავლენის ქვეშ ნამუშევრის შექმნის შიში თავისთავად ქრება და ყველაფერი უფრო გაცნობიერებულად და ნაყოფიერად ვითარდება.

მთავარი მიზანი და დაკვირვების ობიექტი ადამიანია. ადამიანის გარშემო აგებული სიუჟეტები, მათი მრავალრიცხოვნება და ექსპრესიულობა თამარის ნამუშევრებში ადვილად ამოსაცნობი და შესამჩნევია.

ხელოვნებას შეუძლია ცვლილებების შეთავაზება საზოგადოებისათვის ან ყურადღების გამახვილება იმ დროისთვის აქტუალურ საკითხებზე, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეგზისტენციალური, ფოლოსოფიური, ფსიქოლოგიური თუ სხვა. ამ შემთხვევაში ჩემი ნამუშევრები ასახავს ამ კითხვებს, რადგან ვარ ამ გარემოს პროდუქტი და მაინტერესებს ცვლილებები. წარმოვიდგინოთ რომ ეს თემები ბუნებრივად ილექება ჩვენს გამოცდილებაში, გვიჩნდება კითხვები, განსხვავებული აზრი და შემდეგ გამოვხატავთ მას როგორც გადამუშავებულ ინფორმაციას.

ვფიქრობ, ხელოვნება და აქტივიზმი, ორი განსხვავებული მედიუმია. არ ვემხრობი, როცა ხელოვნების ენით ხორციელდება ამა თუ იმ იდეოლოგიის ან პოლიტიკური მესიჯის გატარება. რა თქმა უნდა ყველა სახის ხელოვნებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ხელოვნება,რომელიც მნიშვნელოვან ღირებულებებს არ ეყრდნობა, მალე ქრება, განსაკუთრებით კი ისეთი ხელოვნება, რომელიც აშკარა მანიპულაციას ახდენს მის მომხმარებელზე, საზოგადოების ან ერთი კონკრეტული პიროვნების საკეთილდღეოდ.“

 

‘ქართველი მხატვარი’ – რამეს ამბობს ეს ორი სიტყვა შენთვის და ზოგადად, არის თუ არა რამე მიმართულება, რაშიც კომფორტულად ხარ და მიჰყვები თუ პირიქითაა და ამ კალაპოტებისგან მუდმივად გაღწევას ცდილობ?

თანამედროვე სამყაროში ყველაზე მეტად ჩანს, რომ მნიშვნელოვანია ადამიანის იდეა, ინდივიდუალური აზრი და არა მისი გენდერი, ეროვნება ან აღმსარებლობა. ყოველ შემთხვევაში მე რატომღაც ვერ ვიხსენებ ჩემი საყვარელი მხატვრების ზუსტ ეროვნებას. მგონია ხელოვანი, რომელიც ღირებულ ნამუშევარს ქმნის, მნახველი საკუთარ შეგრძნებას, ფერს ან მოგონებას პოულობს ამ ნამუშევარში, თუნდაც ეროვნებით ან კულტურით სხვა და სხვა ქვეყანას ეკუთვნოდნენ. მე თვითონ, როგორც ამ გარემოს ნაწილი მოვიხმარ და გამოვხატავ იმ ინფორმაციას, რაც ჩემში ან ჩემს გარშემო მიმიდნარეობს და მაინტერესებს. იქნება ეს ქართული მითოლოგია, ისტორია ან სხვა. ამ თემებს ვამუშავებ იდეის შესაბამისად, რაც ეროვნებაზე, ფოლკლორზე ან რამე სხვა ცნებაზე უფრო მაღლა დგას ჩემთვის.

 

შენს ნამუშევრებში ხშირად ბევრი პერსონაჟი და ნივთია, თითქოს სიუჟეტი ვითარდება ან უცებ წყდებარა ხდება, რამე კონკრეტული დანიშულება აქვთ ამ ადამიანებს და საგნებს მათ თუ როგორც დეკორაციას ისე იყენებ?

თუ განვმარტავთ, რომ დეკორაციაში ყოველ ელემენტს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მთლიანობაში დეკორატიული ნამუშევარი მიმართულია სილამაზის ესთეთიური ტკბობისკენ, მაშინ ჩემ ნამუშევრებშიც ყოველ ელემენტს აქვს დატვირთვა. ვთვლი, რომ შინაარსობრივად უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს, თუმცა მთლიანობაში ის მიმართულია აზროვნების და ემოციური ნაწილის გამთლიანებაგამოხატვისკენ და არა სილამაზის ესთეტიური ტკბობისკენ ამიტომ, არა, როგორც დეკორაციას არ ვიყენებ ვიზუალურ ელემენტებს ჩემს ნახატებში.

 

რა როლი აქვს ტექნოლოგიასა და სოციალურ ქსელებს შენთვის? მათთან ერთად ცდილობ არსებობას თუ გაურბიხარ, რომ შენი, როგორც ადამიანის ძირითადი ემოციების გაუფასურება და სხვებთან ურთიერთობებში გაუცხოვება არ გამოწივიოს?

ტექნოლოგიების და სოციალური ქსელების მოხმარება სხვადასხვანაირად შეიძლება, გააჩნია მომხმარებლის ინტერესს: მიიღოს ინფორმაცია, პროფესიული საქმიანობისათვის, ურთიერთობებისათვის, დროის მოსაკლავად, სიცარიელის და მარტოობის დასათრგუნად თუ ყველაფერი ერთად. ინტერნეტი და სოციალური ქსელები არ მოგეჩვენება ურჩხულად როცა შეიძლება მისი მიღების დოზა უმტკივნეულოდ მცირე იყოს, როცა იაზრებ, რომ რეალური ცხოვრება მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესოა . ხელოვნებაში და კულტურაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა ინტერნეტით ინფორმაციის მიღებამ და კომუნიკაციამ, განსაკუთრებით საქართველოსათვის, პოსტ საბჭოთა ქვეყნისათვის, სადაც ხელოვანები ორმაგ ინფორმაციას ამუშავებენ, ის რაც ევროპამ გაიარა მეოცე საუკუნეში, როცა ჩვენთან ინფორმაციული ვაკუუმი იყო და აწმყო, ციფრული კულტურა და სამყარო 21ე საუკუნეში.

 

აკვარელი არის შენი ხელოვნების გამოსახვის მთავარი იარაღი. რა თვისებები შეიძინა ამ ტექნიკამ შენს ხელში და მთავარი აღმოჩენა, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გააკეთე, როგორც მხატვარმა?

ფურცლის და აკვარელის შესაძლებლობები ვითარდება ჩემ შემოქმედებით პროცესთან ერთად. დავიწყე მსუბუქი ტექნიკური შესრულებით და განვავითარე საღებავის უამრავი ფენითა და დეტალით უკვე დამთავრებულ ნამუშევრებად. აკვარელი არის საღებავი, რომელიც ბევრი წინასწარ მომზადების გარეშე, მომენტალურად მაძლევს საშუალებას დავიწყო ხატვა, ყველანაირ სივრცეში და ამავდროულად მაძლევს დროს, რომ შენელებული პროცესის საშუალებით განვსაზღვრო იდეის ფორმა. ფურცელი ყველაზე ბუნებრივი მატერიაა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეხები და ამიტომ ამ ორ მასალაში მუშაობა ჩემთვის თევზისა და წყლის ამბავივითაა.

 

 

ესაუბრა: ნანა ზაალიშვილი

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest