საუბარი თამარ მაღლაფერიძესთან დღევანდელი დღით დავიწყეთ და დროის შკალაზე ნელ-ნელა უკან წავედით. მისი ბოლო ნამუშევარი, რომელიც ჯერ კიდევ პროცესშია ძალიან ემოციური და ექსპრესიულია. მიუხედავად იმისა, რომ მასზე თვითონ არ არის გამოსახული, ტილო მხატვრის არსებულ განწყობას გადმოსცემს. ფერმწერის წინა ნამუშევრები ბევრად უფრო მშვიდია, თემატიკაც და ტონალობაც გაცილებით რბილი. ადამიანების გამოსახულებები და ფიგურები წყნარ სტატიურ მდგომერეობაში მოცემული და რაც ძალიან საინტერესოა, ოქროსფერ ფონზე განთავსებული.

ცოტათი უფრო უკან თუ გავიხედებით და „მელანინი“-ს სერიის ფერწერას შევავლებთ თვალს, ის ცოცხალი მზერითა და ინდივიდუალური კანის ფერით, მიმიკითა და მისთვის შესაფერისი ხალისით არის სავსე. როგორც ავტორი აღნიშნავს, პროცესში ბევრი საინტერესო ნიუანსი აღმოაჩინა და ოდნავ უტრირებულად გადმოსცა, რათა ეს თავისებურებები წინა პლანზე წამეოწია. მათზე ადრე გამების სერია იყო. მიმზიდველი მათი მისტიურობით „თითქოს ჩაძირულები, მაგრამ დინამიური, არა დეპრესიული და ცოცხლები“ – ასე აღწერს მათ ავტორი.

ამ დროის მანძილზე მხატვრის ინტერესებისა და განწყობილების ცვლილებასთან ერთად, შეიცვალა ტილოების მასშტაბიც. „გემების“ სერიის – 40X50 თითქმის მინიატურული გამოსახულებები და დღეს ადამიანების ფიგურები ორ მეტრამდე სიგრძე-სიგანის ტილოების შედარება საგრძნობ კონტრასტს გვაძლევს. თემატიკასთან ერთად მისი გამოხატვის ფორმა და სიბრტყის ფართობიც იცვლება. ის ზოგჯერ საკუთარ თავსაც ხატავს. თუმცა მისი სახე ყოველთვის ნაწილობრივ დაფარულია – ხან სათხილამურო სათვალით, ხან კიდევ სხვა რაიმე ფორმით.

 

 

დღეს მისი პერსონაჟები თანამედროვე ადამიანები არიან, ოღონდ ცოტა აბსტრაქტული. ამ აბსტრაქციის შეგრძნებას გმირების გარემოცვა, მდგომარეობა ან რაიმე თითქოს უმნიშვნელო დეტალი, მაგალითად ფრანი, ქმნის. “ნამუშევრებს სათაურებს იშვიათად ვურჩევ. ისინი მათ ზღუდავენ, მნახველს და ნამუშევარს ჩარჩოში სვავენ“ – სწორედ ამიტომ, მათი უმრავლესობა უსათაუროა.

 

 

ძველი კინოსტუდიის ერთ-ერთ მიტოვებულ კორპუსში განთავსებული მისი სახელოსნო, მხატვარს თავიდან მიუჩვეველი და გზად გასავლელი ძველი ინვენტარით სავსე დერეფანი ცოტა საშიშიც კი ეჩვენებოდა, თუმცა ახლა მისი სივრცის მშვიდი აურა ეხმარება მუშაობაში. თამარ მაღლაფერიძის ერთ-ერთი სამომავლო პროექტი სწორედ ამ შენობას და მის დანარჩენ „ბინადრებს“ უკავშირდება. გაზაფხულზე ამავე კორპუსის ერთ ნაწილში აქ მომუშავე რამოდენიმე ხელოვანი ერთად გეგმავს საკუთარ სივრცეში სტუმრების დაპატიჟებას. გარდა ამისა, მეტად კონკრეტული გეგმა 2016 წლის 9 მარტისთვის არის განსაზღვრული, ამ დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში მისი პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

თამარ მაღლაფერიძის სხვა ნამუშერები და საინტერესო ვიდეოარტი შეგიძლიათ იხილოთ მის გვერდზე:

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest