დამფუძნებლები: აიკუბ პოლაგი და ვაცლავ მლინაჟი

წელი: 2012-2013

ფოტო: მარტინ შუმი | ლიუსი მლინაროვა

 

Studio deFORM ლონდონში მოღვაწეობს და ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, რომელიც კომერციულ და კრეატიულ მხარეებს აერთიანებს. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ავტორები წარმოადგენენ საკუთარ ეროვნულ საგანძურს, მინაზე მუშაობის ხელოვნებას. ამჯერად, IDAAF-მა გადაწყვიტა დაეწერა „ტრანსმისიის“ სერიის შესახებ და ინტერვიუ ჩაეწერა ავტორებთან. პირველი და ჩვეული შეკითხვა იყო – რამ შთაგაგონათ ამ სერიის პროდუქტის შექმნა? რატომ შეურჩიეთ მას სახელი „ტრანსმისია“?

„პროდუქტის შექმნა თავდაპირველად დაიწყო კომპანია Kavalier-ის წარმოების შესაძლებლობების დემონსტრირებისათვის. იგი დაპროექტდა ლონდონ ოლიმპიკსის გამოფენაზე ჩეხურ ეროვნულ პალატაში წარსადგენად. სახელწოდება ავირჩიეთ ვიზუალური ინსპირაციიდან გამომდინარე, რომელიც ძველი ტრანსმისიების ფორმიდან და სატელევიზიო ანძებიდან მოდიოდა.“

იატაკის სანათის შემთხვევაში, მეტალისა და მინის ნაწილების გეომეტრია რადიკალურად განსხვავებულია, რატომ მოხდა ეს ასე და როგორ მოახერხეთ მეტალის სწორხაზოვანი სტრუქტურისა და მორკალული რბილი მინის გაერთიანება?

„ეს ნაწილები შესაძლოა გეჩვენებოდეთ ძალიან განსხვავებულად, მაგრამ ჩვენთვის ისინი ნამდვილად ქმნიან ჰარმონიას. უფრო მეტიც, მინა შესაძლოა ვიზუალურად ძალიან მსუბუქად გამოიყურებოდეს, თუმცა სინამდვილეში მეტალის კონსტრუქციას მისი 40 კილოგრამამდე წონა უჭირავს. გარდა ამისა ჩვენ გვინდოდა ინდუსტრიით შთაგონებული ნივთის შექმნა და ვინაიდან გამოფენა, რომლზეც ის პირველად წარვადგინეთ, ეძღვნებოდა ჩეხეთის ინდუსტრიას, გვინდოდა შეგვექმნა შთაბეჭდილება თითქოს მისი ქვედა ნაწილი ინჟინრის, ხოლო ზედა კი ხელოვანის მიერ არის შექმნილი.“

 

 

რა იყო მინის ნაწილისთვის მრავალშრიანი სტრუქტურის შექმნის მიზეზი?

„ამ კითხვას ნივთის ძირითად ფუნქციასთან მივყავართ. Kavalier, კომპანია რომელმაც დაამზადა პროდუქტი სპეციალიზირებულია ბოროსილიკატურ მინაზე და მისი დადუღების ტექნიკაზე. ჩვენ გვინდოდა ეს პროექტი ყოფილიყო მათთვის გამოწვევა და საშუალება მათი შესაძლებლობების გამოვლენისათვის. ტრანსმისია დღესაც მათ მიერ შესრულებულ ყველაზე რთულ პროექტად რჩება.“

რა იყო თქვენი ჩანაფიქრი, როდესაც ქმნიდით მაგიდას მინის საყრდენით?

„პროექტირებისას ათვლის წერტილი ჩვენთვის იყო ტექნოლოგია რომელთანაც ვმუშაობდით. მაგიდის ფეხები სქელი ბოროსილიკატური მინისგან არის დამზადებული და მიუხედავად იმისა, რომ ისინი მყიფე ჩანს, სინამდვილეში ხისტი და ფუნქციონალურია. მისი სადმე წარდგენის ან დემონსტრირებისას ხშირად ჩვენვე გვიწევს მაგიდაზე დაჯდომა, რადგან ხალხს ხანდახან მისი გამძლეობის არ სჯერა.“

 

 

როგორია Studio deform-ის სამომავლო გეგმები. ხომ არ გაგვიზიარებდით რომელიმე მიმდინარე პროექტის შესახებ სიახლეს?

„ვაცლავი სადაცაა დაამთავრებს ლონდონში, ბრიტანეთის ხელოვნების სამეფო კოლეჯს და პრაღის გამოყენებითი ხელოვნების აკადემიას. მე შარშან მოვრჩი სწავლას, ასე რომ შევეცდები მას მივეხმარო. ასევე ვმუშაობთ ახალ კოლექციაზე, რომლის გაშვებასაც ვაპირებთ ნიუ იორკში ახალი წლის დასაწყისისთვის და ვიმედოვნებთ მის დემონსტრირებას Salone de Mobile-ზე.“ – აიკუბ პოლაგი

 

Studio deformის სხვა ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ მათ გვერდზე.

 

 

 

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest