სტივენ ჰოლი არქიტექტორების მიერ დაპროექტებულ „კოპენჰაგენის ჭიშკარზე“, სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. ეს პროექტი დანიის დედაქალაქის სილუეტს ორ საკულტო კოშკს შემატებს, რომლებიც ქალაქის განვითარებაზე გავლენას ნამდვილად იქონიებს. ეს ორი შენობა თავადაც მოძრაობის შთაბეჭდილებას ქმნის და ამავდროულად ერთმანეთთან ასიმეტრიულ კუთხეს ქმნის. შენობების მთავარი ელემენტი ვიწრო საფეხმავლო ხიდია, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს და რომელსაც ველოსიპედის ბილიკიც დაემატა. თავდაპირველად, როდესაც სტივენ ჰოლმა ეს კონკურსი მოიგო 2008-ში, პროექტის განხორციელება ეკონომიკური კრიზისის გამო გადაიდო, თუმცა როგორც იქნა, მშენებლობა 2016 წლიდან განახლდება.

შენობის დიზაინმა 2010 წელს პროგრესული არქიექტურის ჯილდო მიიღო. კონკურსი მოითხოვდა 150 მეტრიანი საფეხმავლო ხიდის გაკეთებას ნავსადგურის ზემოთ, რომელიც პირდაპირ დააკავშირებდა ბინებს და ოფისებს კოპენჰაგენის რკინიგზის სადგურთან. ხიდი ფეხით მოსიარულეებს თავიდან არიდებს 2.2 კმ სიგრძის მარშრუტს და ამავდროულად არცერთი კოშკი არ არის საზოგადო ტრანსპორტის გაჩერებიდან 500 მეტრის რადიუსზე შორს.

სტივენ ჰოლის იდეა იყო დაეპროექტებინა ქალაქის ნავსადგურისთვის ახალი შესასვლელი: ორი კოშკი; ორი ხიდი; ორი სხვადასხვა ორიენტაცია. არქიტექტორებმა ორივე შენობას სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვა მიანიჭეს. პირველი კოშკი ზღვისკენაა მიმართული, ხოლო მეორე ქალაქისკენ. მდებარეობა ისტორიულ ასპექტებს შეიცავს: ადგილს, სადაც პროექტი აშენდება ლანგელინი (Langelinie) ქვია, ანუ გრძელი ხაზი. ლანგელინი კოპენჰაგენის პირსია, სადაც ცნობილი ქალთევზას ქანდაკება დგას. რამდენიმე საუკუნეა პირსი სამოგზაურო გემების ნავსაყუდელი და ტურისტების საყვარელი ადგილია. ერთ-ერთი კოშკის დიზაინში (ლანგელინის კოშკი) სწორედ ლანგელინის გეომეტრიული ფორმებია გამოხატული. გემბანს მიმსგავსებული მეორე, (მარმორმოლენის კოშკის) ტერასებიდან კი ქალაქის ხედი იშლება. იგი გარემოს უკავშირდება მთავარი ტერასით, რომელზეც მოხვედრა ესკალატორებითა და განიერი საზოგადოებრივი კიბეებითაა შესაძლებელი. ტერასა ხიდის სიმაღლეზეა და მთავარ ვესტიბიულს უერთდება, რომლის გარშემოც რესტორნები, კაფეები და გალერეებია განთავსებული.

თითოეული კოშკიდან მეორეს მიმართულებით ხიდი გამოდის, რომლებიც ერთმანეთთან კუთხეს ქმნის, და შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს შენობები ერთმანეთს ხელს ართმევენ ნავსადგურის ფონზე. კოშკები შემინულია. ხიდისა და შენობის კონსოლების ქვედა ნაწილები კი ღია ფერის საღებავებით არის დაფარული, რომლებიც არქიტექტორებმა ნავსადგურის ფერებიდან აარჩიეს. ლანგელინის კოშკის კონსოლები ნარინჯისფერია, მარმორმოლენის – ყვითელი. ღამის განათებისას საღებავის ფერები წყალში ნახატებივით ირეკლება. კოშკების უჩვეულო ფორმები ქალაქის კონტურში ნამდვილად შთამბეჭდავ სურათს ქმნის.
ავტორი: თამთა ჯუგაშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest