„მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ ვარ ორი მინისტრი – საქართველოს პრემიერ მინისტრი და მთის მინისტრი“ – გიორგი კვირიკაშვილი (საქართველოს პრემიერ მინისტრი)

თბილისიდან ჩრდილოეთით, თერგის ხეობაში დაბა სტეფანწმინდა მდებარეობს. ყაზბეგის მყინვარწვერისა და გერგეტის სამების შთამბეჭდავი ხედებით გამორჩეული, სალი კლდეებით შემოსაზღვრული და მწვანე ფერის გამაში ჩაკარგული სახლების სახურავებით, ადგილი, სადაც ვიზიტორების ნაკადი წელიწადის ნებისმიერ დროს აურაცხელია.

დაბაში, ალექსანდრე ყაზბეგის სახლში დღეს სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი ფუნქციონირებს, რომელსაც ამჟამად რეკონსტრუქცია უტარდება. მუზეუმში ადგილობრივი ცხოვრების შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვიგებთ, თუმცა დღეს ამ ადგილს შთამბეჭდავი მთების გამო უფრო სტუმრობენ და გერგეტის სამებამდე მისასველი off road ტურები ვიზიტორების მატებასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

2016 წელს საქართველომ 6 მილიონ ტურისტს უმასპინძლა. ეს ძალიან კარგი ამბავი ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მეექვსმილიონე ტურისტის შთამბეჭდავი დახვედრით აღნიშნა და ამით გაუსვა ხაზი საქართველოთი ვიზიტორების უფრო და უფრო მეტ დაინტერესებას.

ეს ფანტასტიური ამბავი, თითქოს ფასს კარგავს, როცა საქართველოს ტურისტული ადგილების მონახულებისას იქ არსებული სიტუაცია და ინფრასტრუქტურა არ შეესამაბება იმ ესთეტიკას, რასაც ტურისტებით დატვირთული ადგილი ცოტათი მაინც უნდა აკმაყოფილებდეს და ესთეიკა ყველაზე მცირედია იმ პრობლემებს შორის, რაც მაგალითად დაბა სტეფანწმინდას დღეს აქვს.

წლევანდელი ტურისტული სეზონი გაიხსნა თუ არა, სტეფანწმინდაში არსებულმა ურბანულმა ქაოსმა და ინფრასტრუქუტურულმა მოუწესრიგებლობამ უფრო მიიქცია ყურადღება, ვიდრე კავკასიონის დათოვლილი კლდეების შთამბეჭდავმა ხედებმა.

დავიწყოთ თავიდან:

 

ავტოსადგურად ქცეული ქალაქის ცენტრი

სტეფანწმინდაში ჩასვლისთანავე ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის გასწვრივ, ქალაქის მთავარ მოედანზე სახელდახელოდ და ქაოსურად მოწყობილი მასიურ პარკინგზე მოხვდებით, სადაც მანქანები დამსვენებლებს გერგეტის სამებამდე აყვანას სთავაზობენ. მშვენიერი სერვისია, თუმცა ქალაქის ცენტრის, ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ურბანული ადგილის ავტოსადგურად ქცევა რატომ გახდა საჭირო გაურკვეველია.

ცხადია სტეფანწმინდაში ვიზიტი გერგეტის მონახულების გარეშე არ ჩაივლის. გადაუხვიეთ სამების გზაზე და პირველივე რაც თვალში მოგხვდებათ, მარჯვნივ ტყეში განთავსებული უამრავი სამარშტო ტაქსი და სხვა ტიპის მაქანაა, რომლებსაც ძირითადად ექსკურსიები ჩამოჰყავთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. ტყე არის პარკინგად ქცეული, სავსე მაქანებით, სხვადასხვა ტიპის გამონაბოლქვითა და ამ გარემოში მორბენალი ბავშვებით.

გზა

გასცდებით ამ ქაოსს ტყეში და ყურადღებას ახლა გზა მიიქცევს, რომელიც დასახლებულ პუნქტში მთლიანად გაუმართავია, ანუ გზის საფარი არ აგია დაბის იმ ნაწილში, საიდანაც გერგეტისკენ გზა ადის და შესაბამისად მუდმივად მტვერი დგას. მტვერი კი არა, ბუღი უფრო და პარალელურად ეს ქვეითების გზაცაა, ანუ ადგილობრივები თუ მუდმივ მტვერში ცხოვრობენ, იმ ვიზიტორებმა, ვინც ფეხით გადაწყვიტეს აქაურობის მონახულება, ამ საშინელ ქაოსში უწევს მოძრაობა. ამაზე საწყალი სანახაობა არსად გენახოთ.

 

Offroad გერგეტამდე

დასახლებულ პუნქტს გასცდებით თუ არა აქტიური ოფროადის გზა და თავგადასავლები იწყება, რაც მე თუ მკითხვათ დიდად სახალისო რამეა და ეს გზა ასეც უნდა იყოს. სეზონზე ვიზიტორების სიმრავლესთან ერთად ეს მონაკვეთიც გადატვირთულია და შესაბამისად, გზის ვიწროვის გამო ხშირად სამანქანო რიგში გიწევთ ლოდინის რეჟიმში ყოფნა. ხედები- შთამბეჭდავი, ყავისფერი ციყვები ადამიანებს არ ერიდებიან ისე ეზიდებიან სანოვაგეს ფუღუროებისკენ, ხოლო ფეხით მოსიარულეები მანქანების რაოდენობას გაცილებით აღემატებიან ვიწრო, ძალიან დახრილ ბილიკებზე. თუ გაგიმართლათ მოახერხებთ გარემოთი ბოლომდე დატკბობას, თუ არადა შეიძლება ადგილობრივი მძღოლების მხრიდან არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

ამ ვიწრო გზაზე, სამანქანო რიგში დგომისას (მოპირდაპირე მხრიდან მომავალი მანქანებისთვის გზის დათმობა უწევთ ხშრად მძღოლებს) ტაძრამდე აყვანა-ჩამოყვანის ბიზნესით დაკავებული ადგილობრივი მძღოლის ან ტურკომპანიის წარმომადგენლის ავტომობილი იწყებს გაუთავებელ სიგნალს. გამოუცდელებმა, თავიდან შეიძლება იფიქროთ, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება, მაგრამ სინამდვილეში გზის დათმობას ითხოვს, აგრესიულად და უზრდელურად, მაგრამ რადგან გზა ვიწროა და ფიზიკურად არ არის დათმობის საშუალება, ყველა უცვლელად იკავებს თავის სამანქანო რიგს. სიგნალები უფრო აქტიურ ფაზაში შედის და ერთ-ერთ მონაკვეთში საავარიო სიტუაციის შექმნისა და საშიში მანევრის შემდეგ ეს კონკრეტული „მოსიგნალე“ ახერხებს გასწრებას.

შემდეგ არის ნერვების მოშლა, გაღიზიანებული მგზავრობა და გერგეტთან ისევ ქაოსური პარკინგი, მართლაც შთამბეჭდავი ხედები, ღრუბლებში ჩაძირული სტეფანწმინდა და ბევრი ფოტო.

უკან წამოსვლისას ძალაუნებურად პოზიტიურ განწყობაზე ხართ. შუა გზაზე ისევ მანქანების დატვირთული მოძრაობაა და ისევ სიგნალები იწყება. ამჯერადაც ადგილობრივი ცდილობს რაღაც ხერხებით ამ კოლონას სათავეში ჩაუდგეს. ასიგნალებს განუწყვეტლივ, ოღონდ ჯერ სადღაც შორიდან, შემდეგ როგორღაც ახერხებს წინ გადმონავლებას და ახლა ხელებით განიშნებთ რაღაცას და სწორედ იმ მომენტში როცა ფიქრობთ, რომ რაღაც მოხდა ისევ ძალიან სწრაფი და საშიში მანევრით ასწრებს კოლონას წინ.

ისევ ნერვების მოშლა, მანქანებიდან ისმის ლანძღვა-გინება და ერთ მომენტში ფიქრობ, არის მზად არის ადგილობრივი მოსახლეობა შესაბამის მოსმახურების შესათავაზებლად?

შესაბამისად ქვეყანაში ტურმიზმის განვითარების ამ ეტაპზე, თუ პრემიერ მინისტრი მეექვსმილიონე ტურისტის დახვედრასთან ერთად ადგილობრივების გადამზადებაზეც იზრუნებდა ტურისტულ ზონებში, კარგი გამოსავალი იქნებოდა პირველ რიგში ადგილობრივებისთვის ეფექტური ინფრასტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად და მომსახურების სფეროს გასაუმჯობესებლად. ყველაზე მეტად კი, დღეს საქართველოს ტურისტურ რეგიონებს მომსახურების სფეროს განვითარება აკლიათ, თორემ ბუნება და კერძები რომ გადასარევი გვაქვს ამაზე ვინღა დაობს?!

 

კაფე-რესტორნები

ფოტოებში ხედავთ კაფე რესტონების არსებულ სიტუაციას სტეფანწმინდაში. ღია კაფეები, სტეფანწმინდის ბუნება/კულტურისთვის შეუსაბამო ვიზუალით. საკვები ობიექტები ყველანაირ ხასიათს მოკლებული, სტეფანწმინდაში ისვენებ თუ, მაგალითად რომელიღაც ღატაკი სახელმწიფოს სოფელში ვერ გაარჩევ.

 

ახალი მშენებლობები

ახალი მშენებლობები სტეფანწმინდაში აქტიურად მიმდინარეობს. მაგალითად, იქ სადაც გერგეტის ხედი იყო, ახლა მას ნაწილობრივ სასტუმრო ფარავს და რატომღაც ეს ნორმალურია. თუმცა ერთი რამ, რაც ამ ახალ მშენებლობებს აუცილებლად შეამჩნევთ მათი არქიტექტურული სტილია, რომელიც აქ საიდან მოვიდა და რა შუაშია სტეფანწმინდის ხასიათთან გაურკვეველია. ამ მხარეს ქვების ნაირსახეობა აქვს და ბუნებრივი საშენი მასალით მდიდარ მხარეში, რატომ უნდა მოგაფიქრდეს ფოტოებზე აღბეჭილი მასალებითა და ფერებით ნაგებობების მშენებლობა, დიდად გაურკვეველი ამბავია.

 

გამოსავალი

სტეფანწმინდა საქართველოს განძია. ყველაფერი: კულტურა, ტრადიციები, ხალხი, ბუნება და ისტორია, რომელმაც ეს ადგილი დღემდე ასეთი სახით შემოგვინახა.

თუმცა ROOMS-ის კომფორტული სასტუმროდან დანახული ხედები და ინფრასტრუქტურა საერთოდაც არაა ისეთი კომფრტული, როცა ამას უშუალოდ ქალაქის ურბანული ნაწილიდან შეხედავთ, ამიტომ სანამ თბილისი და ბათუმივით ამ ქალაქსაც დავკარგავთ, ზომები ახლავე უნდა იქნას მიღებული.

 

სტეფანწმინდის გენერალური გეგმა

როგორც საქართველოს ყველა ქალაქი, სტეფანწმინდაც გენგეგმის გარეშე ვითარდება. ნებისმიერი ქალაქის ურბანული ქაოსიდან გამოსავალი კი გენგეგმის გამართულობაა და რადგან სტეფანწმინდას ურბანული განვითარების გეგმა საერთოდ არ გააჩნია, ამ შემთხვევაში პირველი ნაბიჯი დაბისთვის გენერალური გეგმის მომზადება უნდა იყოს. ამ ეტაპზე ეს ცოტა არა რეალურადაც კი ჟღერს თბილისის გენგეგმის შემყურე, მაგრამ ეს პატარა დაბაა და გენგეგმა აქ შედარებით ადვილად მოსაგვარებელი ამბავია.

სწორად შედგენილი გენგეგმა ქალაქის ჰარმონიულად ფუნქციონირების გასაღებია.

რაც შეეხება გენგეგმის შემსრულებელ ჯგუფს, მე პირადად გენგეგმაზე გამოცხადებული კონკურსების არ მწამს, რადგან საქართველოს ამ ეტაპზე არ ჰყავს კონკურენტიანი არქიტექტორ-ურბანისტთა გუნდები, რომლებიც გენგეგმის დამუშავების პროექტს ჩაიბარებენ. ჩემი აზრით, აქ უნდა გამოცხადდეს კონკურსი თითოეული წევრის შესარჩევად და სამუშაო გუნდის შესაკრებად, სადაც ასევე იქნებიან უცხოელი სპეციალისტები, რომლებსაც მსგავს თემებზე მუშაობისა და განხორცილიების გამოცდილება აქვთ. უამრავი კარგი ახალგზარდა არქიტექტორია ქვეყანაში, რომლებიც სიამოვნებით დათანხმდებიან ერთ გუნდში მუშაობის იდეას და თავისი გამოცდილების გაზიარებას. გუნდმა უნდა შექმნას გენგეგმა, რომლითაც ეს ქალაქი იხელმძღვანელეს და რამდენიმე წელში მივიღებთ მხოლოდ ტურისტებისთვის კი არა, ადგილობრივებისთვისაც კომფორტულად საარსებო ქალაქს.

გენერალურ გეგმაზე უნდა მოხდეს ზონირება: საცხოვრებელი, საწარმოო და რეკრეაციული ზონები უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს. დაგეგმარდეს გზები, ტროტუარები, ველო ბილიკები და სხვა სამოძრაო ზოლები. უნდა განისაზღვროს სიმაღლის კოეფიციენტები, განაშენიანების ინტენსივობია და დაწესდეს შეზღუდვები, შესაბამისად, რამდენიმე წლის შემდეგ არ წავაწყდებით არა სასიამოვნო სიტუაციას, როცა ქვით ნაშენი მამაპაპური სახლის გევრდით ყვითელი ფერის მაღალსართულიანი სასტუმრო აშენდება, რაგდან ამ გენგეგმით განისაზღვრება ქალაქის არქიტექტული იერსახე, რაც მსგავს და ამ ფოტოებში წარმოდგენილ არსებული არქიტექტურის „ნიმუშებს“ აკრძალავს.

 

რა სჭირდება დღეს სტეფანწმინდას?

როგორც საქართველოს ყველა მცირე ზომის დაბა-დასახლებებს, სტეფანწმინდასაც ბევრი რამ სჭირდება, რაც მოსახლეობას ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში წაეშველება. აქაურობას სჭირდება სამთავრობო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ერთ კონკრეტულ კონფერენციაზე თავის გამჩენას კი არა, ადგილობრვების მოთხოვნებს რეალურად მოემსახურება , იქნება ეს კომუნიკაციები (გაზი, წყალი, ელექტრო ენერგია) თუ გზის საფარი, განათება ქუჩებში, ღობეების მოდერნიზება და ა.შ.

ამის გარდა, არ ვიცი შეგიმჩნევიათ თუ არა, რამდენად ნიჭიერა აქ ხალხი დამუშავებაში, როგორი საინტერსო სამშენებლო მასალა აქვთ, პოეზია, პროზა, მხატვრობა, რეწვის ნიმუშები…

ამ ყველაფერს უნდა წარმოჩენა, ყოველდღიურობაში დამკვიდრება და ხელშეწყობა. სტეფანწმინდაში უნდა დაგეგმარდეს ბევრი ცენტრი და მოეწყოს ყველა შესაძლო დაწესებულება, რაც სხვადასხვა სფეროებში ადგილობრივების ჩართულობასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. ქართული ტურისტული ადგილები უნდა გასცდეს სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესს და ადგილობროვებს ამ სფეროების გარდაც უნდა მიეცეთ თავის გამოჩენის საშუალება.

სტეფანწმინდას სჭირდება სადგური, სადაც კომფორტულად დაგეგმარებულ სივრცეში განთავსდებიან გერგეტამდე ამსვლელი ავტომობილები, ტურ ავტობუსები, თბილისისკენ მიმავალი მარშუტკა-ტაქსები და ყველა ის, რომელიც ამჟამად ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთში ქაოტურადაა განთავსებული.

სტეფანწმინდაში უნდა მოეწყოს ერთი დიდი სკვერი-რეკრეაცია, ბევრი პლედებითა და ზაფხულში ღია ცის ქვეშ მოწყობილი კინო სეანსებით. შებინდებისას რომ ცივა, მაგრამ მაინც მაგარი თავგადასავალი რომაა აქ ფილმის ყურება.

საცრაო აუზი, სპორტული კომპლექსი და სახელოვნებო სკოლა სხვადასხვა დარგებისთვის.

მოსახელობას ექნება არტ ცენტრი, ინგლისურის შემსწავლელი შენობა, კინო და მუსიკის დარბაზი, ეკო ჰაბები და საგამოფენო სივრცეები ადგილობრივი რეწვისთვის.

გალერეები და რატომაც არა კულინარიის სკოლა, სადაც ტურისტებს ადგილობრივი სამზარეულოს შესწავლის ტურებს შესთავაზებენ.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სტეფანწმინდა პატარა დაბაა და მისი გეგეგმის დამუშავება დიდი არაფერი შრომა არაა, ამ ქალაქს ახლავე სჭირდება მიხედვა, სანამ გვიან იქნება მისი ავთენტური ურბანული ქსოვილის შენარჩუნება. სტეფანწმინდასთვის უნდა შეიქმნას გენგეგმა და მომავლის სამოქმედო გეგმა , რომლის მიხედვითაც ეს დაბა განვითარდება და სადაც ცხოვრება და დასასვენებლად ჩასვლა ერთი დიდი კომფორტული და დაუვიწყარი თავგადასავალი იქნება.

 

 

პ. ს.თუ რამე გამომრჩა კომენტარებში დაამატეთ, დღეს სტეფანწმინდას აქ ჩამოთვლილზე გაცილებით მეტი პრობლემა აქვს. გადაჭრის გზების იდეებიც გაგვიზიარეთ.

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

Facebook Comments
facebooktwitterpinterest