პროექტი: მშვიდობის მონუმენტისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია

დამკვეთი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

საერთო ფართი: 7745 კვ.მ

შენობის ფართი: 445 კვ.მ

ავტორები: იდააფ არქიტექტორები | Saxon Management Services

მდებარეობა: გუდაური, საქართველო

წელი: 2017

 

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე მდებარეობს. კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე შეფენილი ეს სოფელი დედაქალაქთან სიახლოვით, საინტერესო სასრიალო ტრასებითა და შთამბეჭდავი ხედებით გამოირჩევა, სადაც ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. სათხილამურო სეზონზე, რომელიც ნოემბრის ბოლოდან იწყება და აპრილამდე გრძელდება, გუდაური სრული დატვირთვით მუშაობს. სასტუმრო, კაფე და რესტორნები ამ დროს ყველაზე აქტუალური ხდება, მოთხოვნა კი კომფორტული და საინტერესო ადგილებისა უფრო და უფრო იზრდება.

გუდაურიდან 3,6 კმ-ში მდებარეობს „მშვიდობის მონუმენტი“, რომლის ფორმებიც გამოჩენილ ქართველ არქიტექტორ გიორგი (გოგი) ჩახავს ეკუთვნის. გოგი ჩახავასივეა საკულტო შენობა „გზათა მშენებლობის სამინისტრო“ თბილისში (ახლანდელი საქ. ბანკის სათაო ოფისი).

მონუმენტი გზიდან მოშორებით ამაღლებულ ბორცვზე მდებარეობს, საიდანაც შთამბეჭდავი ხედები იშლება ხეობასა და მთების მასივზე. ადგილი ერთნაირად მიმზიდველია წელიწადის ყველა დროს. ზაფხულის ხასხასა მწვანე ფერს, ზამთრის სითეთრე უკვე ოქტომბრიდან ცვლის და აპრილის ბოლომდე გრძელდება. მონუმენტი საინტერესოა თავისი ფორმებით: მონოტონური თაღედი ჰარმონიას ქმნის მთების ფორმებთან, ხოლო ფერადი მოზაიკა, რომელზეც ცნობილმა მხატვარ-დიზაინერმა ნოდარ მალაზონიამ იმუშავა, აბსოლიტურ კონტრასტშია გარემოსთან და ყურადღებას პირველივე ნახვიდან იპყრობს.

ნოდარ მალაზონია მნიშვნელოვანი გრაფიკოსია ქართული დიზაინის სცენაზე. იგი 1958 წლიდან ჟურნალ “ნიანგის” მთავარი მხატვარი იყო; მის ხელსვე ეკუთვნის ქართული 200 ლარიანი კუპიურის, პასპორტის, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ვაუჩერის, კუპონის, მართვის მოწმობისა და ქართული თეთრის (ერთი მხარე) დიზაინი.

მონუმენტი 1983 წელს, საბჭოთა კავშირის საქართველოში აშენდა. ის გეორგევსკის ტრაქტატსა და საქართველო-რუსეთის მეგობრობის 200 წლისთავს მიეძღვნა.ნაგებობა/გადმოსახედი საბჭოური მოდერნიზმის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია და თავისი ფორმების, ზომისა და ფერადი მოზაიკის გამო დღემდე მუდმივ ყურადღების ცენტრშია. წლის განმავლობაში ის უამრავ ტურისტსა თუ ადგილობრივ ვიზიტორს მასპინძლობს. ინტერნეტ და ბეჭდურ გამოცემებში აქტიურად შეხვდებით ყველაზე შთამბეჭდავ პანორამებს როგორც მოზაიკის, ისე ლანდშაფტის ხედებისა, რომელიც ამ ადგილიდან იშლება.

„მშვიდობის მონუმენტი არა მხოლოდ საინტერესო და ლამაზი კონსტრუქცია, არამედ ღირებული ნაგებობაცაა, რომელზეც გამორჩეულმა ქართველებმა იმუშავეს. ის საბჭოთა მოდერნიზმის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნუმუშია და მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათელი გახდა, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემა „ტაშენმა” (TASCHEN) ის თავის წიგნში: “CCCP – Cosmic Communist Constructions Photographed“ გამოქვეყნა.

ეს პროექტი უნდა განხორციელდეს გარშემო რეკრეაციული ზონების შენარჩუნებით და დამსვენებლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შესაქმნელად. ამ ადგილის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გამოყენების, ისე ადგილობრივების ჩართულობისა და ინფორმაციების გაცვლის კუთხითაც. გარდა იმისა, რომ ეს ადგილი გახდება ერთგვარი საინფორმაციო ცენტრი, იგი შეითავსებს კულტურულ მნიშვნელობასაც, სადაც მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ამ მხარის ისტორია/კულტურას, მოისვენონ სასიამოვნო გარემოში, დატკბნენ არაჩვეულებრივი ხედებით და დაგეგმონ მნიშვნელოვანი საქმეები. ზოგადად, გარშემო ინფრასტრუქტურის განვითარება დაგეგმილად, წინასწარ განსაზღვრული გენგეგმით უნდა მოხდეს, თავისი შინაარსიდან გამომდინარე ყველანაირი პოლიტიკური სარჩულის გარეშე.“ნანუკა ზაალიშვილი (იდააფ არქიტექტორები)

მონუმენტი 1217 ფილისგან შედგება, ზომებით 60×70 სმ. ამჟამად, გარკვეული რაოდენობა ფილებისა დაკარგულია, ისინი რეაბილიტაციის შემდეგ იდენტური ტექნიკით დამზადებული მოზაიკური ფილებით აღდგება.

“ნებისმიერი ამ ტიპის (მემორიალის) ძეგლის ქონა და შენარჩუნება არ ნიშნავს აუცილებლად იმ პერიოდის განდიდებას, არამედ შეგვიძლია მოვიაზროთ, როგორც სიმბოლო გადააზრებისა ან მაგალითი არასასურველი პოლიტიკური ალიანსისა. ნუ მივაწერთ ამ ძეგლს საბჭოთა კავშირის განდიდებას, რადგან იგი გეორგიევსკის ტრაქტატს ეძღვნება, რომელიც უფრო ღრმა წარსულის ისტორიას ეკუთვნის. მხატვრული თვალსაზრისით გარდა იმისა, რომ გასათვალისწინებელია ავტორთა ვინაობა, დამოუკიდებლად საკმაოდ ღირებული ნამუშევარია. საერთოდ მიმაჩნია, რომ ერთი ხელის მოსმით, მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით, არ უნდა ვწყვეტდეთ მსგავსი მოცულობის და ღირებულების ძეგლების ბედს. ასეთ საკითხებს ცოტა უფრო ღრმა გააზრება და ფაქიზი მოპყრობა სჭირდება“ – ნინი ფალავანდიშვილი (საბჭოთა მოზაიკების მკვლევარი, GeoAir.ge)

რეაბილიტაციის პროექტზე იდააფ არქიტექტორებმა და Saxon Management Services -მა ერთად იმუშავეს. ტერიტორიის დაგეგმარება გენერალური გეგმის პროექტის დამუშავებით დაიწყო. მონუმენტის მიმდებარედ დაგეგმარდა კომფორტული და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გზა ქვეითებისთვის, რომელიც პარკინგიდან მონუმენტს უკავშირდება. ავტოსადგომი 25 მანქანაზეა გათვლილი, რომელიც მოიცავს ადგილებს ჰიბრიდის, 3 ავტობუსისა და ველოსიპედებისთვის. პროექტში არსებული ყველა დეტალი შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. ამის გარდა გენგეგმაზე განთავსდა შენობა და მოდერნიზებული რეკრეაციული ზონა.

 

„პროექტის დასაწყისშივე ვიცოდით, რომ დიდი გამოწვევის წინაშე ვიდექით. მონუმენტი ქართული საბჭოთა არქიტექტურის ნიმუშია და თავისი შინაარსის გამო პოლიტიკური გავლენა აქვს. გადავწყვიტეთ მონუმენტი სხვა კუთხით წარმოგვეჩინა და აქცენტი მის არქიტექტურულ მნიშვნელობაზე გავაკეთოთ, ხალხს გავაცნოთ მისი ავტორები, ადამიანები, რომლებმაც მაშინდელი საქართველოს ხელოვნება/არქიტექტურის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს. ბევრმა არ იცის გოგი ჩახავასა და ნოდარ მალაზონიას შესახებ და ჩვენ მათი ისტორიების მოყოლა გვსურს.

ეს პროექტი ამ ადგილს ახალ სიცოცხლეს შესძენს და გარშემო ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს.“ – ვიტაუტას პუოდჟიუნას (Saxon Management Services)

შენობა გრძივ მართკუთხედს წარმოადგენს, რომლის მთავარი იდეაა არ მიიქციოს მონუმენტზე მეტი ყურადღება და ჰარმონიულად ჩაეწეროს არსებულ გარემოში. ის ერთ სართულიანია და სიმაღლე 4მ-ს არ აღემატება. ფასადები მთლიანად შუშისაა, რომლებიც გარემოს ირეკლავს და შენობაც თითქოს კამუფლაჟირებულია.

„სახურავზე განთავსებულია მწვანე ნარგავები. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია ალპურ ზონაშია და მცენარეები აქ ნაკლებად ხარობს, საინტერესოდ მივიჩნიეთ ექსპრიმენტი, მიმდებარე ხეობებიდან გადმოვრგოთ ბუჩქები შენობის სახურავზე და მნახველებში ერთგვარი მოულოდნელობის ეფექტი შევქმნათ.“ – იდააფ არქიტექტორები.

შენობაში განთავსებულია კაფე სამზარეულოთი, სუვენირების მაღაზია/ინფო ცენტრი, საზოგადოებრივი საპირფარეშო, დამხმარე სათავსები და საკონფერენციო/საგამოფენო დარბაზი, სადაც შესაძლებელი იქნება წელიწადის ნებისმიერ დროს ღონისძიებებისა და გამოფენების დაგეგმვა. ეს მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ შეიძლება გამოიფინოს ის საინტერესო მასალა, რომელიც ამ ადგილთანაა დაკავშირებული, ფაქტები, მოვლენები, ავტორები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მხოლოდ ნატურალური მასალებია გამოყენებული. ბუნებრივ ხეს ინტერიერში სითბო შემოაქვს, ხოლო მაღალი ვიტრაჟები გარემოთი 360 გრადუსით დატკბობის შესაძლებლობას იძლევა.

 

მეტი იდააფ არქიტექტორების შესახებ: www.idaafarchitects.com

მეტი საქსონ მენეჯმენტის შესახებ: www.saxon.ge

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest