1955 წელს საბჭოთა კავშირში გამოდის დადგენილება „არქიტექტურაში ზედმეტობებთან ბრძოლის“ შესახებ. ამ ბრძანებამ რადიკალურად შეცვალა საბჭოთა არქიტექტურის განვითარების კურსი. ამ დროის ძირითადი გამოწვევა მოსახლეობის საცხოვრისით დაკმაყოფილება იყო. არქიტექტურულ საპროექტო ინსტიტუტებში შემუშავებული ტიპური საბინაო პროექტებით დაიფარა საბჭოთა რესპუბლიკების ახალი რაიონები და მიკრორაინები. თუმცა, ამავდროულად, მუშავდება ინდივიდუალური პროექტებიც, სხვადასხვა ფუნქციისა და დანიშნულების მქონე შენობებისთვის. საბჭოთა რესპუბლიკების არქიტექტურაში თავს იჩენს განსხვავებული, ადგილობრივ ტრადიცებსა თუ გარემოსთან კავშირში მყოფი ტენდეციები. ნაციონალური არქიტექტურის ახალი სახისა და ფორმის ძიება აქტუალურია საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაშიც.

ანა ჩორგოლაშვილი რამდენიმე წელია, რაც თბილისურ საბჭოთა მოდერნისტულ არქიტექტურას იკვლევს. როგორც თვითონ ამბობს, უნიკალური და საინტერესო საბჭოთა არქიტექტურის პარალელურად, „ტიპიურ“ მოდელებსაც საკმაოდ ბევრს ვხვდებით. ფუნქციურად, შენობათა ეს ჯგუფი მეტნაკლებად გამართულია და ნაკლები არქიტექტურული ღირებულება აქვს. თუმცა, ისინი საინტერესოა, როგორც კონკრეტული დროისა და ეპოქის განწყობისა თუ იდეოლოგიის გამომხატველი ობიექტები. ხშირ შემთხვევაში, საქართველოში არსებული საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის მემკვიდრეობა, არ არის სათანადოდ მოვლილი და ზოგს განადგურების საფრთხეც კი ემუქრება.

ანას წიგნი „საბჭოთა არქიტექტურის გზამკვლევი თბილისში“ რამდენიმე თვის წინ გამოიცა, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2 ეგზემპლიარად. წიგნი თბილისში 1955-91 წლებში აშენებულ საბჭოთა შენობებს წარმოგვიდგენს ფოტო მასალის სახით, დაყოფილია კატეგორიებად, ბოლო გვერდებზე კი რუკაა, რითაც მითითებული შენობების მოძებნას ადვილად შეძლებთ. წიგნი ინგლისურენოვანია და როგორც ავტორმა აღნიშნა, განსაკუთრებით, ალბათ, იმ ტურისტებს დააინტერესებთ, ვისაც თბილისურ არქიტექტურაზე უფრო მეტის გაგება სურთ. წიგნის ზომა 9X14 სმ-ია, იგი ადვილად მოთავსებადია ჯიბეში და მის ტარებას უფრო მოსახერხებელს ხდის.

„ეს გზამკლევი ეძღვნება 1955-1991 წლების საბჭოთა თბილისის მოდერნისტულ არქიტექტურას. წიგნში თავმოყრილია თბილისის საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშები, შენობები დაჯგუფებულია მათი თავდაპირველი ფუნქციური დანიშნულების მიხედვით.

სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვანი არქიტექტურული მემკვიდრეობის ნაწილი წლების განმავლობაში განადგურდა, გაკრვეული შენობები კი დღემდე უხეში სახე-ცვლილების ან სრული დემონტაჟის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. „

იდააფმა ანას რამდენიმე კითხვა დაუსვა:

რა არქიტეტურული კულტურა დარჩა საქართველოს და კონკრეტულად თბილისს საბჭოთა მემკვიდრეობიდან, გვაქვს თუ არა რამე უნიკალური და გამორჩეული?

თბილისის საბჭოთა არქიტექტურული მემკვიდრეობიდან რამდენიმე შენობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბით. მაგალითად, ყოფილი გზათამშენებლობის სამინისტროს შენობა არაერთხელ მოექცა მსოფლიოს ისეთი წამყვანი ჟურნალ-გაზეთებისა თუ საგამომცემლო სახლების ყურადღების ცენტრში, როგორებიცაა: “New-York Times“, “The Guardian“, “Domus“, “Sub/Urban“, ნიუ იორკის ხელოვნების მუზეუმის ნაშრომი “Transformations in modern architecture“ და ა.შ. საქართველოში არსებული სხვა არქიტექტურულად მნიშვნელოვანი ღირებულების საბჭოთა შენობები მოხვდა ცნობილი საგამომცემლო სახლის “Taschen”-ის გამოცემაში „Frederic Chaubin: Cosmic Communist Constructions Photographed“, Architekturzentrum Wien – ის მკვლევართა ჯგუფის მიერ ორგანიზებული გამოფენასა და პუბლიკაციაში- “soviet modernism 1955 – 1991 unknown story”.

როგორ უნდა მოვექცეთ ამ აურაცხელი ოდენობის საბჭოთა ნაგებობებს, როგორ გავიგოთ ღირებულია თუ არა ესა თუ ის შენობა და როგორ მოვუაროთ მათ?

პირველ რიგში, არ უნდა დავანგრიოთ, ეს არის მთავარი პირობა საბჭოთა არქიტექტურული მემვკიდრეობის შენარჩუნებისთვის. რაც შეეხება ღირებულების დადგენას, საბჭოთა კავშირში, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან აქტიურად მუშავდებოდა და ვრცელდებოდა ე.წ. „ტიპიური“ პროექტები, როგორც საცხოვრებელი სახლების ისე საზოგადოებრივი შენობების დაპროექტებისთვის. მსგავსი „ტიპიური“ მოდელებს საკმაოდ ბევრს ვხვდებით საქართველოშიც, ფუნქციურად შენობათა ეს ჯგუფი მეტნაკლებად გამართულია, მაგრამ ნაკლები არქიტექტურული ღირებულება აქვს. თუმცა, ეს შონებიბიც საინტერესოა, როგორც კონკრეტული დროისა და ეპოქის განწყობის თუ იდეოლოგიის გამომხატველი ობიექტები. რაც შეეხება ინდივიდუალური პროექტებით შექმნილ შენობებს, ყველა მათგანი უნიკალურია, ყოველი ესეთი შენობა კონკრეტული კვლევისა და რეაბილიტაციის გეგმის შედგენას საჭიროებს.

იგეგმება თუ არა წიგნის ტირაჟით გამოცემა?

გზამკვლევი, ჯერჯერობით, მხოლოდ ციფრული ვერსიისა და ორი ფიზიკური პრინტის სახით არსებობს. ეს პროექტი განხორცილედა წიგნის ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით და ნაბეჭდი ვერსიაც მათ მიერ ორგანიზებული

გამოფენისთვის შეიქმნა. რაც შეეხება ტირაჟირებას, ვმუშაობ ამ მიმართულებით.

რა პროცესები მიმდინარეობს საბჭოთა არქიტექტურის კვლევაში საქართველოში, იმ ფონზე, როცა მსოფლიოში სხვადასხვა ინსტიტუტებია, რომლებიც კონკრეტულად ამ სფეროს სწავლობენ?

დაინტერესება, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ევროპაში, საბჭოთა არქიტექტურისადმი ეტაპობრივად იზრდება. აგრეთვე ყოფილ სოციალისტურ თუ საბჭოთა რესპუბლიკებშიც იქმნება კვლევითი ცენტრები, საინტერესო ინტერნეტ გვერდები და პუბლიკაციები ამ ეპოქის არქიტექტურის შესახებ. თბილისში ეს პროცესი მეტ ნაკლები პროგრესით მიმდინარეობს. რამდენიმე მკვლევარი მუშაობს ამ მიმართულებით, აღსანიშნავია, დოკომომო საქართველოს მიერ შექმნილი ონლაინ ბაზა საქართველოს საბჭოთა მოდერნისტული არიქტექტურის შესახებ.

 

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest