საბჭოთა კავშირმა ბევრი ცუდი მოგონება დატოვა ისტორიაში, თუმცა შექმნა სახასიათო სტილი და მიმართულება ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი დიზაინში, რომელსაც ახლაც ვიკვლევთ, გავინტერესებს და უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურა ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია; უდიდესი პოპულარობით სარგებლობს პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ავტობუსის გაჩერებები, მონუმენტები, ავეჯი და თითქმის ყველა დეტალი, რაც ამ დროის განმავლობაში შეიქმნა.
ყველას გვახსოვს და გვინახავს საბჭოთა პროპაგანდის ამსახველი პოსტერები, რომლებსაც ახლა უკვე მაღალი მხატვრული ღირებულებაც აქვთ და ისტორიული მნიშვნელობაც შეიძინეს. თუმცა ნაკლებად ცნობილია ისეთი გამოსახულებები, რომლებიც საბჭოთა წარმოების ტექსტილზე: ცხვირსახოცებზე, ფარდებზე, მაგიდის გადასაფარებლებზე, შარფებზე იყო დატანილი და რომლებსაც დღეს არანაკლები მხატვრული და ისტორიული ღირებულება აქვთ.
ერთი შეხედვით, ისინი შარფების მშვენიერ კოლექციად გამოდგებიან, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, აღმოჩნდება, რომ ერთზე ტანკები, მეორეზე ტრაქტორები, მესამეზე კი თვითმფრინავებია გამოსახული და იმ რეალობას ასახავს, სადაც ადამიანები თავს მაინცდამაინც უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ. ისინი თითქოს გააფრთხილეს, რომ თუ საბჭოთა სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ რაიმე აზრი გაუჩნდებოდათ, მეტალის ამ კონსტრუქციებთან მოუწევდათ შეჯახება.
ეს გამოსახულებები 1920-30-იან წლებშია შექმნილი, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირში ტექსტილის წარმოება ფეხს იკიდებდა და თანდათან ვითარდებოდა. ამ ფარდებს, შარფებს და სხვა ნამუშევრების უბრალო ხალხი ქმნიდა, ავტორების სახელებს და გვარებს კი მნიშვნელობას არავინ ანიჭებდა, ამიტომაც ისინი საბჭოთა ფოლკლორის ნაწილად იქცნენ.
კაცმა რომ თქვას, ამ კუთხოვანი ფორმების, მეტალის კონსტრუქციების, უხეში და სწორხაზოვანი მასალის გამოყენებით უფრო ცივი, მოუხეშავი, გამოსახულებები უნდა შექმნილიყო და მაშინდელ 20-30-იანი წლების რეალობის – მეტალის, ტლანქის, დაუნდობელის – შესატყვისიც იქნებოდა. მაგრამ საბჭოთა ტიპს როგორღაც, საიდანღაც ეყო შემოქმედებითი ძალა, რომ ყოფითი აქსესუარები სილამაზის და მხატვრულობის ნაწილად ექცია. ამ ფაქტის საილუსტრაციოდ აი ეს, მხოლოდ ეს, საბჭოთა მანდალაც კი გამოდგებოდა.
- Mandala
საბჭოთა ისტორია აღარ განმეორდება და ვეღარც მსგავს დიზაინებს ვიხილავთ, თუმცა დააკვირდით თქვენი ბებოების ძველ კაბებსა და თავსაბურავებს, იქნებ რამე მსგავსი აღმოაჩინოთ.
ავტორი: დოდოჩი გოგია


