საქართველოს გარშემო ავტობუსის გაჩერებებს 2015 წლიდან ვაგროვებ. ჩემს ობიექტივში უკვე მოხვდა კომპოზიციები თიანეთი, კახეთი, სამცხე- ჯავახეთი, მესხეთი, აჭარა, სამეგრელო, იმერეთი და ქართლიდან. ყოველ ჯერზე უფრო მეტად საინტერესო მოცულობებს ვპოულობ და ამისთვის მიყრუებულ სოფლებამდეც კი მივდივარ, თუმცა ყველაზე საინტერესო კომპოზიციები ცენტრალურ გზებზე გვხვდება, რადგან საბჭოთა დროს საზოგადოებრივი ტრანპორტი უფრო აქტიურად ცენტრალურ გზებზე დადიოდა და შესაბამისად, საჭიროება გაჩერებებსა აქ უფრო იყო. აღსანიშნავია, რომ ზოგი მათგანი განმეორებით სხვა და სხვა რეგიონებში გვხვდება, მაგალითად, სამკუთხა კომპოზიცია, რომელსაც ფასადზე ორი წრე აქვს ამოჭრილი გვხვდება ქუთაისთან, თიანეთში, ზუგდიდში და ფოთთან. ხოლო ოთხ კოლონაზე დაყრდნობილი დახრილი გადახურვა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია აქტუალური.

საქართველოში გაჩერებების კვლევის თემით მაშინ დავინტერესდი, როდესაც 2015 წელს გამოცემული წიგნი: „ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები“ (Soviet Bus Stops) აღმოვაჩინე. წიგნის ავტორი კრისტოფერ ჰერვიგი ფოტოგრაფია, რომელმაც საბჭოთა ქვეყნებში იმოგზაურა და ყველაზე ორიგინალური დიზაინის მქონე ავტობუსის გაჩერებები გადაიღო. იმ წიგნში საქართველოდან მხოლოდ ზუგდიდი და აფხაზეთის ულამაზესი გაჩერებები გვხდება, ამიტომ გადავწვიტე დანარჩენი მასალა საქართველოდან, რომელიც საკმაოდ მრავალფეოვანი და სიანტერესოა, მე გადამეღო.

საქართველოში საბჭოთა გაჩერებებზე „ნადირობა“ იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ეს პროცესი კიდევ გრძელდება და სცდება მხოლოდ საბჭოთა საინტერესო დიზაინების ფოტოზე აღბეჭდვას. ეს არის სოციალური კვლევა, რომელიც შეეხება მათი არსებობის მნიშვნელობას და რაც მთავარია დაკვირვებაა, როგორ არიან ისინი ინტეგრირებულები დღევანდელობასთან.

გზებზე საინტერესო ავტობუსების გაჩერებები ერთმანეთს ცვლან. მათი მოზაიკებში მკაფიო ფერებში გამოხატული საბჭოთა თემატიკა იკითხება, უმეტესობას კი საინტერესო ფორმები აქვს, რომლებიც ჩემი აზრით, დღევანდელობის ინსპირაციადაც გამოდგება.

რაც შეეხება მათ ფუნქციასა და დღევანდელობასთან კავშირს, სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ მაგალითად, ნახევარზე მეტი გაჩერებებისა უმოქმედოა და აღარავინ იყენებს. უფრო მეტიც, მაგალითად, თბილისში, აეროპორტის გზატკეცილზე, რამდენიმე მოზრდილ საბჭოთა გაჩერებას წინ თანამედროვე ჩაუდგეს, თითქოს ის ძველი აბსოლიტურად იგნორირებულია დღევანდელობაში და ამხელა სივრცეს აღარანაირი მნიშვნელობა აქვს. რეგიონების გზებზე კი ხშირად მინახავს მგზავრები, რომლებიც წვიმაში გადახურული გაჩერების ნაცვლად, ქოლგით ხელში გზას პირზე ელოდებიან ტრანსპორტს. ეს, ალბათ, გამოწვეულია იმით, რომ დღეს ავტობუსი ან სამარშუტო ტაქსის გაჩერება ყველგანაა შესაძლებელი. ამას ისიც ემატება, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი მოუვლელია და უბრალოდ არაკომფორტულია იქ მოცდა.

საბჭოთა კულტურიდან საქართველოს ბევრი დეტალი შემორჩა და ერთ-ერთი მათგანი ავტობუსის გაჩერებებია. ფერად მოზაიკიან კომპოზიციებს ბეტონის ბრუტალური ფორმები ცვლის – თითოეულ გაჩერებას თავისი დამოუკიდებელი სტილი და ხასიათი გააჩნია, რაც მათ უფრო მრავალფეროვანს ხდის.

ამ რპეოქტის ყველაზე მთავარი მიზანი ის არის, რომ მთავრობა დაინტერესდეს ამ ამბით, ჩაუტარდეს მათ რესტავრაცია და აღდგეს პირვანდელი სახით. ასევე, დაბრუნდეს კანონი, რომელიც ტრანპორტს მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერებას დაავალდებულებს და მათი ფუნქცია ისევ აღსდგება.

წინ კიდევ უფრო მეტი მოგზაურობაა საქართველოს სხვა და სხვა მხარეში, უფრო მეტი გაჩერებების გადასაღებად და წიგნის გამოსაცემად.

 

ავტორი/ფოტო: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest