ავტობუსის საბჭოთა გაჩერებებზე ჩემი „ნადირობა“ 2015 წელს დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. მუშაობის პროცესში ბევრი საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა, რამაც ამ გაჩერებებს დღევანდელობაში ახალი მნიშვნელობა შესძინა. გზებზე, სხვადასხვაგვარი ლანდშაფტების ფონზე გვხვდება, ერთგვარი „გზისპირა თავშესაფრებია“, მრავალფეროვანი ფორმებითა და ტექტურებით წარმოდგენილი. გამოიკვეთა დიზაინის რამდენიმე ტიპი, რომლის მიხდევითაც ისინი იქმნებოდა: ბეტონის სწორკუთხა ან პლასტიური ფორმა, რკინის სტრუქტურა, სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული მოზაიკა და „საშენებლო ელემენტი“. პროცესი პარტიული დაკვეთიდან იწყებოდა, ხოლო დაფინანსებასა და აღსრულებას სამხატვრო კომბინატი უზრუნველყოფდა. მათი დიზაინი კონკრეტულ სამხატვრო სტუდიებს უკავშირდება, რომლებსაც ესთეტიკის ინსტიტუტი და სამხატვრო კომბინატი ანაწილებდა და რადგან არც ერთი ეს დაწესებულება დღეს აღარ არსებობს, გაჩერებების ავტორების მოძიება ახლა საკმაოდ რთულია.

გაჩერებების დიზაინი გარკვეული ესთეტიკური მოსაზრებებით იქმნებოდა და გამოხატავდა იმ ადგილისთვის დამახასიათებელ სოციალისტურ თემებს, სადაც ისინი იდგმებოდა. ძირითადად, ეს იყო კოლმეურნეობა, ბედნიერი ადამიანები, მზიანი მინდვრები, მოხნული ველები, ხორბლის ყანები, უხვი მოსავალი და ა.შ. ხშირად თითოეული ადგილის გაჩერებას იმ რეგიონისთვის დამახასიათებელი მხატვრული კომპოზიცია ჰქონდა: მაგალითად, საზღვაო ქალაქ ქობულეთში, ერთ-ერთი გაჩერების მოზაიკაზე მოცურავეებია გამოსახული, ხოლო სამეგრელოში, სოფელ რუხის გაჩერებაზე, აქ გავრცელებული საცხენოსნო სპორტის, მარულას სცენაა ასახული. იგივე პრინციპითაა შესრულებული გაჩერებები სოფელ ხვანჩკარასა და საჯავახოს მოზაიკიან გაჩერებაზეც. პირველ კომპოზიციაზე ღვინის მტევნებია გამოსახული, რაც ამ ადგილზე წარმოებულ ცნობილ ღვინო „ხვანჩკარა“-ზე მიუთითებს, ხოლო საჯავახოს მოზაიკის ფერად პანოებზე გამოსახულია სიმინდის მოსავლის აღების სცენები, რითიც ეს ადგილი და ზოგადად, იმერეთის რეგიონია ცნობილი.

განსაკუთრებულად მნიშნველოვანია ის ფაქტი, რომ რამდენიმე გაჩერების ავტორი 20-ე საუკუნის ქართველი საკულტო არქიტექტორი, გიორგი ჩახავაა. ესენია: მოზაიკიანი გაჩერებები ანანურსა და ნატახტარში, ასევე „სამშენებლო ელემენტით“ (აქ ლინკი) აგებული სტრუქტურები პატარა ქანდაში, ბორჯომსა და ტეზერში, რომლებსაც თავიაანთი მნიშვნელობიდან გამომდინარე უკვე მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. „სამშენებლო ელემენტით“ შესრულებული იყო კიდევ ერთი გაჩერება სოფელ ნიგოზას გადასახვევთან, რომელიც 2018 წელს გაურკვეველი მიზეზით დაანგრიეს. აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩახავას იმ დროს გზების მშენებლობის მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა და შესაბამისად, იმ დროს აშენებულმა ყველა გაჩერებამ მის ხელში გაიარა.

გაჩერებები, ეს მცირე ზომის გზისპირა არქიტექტურა, საბჭოთა პერიოდში მოღვაწე ქართველი არქიტექტორების, დიზაინერებისა და მხატვრების ხედვისა და სტილის გამომხატველია და ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მატერიალური მემკვიდრეობა, რაც ქართულ არქიტექტურას ამ დროიდან შემორჩა. დღეს ზოგი გაჩერება ისეა შემონახული, რომ მხოლოდ მცირედი რესტავრირება სჭირდება, ზოგი კი მალე სამუდამოდ გაქრება. მნიშნველოვანია მათი თავიდან გადააზრება და თანამედროვეობაში ინტეგრაცია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათი საოცარი ფორმები და კომპოზიციების მრავალფეროვნება ახალი ინსპირაციების წყაროა.

 

გვერდი: soviet bus stops in georgia

ავტორი/ფოტო: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest