საბჭოთა გაჩერებებზე ჩემი „ნადირობა“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გრძელდება. ამჯერად მოგროვებული მასალის მეორე (და არა ბოლო) ნაწილს წარმოგიდგენთ.

პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ჯერ-ჯერობით ესა არაა ფოტოპროექტი, ეს უფრო დოკუმენტალიზაციაა იმ მასალის რაც ამჟამად არსებობს. ფოტო პროექტი იმაზე გაცილებით რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ზოგი გაჩერება ზაფხულში ტყის ფონზეა ლამაზი, ზოგთან მაშინ მომიწია მოხვედრა, როცა კონტრაჟურ განათებაში იყო, ზოგთან კი კოკისპირულ წვიმაში. მაღალმთიან აჭარაში, მაგალითად, ისეთ ნისლში მოვხვდი არაფერი არ ჩანდა.

გზებზე ფერად და მზიან მოზაიკებს ბეტონის ბრუტალური სტრუქტურები ცვლიან. მათი დიზაინი კონკრეტულ სამხატვრო სტუდიებს უკავშირდება , რომლებსაც ესთეტიკის ინსტიტუტი და სამხატვრო კომბინატი ანაწილებდა და ავტორების მოძიება ახლა საკმაოდ რთულია. ზოგი გაჩერება ისეთ მდგომარეობაშია შემონახული, რომ მხოლოდ მცირედი რესტავრირება სჭირდება, ზოგი კი მალე სამუდამოდ გაქრება. მათი ისტორიის ძიებისას საინტერესო ფაქტი აღმოჩნდა ის, რომ ისინი ხშირად კონკრეტული ადგილისთვისაც კი იქმნებოდა, ანუ დასავლეთში სოფლებს ჰქონდათ ისეთი გაჩერებები, სადაც გამოხატული იყო რას საქმიანობდა იმ კონკრეტული სოფლის კოლმეურნეობა. მაგალითად, სადაც ქათმების ფერმა იყო, იქ ამის გამომხატველი გაჩერება ჰქონდა, ჩაის კრეფის ადგილს კი თავისი სახასიათო და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგი მათგანი პავილიონის სახესაც ატარებდა და მათი დადგმა/განახლება ბავშვთა დღეს ან ყვავილების ფესიტავალზე ხდებოდა.

მხატვარი გია ბუღაძე რადიო თავისუფლებას საბჭოთა გაჩერებებთან დაკავშირებით თავისი გამოცდილების შესახებ ესაუბრა :

ეს პატარპატარა სივრცეები კეთდებოდა გარკვეული საერთო ესთეტიკური მოსაზრებებით და გამოსახავდა სოციალისტურ თემებს. ძირითადად, აქ იყო კოლმეურნეობა, თუ რა ბედნიერები არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ამა თუ იმ რაიონში, მთები, გადახნული ველები, მხიარული ადამიანები, ბავშვები, მზეები და ..

ყველაფერი პარტიული დაკვეთიდან მოდიოდა, დაკვეთის დაფინანსებას და აღსრულებას კი სამხატვრო კომბინატი უზრუნველყოფდა. ის, რაც, მაგალითად, საბჭოთა ავტობუსის გაჩერებებზე კეთდებოდა, არ იყო მოზაიკა, ეს იყო უმარტივესი ჭიქურით დამზადებული კაფელი, რომელსაც ამტვრევდნენ და შემდეგ უკვე სხვადასხვა სქემის მიხედვით იწყობოდა გამოსახულება. ერთერთი ავტორი, რომელიც ამგვარ ობიექტებზე მოზაიკურ პანოებს ასრულებდა, იყო ჟორა ბოჭორიშვილი. 19 წლის ვიყავი და ალბათ, ორი კვირის განმავლობაში ვიმუშავე მასთან. ვუწყობდი ფილებს, რომ ერთიორი კაპიკი გამეკეთებინა, მაგრამ ვერ გავქაჩე, იმიტომ, რომ სწრაფად ვერ ვაწყობდი და გამომაგდო. იქ ისეთი ბიჭები ყავდა და ისეთი ტემპით აწყობდნენ, რომ გაგიჟდებოდით. მე კი ვერაფრით ვერ მოვახერხე ეს“.

გადასაღები გაჩერება კიდევ ბევრია, უფრო მეტი მოზაიკა იმალება სხვადასხვა რეგიონების ულამაზეს გზებზე. საკითხი ახლა დიზაინში კი არა, მათ ღირებულებაში დგას: ღირს თუ არა მათი შენარჩუნება, აქვთ კი რამე ფასი და საერთოდ, რა ვუყოთ ამ „საგზაო/სატრანსპორტო კომპოზიციებს“?

ისტორია, რომელიც საბჭოურმა რეჟმმა ჩვენი ქვეყნისთვის შექმნა საზარელია და აღარასდროს უნდა განმეორდეს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ის კულტურული მემკვიდრეობა რაც დატოვა, ცხადია ისტორიის ნაწილია და თავისი ღირებულება აუცილებლად გააჩნია. ჩვენ ახლა ვართ მთავარი დილემის წინაშე, სწორად გადავიაზროთ ისინი, გადავახარისხოთ რა გვიღირს, რა არა და ვიმოქმედოთ შესაბამისად.

თუმცა ამ მშვენიერ მოზაიკებს ალბათ არანაირი გადახარისხება არ სჭირდება, დარესტავრირება და საქვეყნოდ გამოჭენება თუ უშველის მხოლოდ.

თუ სხვა უფრო საინტერესო იდეები გაქვთ, მოგვწერეთ contact@idaaf.com-ზე.

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest