ცნობილმა კანადელმა ფოტოგრაფმა კრისტოფერ ჰერვიგმა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ავტობუსის გაჩერებების მოგროვებას 15 წელი მოანდომა. ეს წლები სავსე იყო საინტერესო თავგადასვლებითა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელი დიზაინის მრავალფეროვნებით. თუ ევროპასთან ახლოს ქვეყნების გაჩერებები ხის მასალასა და უფრო რბილ ფორმებშია გადაწყვეტილი, ამიერკავკასიაში მათ ბეტონსა და მოზაიკაში ჰპოვეს გამოხატულება. აღსანიშნავია, რომ გაჩერებების უმეტესობა ასო: A ფორმის გარეშემო ტრიალებს. (A –AUTOBUS)

გაჩერების მონტაჟის დავალება მმართველობიდან მოდიოდა, თუმცა ყველა ქვეყანაში მას თავისებურად ასრულებდნენ, იმ დროს მოღვაწე არქიტექტორ-დიზაინერების ხედვის შესაბამისად.

ამ ფოტო პროექტში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ულამაზეს კუთხე, აფხაზეთში არსებული საბჭოთა გაჩერებებია. ისინი ფერადი მოზაიკითა და საუცხოოდ დინამიურ-ტალღოვანი ფორმებით გამოირჩევა, რაც შავი ზღვის გავლენად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ჩვენი ინფორმაციით მათ უმრავლესობაზე არქიტექტორმა გოგი ჩახავამ და დიზაინერმა ნოდარ მალაზონიამ იმუშავეს. კრისტოფერმა აფხაზური ფოტოები გამოგვიგზავნა და რამდენიმე კითხვაზეც გვიპასუხა.

 

– როგორ გაიხსენებდი საბჭოთა ავტობუსის გაჩერებებზე „ნადირობას“ აფხაზეთში და ამ გამოცდილებას?

– ცოტა ვნერვიულობდი აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით. მანამდე ფოტოებში მქონდა ნანახი რამდენიმე გაჩერება და იმდენად უნიკალური ჩანდა თითოეული მათგანი, ვიცოდი აუცილებლად უნდა გადამეღო ისინი ჩემი წიგნისთვის. თავიდან წერილი გავუგზავნე ადგილობრივ მთავრობას და მოვითხოვე აფხაზეთში შესვლის ნებართვა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მივიღე დასტური და წერილი, რითიც ზუგდიდის გამშვები პუნქტიდან შევძლებდი საზღვრის გადაკვეთას.

ავტობუსით გავემგზავრე სოხუმამდე, სადაც ჩემი ვიზიტის საფასური გადავიხადე. აქედან გავეშურე გაგრასკენ, სადაც ღამე დავრჩი და ტაქსის მძღოლს გარკვეული თანხის სანაცვლოდ შევუთანხმდი, რომ მეორე დღეს მომატარებდა ადგილებს ავტობუსის გაჩერებების გადასაღებად. დილა კარგად დაიწყო, გადავიღე ბევრი საინტერესო გაჩერება, მაგრამ სიტუაცია გართულდა, როცა ტაქსის მძღოლმა გაცილებით მეტი თანხა მომთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დამემუქრა, რომ დამასმენდა, როგორც საქართველოს ჯაშუშს, რადგან საეჭვოდ ბევრ ადგილს ვუღებდი ფოტოს, ისინი კი პირდაპირი გაგებით მომკლავდნენ. ცხადია, ვიცოდი, რომ არავინ მომკლავდა, თუმცა ძალიან არასასიამოვნო სიტუაცია შეიქმნა და არ ვიცოდი, ამ შემთხვევაში ტაქსის მძღოლი უფრო ადვილი მოსაგერიებელი იყო თუ ადგილობრივი პოლიცია.

ყველაზე ნაკლებად გართულებები მჭირდებოდა, ამიტომ ტაქსის მძღოლს გადავუხადე ზედმეტად მოთხოვნილი თანხა, უკანა გზა კი მთლიანად კამათში გავატარეთ, რადგან ის კიდევ ზრდიდა თანხის ოდენობას და თან არ აჩერებდა აღარც ერთ გაჩერებასთან. საოცრად ლამაზი გაჩერებები გავიარეთ და გული დამწყდა რომ ვერ მოვახერხე მათი გადაღება, თუმცა მაინც იღბლიანი ვარ რადგან ჩემს კამერაზე დავაფიქსირე აფხაზეთის გაჩერებები, ყველაზე განსაკუთრებული გზისპირა თავშესაფრები, რაც ამ პროექტზე ჩემი 15 წლიანი მუშაობის დროს შემხვედრია.

– რით გამოირჩევა აფხაზური გაჩერებები სხვებისგან?

– აფხაზური გაჩერებების ფერები, ფორმები და მასშტაბი სცდება გზის პირა თავშესაფრების მარტივ გაგებას. ისინი უნიკალური და ძალიან შთამბეჭდავი საჯარო ხელოვნების ნიმუშებია.

 

– არის თუ არა საბჭოთა გაჩერებები ღირებული დღეს და როგორ უნდა მოვექცეთ მათ?

– ნამდვილად. საბჭოთა მემკვიდრეობის ეს ნიმუშები აუცილებლად შესანარჩუნებელია, რადგან ისინი იმ დროს მოღვაწე ადგილობრივი და საინტერესო ხელოვანების უნიკალური ნამუშევრები უფროა, ვიდრე საბჭოთა იდეოლოგიის გამომხატველი ობიექტები. ეს პატარა საგანძურებია თქვენს ქვეყანაში, რასაც არც თუ ისე დიდი რესურსები სჭირდება მოსავლელად და შესანარჩუნებლად.

აღსანიშნავია, რომ ჰერვიგის მეორე წიგნი საბჭოთა გაჩერებეზე სექტემბერში გამოდის, სადაც მნიშნველოვანი ნაწილი საქართველოს გაჩერებებს უკავიათ. კრისტოფერმა „გაჩერებებზე სანადიროდ“ ჩვენთან 2017 წლის ზამთარში იმოგზაურა. მისი ახალი წიგნის გარეკანს ამშვენებს გაჩერება გოდერძის უღელტეხილიდან. ხულო, მაღალმთიანი აჭარა.

წიგნის შეკვეთა უკვე შეგიძლიათ ამაზონზე.

 

ფოტოები საბჭოთა ავტობუსის გაჩერებებზე საქართველოში აქ:

ნაწილი I : http://idaaf.com/ka/soviet-busstops-in-georgia/

ნაწილი II : http://idaaf.com/ka/soviet-bus-stops-in-georgia-2/

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

ფოტო: კრისტოფერ ჰერვიგ

Facebook Comments
facebooktwitterpinterest