ავტორი: დავით გიორგაძე არქიტექტორები; მაქსიმე მაჩაიძე; გივი მაღრაძე
მდებარეობა: მზიურის პარკი, თბილისი
საერთო ფართობი: 1820 კვ. მ
წელი: 2020
ბავშვთა ქალაქ მზიურის იდეა 1975 წელს გაჩნდა და ის სხვადასხვა დროს ასოცირდებოდა გამოჩენილ მწერალთან, აქაურ „დისნეილენდთან“, მიტოვებულ ინფრასტრუქტურასთან, მშენებარე გზატკეცილსა და ტრაგიკულ წყალდიდობასთან. შესაბამისად, დაარსების დღიდან, მზიური დედაქალაქისთვის მრავალფეროვანი კოლექტიური მეხსიერების ნაწილი გახდა. სწორედ ამ მრავალშრიან გამოცდილებაში ჩაეწერა „დავით გიორგაძე არქიტექტორების“, მაქსიმე მაჩაიძისა და გივი მაღრაძის მიერ შექმნილი სკეიტ-პარკი და პარკურის მოედანი, რომელიც ახლად რეაბილიტირებულ მზიურში განხორციელდა.
მზიურის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სკეიტ-პარკის ფორმა, 2010 წელს ამომშრალი მდინარე ვერეს არხის კონტურებს იმეორებს და ამჯერად არა წყლის, არამედ მოსრიალე სკეიტერების ნაკადით „მიედინება“. ხიდი, რომელიც პარკისთვის მნიშვნელოვანი გამტარი და „მზიურის“ სტუმრების მოძრაობის ტრაექტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ადრე ვერეს ამ შენაკადის ორ ნაპირს აკავშირებდა. ახლა ის სკეიტ პარკს ორ პირობით ნაწილად ყოფს: ქუჩის ელემენტებიანი ნაწილი (პლაზა), ხიდქვეშ გადის და ნახევარწრიულ პროფილიანი „კუდით“ სრულდება. მაყურებლების შემაღლებული ზონა – ამფითეატრი, დინამიურად უერთდება სკეიტ პარკს და ამით მოქმედ პირებსა და დამკვირვებლებს შორის კავშირს უზრუნველყოფს.
სკეიტ-პარკს, აღმოსავლეთიდან, წრეწირში ჩაწერილი პარკურის მოედანი ემიჯნება. როგორც არქიტექტორები აღნიშნავენ, შემოსაზღვრული, დაბრკოლებებით სავსე მოედანი ქალაქის სიმბოლოა, ხოლო მისი გეომეტრია – წრე – მუდმივ მოძრაობასთან ასოცირდება.
უნდა აღინიშნოს, რომ პარკურის მოედანი და სკეიტ-პარკი – ჩაკეტილი ქალაქი და გაცოცხლებული მდინარე -ერთ კომპოზიციად აღიქმება და მიუხედავად იმისა, რომ ზონები ფუნქციურად გამიჯნულია, ისინი მაინც ერთი ცოცხალი სივრცის ნაწილია.
- Photo: Givi Maghradze
- Photo: Givi Maghradze
- Photo: Givi Maghradze
- Photo: Givi Maghradze
- Photo: David Giorgadze
- Photo: David Giorgadze
- Photo: David Giorgadze
- Photo: David Giorgadze
- Photo: David Giorgadze
განახლებულ მზიურთან დაკავშრებით დავით გიორგაძეს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით:
– როცა ვსაუბრობთ პარკზე, ვსაუბრობთ ქალაქზეც. უკვე ერთი წელი გავიდა მზიურის პარკის რეაბილიტაციიდან, რა შეცვალა მან თბილისში?
– ადამიანების მიერ მზიურის მოხმარების მაგალითმა აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განტვირთვა, რეკრეაცია და ამგვარი ურთიერთობის ფორმები თბილისის მოსახლეობისთვის. წლების განმავლობაში, ქალაქის არასწორი განვითარების შედეგად, საზოგადოებაში ბევრი ცნობიერი თუ არაცნობიერი სტრესი და პრობლემა დაგროვდა, რამაც დაგვანახა აუცილებლობა იმისა, რომ ქალაქისთვის გარკვეული დისტანციებით საჭიროა ასეთი ფუნქციის მქონე სივრცეების გაჩენა.
– როგორ განხორციელდა მზიურის სკეიტ-პარკი და პარკურის მოედანი? ცოტა რამ სახელმწიფოსთან მუშაობის გამოცდილებასა და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე მოგვიყევი.
– მზიურის სკეიტ-პარკსა და პარკურის მოედნის განვითარების პროცესი მე და მაქსიმე მაჩაიძემ ჩვენს მეგობარ სკეიტრებთან ერთად დავიწყეთ და მშენებლობის დასრულების ბოლო წერტილამდე მივიყვანეთ. ასეთი ტიპის გამართული მოედნები, ფაქტობრივად, პირველი იყო თბილისისთვის, შესაბამისად, გზადაგზა გვიწევდა სტანდარტებსა და ტექნოლოგიებში გარკვევა. სკეიტ-პარკის და პარკურის მოედნის აქტუალურობა, გარდა მისი საწყისი ფუნქციისა (სრიალი, ილეთების კეთება), გააძლიერა ამ ობიექტების გარემოსთან ურთიერთობის მეთოდმა, სადაც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვების და მაყურებელთა ინტერაქციის საშუალებაა. უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის დასაწყისიდან ბოლომდე, ქალაქის მუნიციპალიტეტთან ურთიერთობის კოორდინაციაში ძალიან გვეხმარებოდა იმ დროს ქალაქის მერის მოადგილე, სოფო ხუნწარია.
– გვიამბე დედაენის პარკზე, მზიურის გადმოსახედიდან. რა მისცა მზიურის გამოცდილებამ დედაენას?
– დედაენის სკეიტ-პარკი მზიურთან შედარებით დრამატურგიულად განსხვავებული წყობით არის განვითარებული, სადაც სრიალისა და ილეთების გაკეთებისთვის უფრო მრავალფეროვანი საშუალებებია.
მზიურის პარკზე მუშაობის გამოცდილება დედაენის სკეიტ-პარკშიც გამოვიყენეთ, ამ პარკსაც, მზიურის მსგავსად, იქ მიმდინარე პროცესების მაყურებელსა და გარემოსთან საინტერესო ურთიერთობის ფორმა აქვს, რაც მნიშვნლოვნად აისახება დანარჩენი პარკის დინამიკაზეც.
ეს ორი პარკი ნაწილია იმ დიდი კონცეფიციის, რომელიც პოტენციურ განვითარებას ჰპოვებს მომავალში.
- Courtesy of David Giorgadze Architects
- Courtesy of David Giorgadze Architects
- Courtesy of David Giorgadze Architects
- Courtesy of David Giorgadze Architects
ავტორი: ლილე აბსანძე


