შირინ აბედინირადი თანამედროვე ირანელი ქალი არტისტია, რომელიც, ძირითადად, ინსტალაციებს ქმნის. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „მოსარკული გოდოლი“ ხელოვანმა 2015 წლის აგვისტოში სიდნეის არტ-ფესტივალზე წარმოადგინა. მისი მიზანი ცის ფრაგმენტების მიწაზე ასახვა და უჩვეულო ოპტიკური ილუზიების შექმნაა.

„ამ შემთხვევაში მესოპოტამიის უძველესმა ტაძრებმა შთამაგონა. ეს ინსტალაცია არის მცდელობა, ცა აისახოს მიწაზე და ამგვარად შედგეს კონტაქტი, რათა ადამიანები იყვნენ უფრო ახლოს ღმერთთან. მოსარკული გოდოლი ბუნებასა და ადამიანს შორის კავშირის ამსახველიცაა და აერთიანებს უძველეს და თანამედროვე ისტორიას. ის „სელფის“ ტრანსფორმირებული ხედვაა“.

შირინ აბედინირადი 1986 წელს თაბრიზში დაიბადა. მან, როგორც მხატვარმა 2002 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა, სწავლობდა თეირანში, შარიათის სახელობის უნივერსიტეტში გრაფიკისა და მოდის დიზაინის განხრით. იკვლევდა კონცეპტუალური ხელოვნებისა და მოდის დიზაინის კავშირს და პარალელურად მუშაობდა, როგორც მოდელი. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს შირინი United Colors of Benetton-ის პროექტის F/W International-ის სახე გახდა და პროექტის ფარგლებში მიიწვიეს იტალიაში, ბენეტონის ცენტრში სამუშაოდ. თუმცა, იქ მუშაობის დროსაც არ წყვეტდა შემოქმედებით საქმიანობას და ქმნიდა პერფომანსებს გენდერის, სექსუალობისა და ჰუმანურობის საკითხებთან დაკავშირებით არა მხოლოდ ირანში, არამედ თურქეთში, ესპანეთსა და ინდოეთში. 2012 წლიდან აბას კიაროსტამის ხელმძღვანელობით დაიწყო ვიდეო არტების კეთება. 2014 წლიდან ის კვლავ ბენეტონის კომპანიაში მუშაობს. ამჟამად, როგორც მკვლევარი და აგრძელებს პერფომანსების, ინსტალაციების, და ვიდეო არტების კეთებას ფლორენციასა და თეირანში.

 

 

ავტორი: დოდოჩი გოგია

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest