პროექტი: სარეკრეაციო /გამაჯანსაღებელი კომპლექსი

მდებარეობა: შეკვეთილი, საქართველო

არქიტექტორი: გიორგი ხმალაძე

გუნდი: დიმიტრი ჯობაძე, ნანუკა ზაალიშილი, ელენე ბერაძე.

 

ქართველი არქიტექტორი გიორგი ხმალაძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ ბათუმის McDonald’s-ის შენობით გაიცნო, ახალ პროექტზე მუშაობს. სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ კი შეკვეთილში აშენდება. ნამუშევარი ძირითადი შენობისგან, მასივში გაბნეული ცალკეული ეზოიანი ნომრებისა და მცირე ზომის ინდივიდუალური სახლებისგან შედგება. მთავარი შენობა სამ საყრდენზე დგას, რომლებიც მიწიდან აწეულია იმ დონემდე, საიდანაც ზღვის ხედი უკვე სასტუმროს ლობიდან იშლება და მას ფიჭვის ხეები აღარ ეფარება. აქ განთავსებულია აუზი, სპორტდარბაზი, სასტუმროს ნომრები და სხვა საჭირო დანიშნულების სათავსები. ექსტერიერში 2 აუზია, მცირე და ოლიმპიური ზომის. აქვეა მოწყობილი საზაფხულო ტერასები, ბარები და კაფეებიც. აღსანიშნავია, რომ თვითონ გამაჯანსაღებელი ცენტრი მიწის დონეზე მდებარეობს და ოსტატურადაა დამალული ხელოვნურად შექმნილ ლანდშაფტში, საიდანაც მხოლოდ მისი ღიობები მოჩანს. გარემო დატვირთულია ხელოვნურად შექმნილი აუზებით, რომლებიც ბუნებრივს ჰგავს და ფეხით მოსიარულეთა ბილიკებით, რომლებიც მთავარ შენობას ეზოიან ნომრებთან და მცირე ზომის ინდივიდუალურ სახლებთან აკავშირებს. ამ უკანასკნელის საფასადო მასალად მაქსიმალურად ამრეკლი შუშა შეირჩა, რომელიც მათ გარემოში უჩინარს ხდის. მათი ინტერიერი ასევე ითვალისწინებს ჯაკუზებს მცირე ზომის ტერსაზებზე და ბუხარს ინტერიერში.

 

იდააფი გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი ხმალაძესთან. არქიტექტორმა ახალ პროექტზე ისაუბრა და თავისი არქიტექტურული ხედვები გაგვაცნო.

გიორგი როგორ განვითარდა პროექტის კონცეფცია და რა იყო მთავარი ამოცანა მასზე მუშაობისას?

მთავარი ამოცანა იყო ის არაერთგვაროვანი ლანდშაფტი, რომელიც ტერიტორიაზე დაგვხვდა, ჩვენსვე სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. რელიეფის უცვლელად დატოვებით მაქსიმალურად შევინარჩუნეთ ნაკვეთზე არსებული ფიჭვნარი. სწორედ ამავე მიზნით, ინდივიდუალური ნომრები ერთმანეთისგან განცალკევებულია და მასივშია გაბნეული. იმის გამო, რომ რელიეფი არ არის სწორი, ზღვასა და ნაკვეთს შორის იქმნება ბარიერი, რომელიც ხედს ფარავს, ამიტომ ნომრები შემაღლებულ ადგილებზე გადავანაწილეთ. რაც შეეხება მთავარ შენობას, გადავწყვიტეთ მიწიდან გარკვეულ სიმაღლეზე აგვეწია, რათა შენობის ლობის თავზე მოწყობილი სარეკრეაციო ზონიდან ზღვაზე ხედი მაქსიმალურად გახსნილიყო და, ამავდროულად, მთავარი შენობის უკან არსებული ინდივიდუალურ ნომრებიდანაც გამოჩენილიყო ზღვა. ამ კოცეფციით ჩვენს წინაშე არსებული სირთულე, პირიქით, ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენეთ და გარემოზე მაქსიმალურად მორგებული პროექტი წარმოვადგინეთ.

ტექნიკურად რამდენად რთულად განსახორციელებელი პროექტია?

შეიძლება ითქვას, რომ პროექტის მთავარი დაბრკოლება სწორედ მისი ტექნიკური მხარის სირთულეა. პროექტის განხორციელება კონსტრუქციულად საკმაოდ რთულია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი შენობის მიწიდან აწევით კარკასის ღირებულება 25-30%-ით ძვირდება. ამ საკითხზე კიდევ მიმდინარეობს მუშაობა.

ანუ შესაძლოა პროექტი კიდევ შეიცვალოს?

დიახ, არის იმის ალბათობა, რომ მთავარი შენობა სხვაგვარად განვითარდეს, თუმცა ამ ეტაპზე ეგ ალტერნატივა დღის წესრიგში არ დგას. დანარჩენი ნაწილი, დიდი ალბათობით, უცვლელი დარჩება.

განვითარების რა სტადიაზეა პროექტი ამჟამად?

ესკიზური პროექტის ეტაპზეა და მუდმივად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამკვეთთან და ინჟინრებთან.

დამკვეთი ქართველია თუ უცხოელი?

პროექტის დამკვეთი ქართველია.

შეკვეთილის პროექტზე მუშაობისას თქვენი კონცეფცია ადგილისთვის დამახასიათებელი თავისებურებებიდან გამომდინარე განვითარდა. ძირითადად საიდან იღებთ ინსპირაციას? იდეები უშუალოდ პროექტზე მუშაობისას იბადება, როგორც ამ შემთხვევაში, თუ თქვენს აზრებს კონკრეტულ პროექტში ახორციელებთ?

არ მახსენდება შემთხვევა, რომ კონკრეტული პროექტი უკვე არსებული აზრიდან თუ იდეიდან განვითარებულიყო. პროექტის მთავარი კონცეფცია ადგილის დეტალური შესწავლით, დადებითი და უარყოფითი მხარეების გაანალიზებით იბადება. ყველა პროექტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, აუცილებელია დადებითი მხარეების წინ წამოწევა და შენს სასიკეთოდ გამოყენება, ამავდროულად, მნიშვნელოვანია დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინება. ღირებული პროექტი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ უამრავი მსგავსი ასპექტის გათვალისწინებით და ერთმანეთთან სინთეზით იქმნება.

თუ შეიცვალა თქვენი არქიტექტურული ხედვა დასაწყისიდან დღემდე?

რა თქმა უნდა, განვითარება მუდმივი, უწყვეტი პროცესია და ყველა არქიტექტორისთვის აუცილებელია. არსებობს უამრავი ტიპოლოგია, რომელთანაც მუშაობა დროდადრო გიწევს, ახალ ცოდნას იძენ და ბევრ საკითხს სრულიად ახლებურად უყურებ. ზრდის პროცესი ყველა არქიტექტორისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ქართული არქიტექტურა?

ალბათ, დღესდღეობით განხორციელებული პროექტებიდან 3-4%-ზე თუ შეიძლება საუბარი, როგორც ღირებული არქიტექტურის მაგალითზე. ერთ-ერთი მთავარ მიზესთაგანი არის გაუმართავი კანონმდებლობა და მეორეს მხრივ განათლება, რასაც უნდა მოსდევდეს სათანადო სერტიფიცირება.
დღევანდელი კანონმდებლობა გარკვეულ ნორმატივებს აწესებს, მაგრამ უამრავი მნიშვნელოვანი პარამეტრი თუ სტანდარტი, რომელიც უნდა არეგულირებდეს ჯანმრთელ ურბანულ გარემოსა თუ კონკრეტულ შენობის გამართულ ფუნქციონირებას, ყურადღების მიღმა არის დარჩენილი. ეს კი ჩვეულებრივ ბიზნესმენს/დამკვეთს სრულიად ხელ-ფეხს უხსნის ნებისმიერი თვით შემოქმედებისთვის და არქიტექტორს, სამწუხაროდ, ყოველთვის არ შესწევს იმის ძალა რომ წინ აღუდგეს ამ ყველაფერს.
რათქმაუნდა. ეს ყველაფერი არ ამართლებს იმ მრავალ არა პროფესიონალ არქიტექტორებსაც, რომლებიც, სამწუხაროდ, აქტიურ მონაწილეობას იღებენ დღევანდელ “ქართულ არქიტექტურაში”. ეს კი უკვე უპირველეს ყოვლისა განათლებისა და შემდგეგ კი სერთიფიცირების უქონლობის შედეგია.

რომელ ქართულ თანამედროვე პროექტს გამოარჩევდით?

ძალიან მიჭირს ერთი კონკრეტული პროექტის გამორჩევა, თუმცა ისეთი პროექტი, რომლის დანახვისასაც არ ვფიქრობ, რომ რამე დეტალი ბოლომდე ნაფიქრი არ არის – პროკურატურის ახალი შენობაა. (შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ახალი შენობის ავტორები ქართველი ახალგაზრდა არქიტექტორები – კომპანია „არქიტექტორი გამომგონებლების” წარმომადგელები ნიკო ჯაფარიძე, გიორგი საყვარელიძე და დევი ქიტუაშვილი არიან)

დღესდღეობით მოღვაწე თანამედროვე არქიტექტორი ან არქიტექტურული ფირმა, რომელიც მოგწონთ არის…

ჰერცოგი და დე მეირონი

რა პროექტებზე მუშაობთ დღეს?

ბაქოში ვაკეთებთ ლაუნჯ-ბარს, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია. ამ შემთხვევაში ჩვენმა ფირმამ ინტერიერზე იმუშავა, თუმცა მოგვიწია გადახურვის მცირე გადაკეთებაც. შენობა ქალაქის ისტორიულ უბანშია და ქალაქის მერია მკაცრად არეგულირებს ქალაქის ამ ნაწილში განხორციელებულ ყველა ცვლილებას. ასევე მონაწილეობა მივიღეთ აბუდაბიში დახურულ კონკურსში, და ამჟამად პასუხის მოლოდინის რეჟიმში ვართ.

და ბოლოს რა არის არქიტექტურის მთავარი დანიშნულება?

ძალიან კომპლექსური საკითხია, თუმცა, მარტივად რომ გიპასუხოთ, არქიტექტურის მთავარი დანიშნულება ადამიანების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაა, სივრცის მოწყობა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს განვითარებასა და ჩამოყალიბებას.

 

 

ავტორი: თამთა ჯუგაშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest