ზაგმაისტერმა და ვოლშმა აიზონის 2015 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის ორიგინალური და ფერადი კამპანია შექმნეს. კოლექცია ანიმაციის მსგავსი ილუსტრაციებითაა გაფორმებული; მათ ვიდეოც ახლავთ თან, რომელშიც კოლექციაში შემავალი ნივთებია გაცოცხლებული.

სტეფან ზაგმაისტერისა და ჯესიკა ვოლშის მიერ ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანია „ზაგმაისტერი და ვოლში“ კლიენტებს რეკლამებს, ვებ-გვერდებს, ფილმებს, წიგნებსა და სხვა და სხვა სახის ნივთებს სთავაზობს. მათი მუშაობის სტილი გამოირჩევა თამამი, ემოციური და პროვოკაციული ხასიათითაც კი. ფირმას ბევრ ცნობილ კომპანიასთან უთანამშრომლია, მათ შორისაა აიზონი – ლიბანური მაღაზიათა ქსელი ტანსაცმლისა და აქსესუარებისთვის.

კომპანიის ახალი კოლექციის წარმოსაჩენად ზაგმაისტერმა და ვოლშმა პოპ არტ მიმართულება აირჩიეს და და სარეკლამო სერიები შეიმუშავეს. მათ შექმნეს სამ განზომილებიანი გარემო, რომელიც ძალიან ჰგავს ილუსტრაციას; გამოყენებული რეკვიზიტები ქაღალდისგანაა გამოჭრილი და მყვირალა, მხიარულ ფერებშია გადაწყვეტილი. სერიის თვალიერებისას ჩნდება შეგრძნება, თითქოს კომიქსს კითხულობ ან 50-იანების სარეკლამო ჟურნალს ათვალიერებ. გამოყენებული ფერები კარგად ერწყმის ერთმანეთს და სურათს სახალისოს ხდის.

ინსტალაციებში წითელი, ყვითელი, ლურჯი და მწვანე ფერები დომინირებს; შექმნილი ფონი ზუსტად შეესაბამება მოდელების მიერ წარმოდგენილ ტანსაცმელსა თუ აქსესუარებს. უმეტესად გვხვდება თეთრი კოპლებით ან კვადრატებით დაფარული სხვადასხვა ფერის ზედაპირები. წარმოდგენილი ტანსაცმელი და აქსესუარებიც კოპლებით, ტალღოვანი ფორმებითა და პატარა ჯვრებითაა გაწყობილი. ფერების სიჭარბისა და კონტრასტის მიუხედავად, არც ერთი არაა ამოვარდნილი შინაარსიდან და მნახველში საინტერესო და მხიარულ შეგძნებებს იწვევს.

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest