მიხეილ სააკაშვილი ქართველი პოლიტიკოსია, რომელიც ამჟამად უკრაინის ქალაქის, ოდესის გამგებელია. რამდენიმე წლის წინ, მას განსაკუთრებული პატივი მიაგეს, როგორც ვიცი, ის მსოფლიოში ერთადერთი ლიდერი გახდა, რომელიც კონკრეტული არქიტექტურული ჟურნალის გარეკანზე აღმოჩნდა. ეს პატივი მან ალბათ 2013 წელს დააფასა, როდესაც ძალაუფლება დაკარგა. სტატიები საქართველოს არქიტექტურული პოლიტიკის თაობაზე ხაზს უსვამს იმას, რომ ის პირადად ირჩევდა არქიტექტორებს დიდი პროექტებისთვის, რაც მიუთითებს მის ინფორმირებას არქიტექტურის შესახებ. შესაძლოა, ის ერთ-ერთი იმ იშვიათი პოლიტიკოსთაგანიც კი იყოს, რომელიც ამ ვებ გვერდზე შემოდის. გარდა “კორუფციის დაძლევის” დაპირებისა, რომელიც მას საქართველოში მართლაც გამოუვიდა, მან ქვეყანა ასევე დაიცვა რუსების ხანმოკლე შემოჭრისგან და უკრაინაშიც ნაწილობრივ დიდი სამშენებლო პროექტებით დაიმსახურა მოწონება. ჟურნალ “უკრაინულ რკინიგზაში” ბათუმის სანაპირო ზოლია აღბეჭდილი, იმ საზღვაო კურორტის, რომელიც მომავალ დუბაიდ გადაიქცა და რომელიც ასევე ოდესასაც აძლევს გარკვეულ პერსპექტივას. რამდენად რეალურად გამოიყურება ასეთი ნეოლიბერალური მიდგომა თქვენთვის?

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სააკაშვილს ხშირად ასოცირებენ დადებით არქიტექტურულ მოვლენასთან არის ის, რომ სხვა მსგავსი პირებისგან განსხვავებით, ის რეალურად აირჩიეს – 2004 წელს მოვიდა ძალაუფლებაში მას შემდეგ, რაც არჩევნების გაყალბების თაობაზე მოხდა აჯანყება. ამ განსხვავების გამოა, რომ ყდაზე არც ნურსულთან ნაზარბაევის არქიტექტურას ან შეიკ ხალიფა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ნახავთ. განსხვავებით მეზობელი აზერბაიჯანის მემკვიდრეობითი დიქტატორის, ირჰამ ალიევისგან, სააკაშვილი არ არის კაგებე-გამოვლილი ადამიანი, არამედ პოლიტიკოსია, რომელიც დასავლეთს უყვარს – ფლობს სხვადასხვა უცხო ენას, ამერიკაშია ნასწავლი, საზრიანი, სხარტი ჭკუისაა.

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიულად არჩეული, ასევე დემოკრატიულად დამარცხდა, არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ არის უკრაინაში და არა საქართველოში. მას რამდენიმე ბრალდება წაუყენეს და ასევე გაკრიტიკებული იქნა ადამიანთა უფლებების დაცვის ევროკომისიის მიერ ციხეში არსებული საშინელი პირობებისა და პროტესტის ძალადობრივად ჩახშობის თაობაზე. მსოფლიო ბანკის ეკონომისტის, ბრანკო მილანოვიჩის რწმენით, საქართველოს მინიმუმ ორი ათეული წელი სჭირდება რომ ისევ იმ ეკონომიკურ დონეს მიაღწიოს რაც 1980-იან წლებში ჰქონდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უთანასწორო ქვეყანა უკვე “ბრაზილიზირებულ” რეგიონში. ერთადერთი უპირობო წარმატება, რასაც მან მიაღწია, არის კორუფციის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც სავარაუდოდ დიდი და ავტორიტატული პოლიციის ფონზე მოხდა. მაგრამ დავუბრუნდეთ არქიტექტურას.

 

ალბათ “სააკაშვილის საქართველოს” ნახვის საუკეთესო გზა ქუთაისში ჩასვლაა, რომელიც სიდიდით ქვეყნის მეორე ქალაქია და სააკაშვილმა გადაწყვიტა, ის ადმინისტრაციულ დედაქალაქად ექცია. აეროპორტი, რომელიც აქ 2012 წელს გაიხსნა, UN Studio-ს დაპროექტებულია და “სააკაშვილის სტილის” კარგი გამოხატულებაა. საგუშაგო კოშკი ორგანული დიზაინისაა. შიგნით, თეთრ-წითელი ინტერიერი მოიცავს დივნებს, რომლებიც სჯობს ჩეულებრივ ხის სკამებს და ცოტათი თანამედროვე გალერეების დასასხდომებსაც ჰგავს. როცა შედიხართ, ბუკლეტები გაცნობებთ საბაჟოსა და ვიზების შესახებ. ეს ყველაფერი ძალიან დამაჯერებელია – ნათელი, ოპტიმისტური, არაფორმალური, ოდნავ პრეტენზიული. როდესაც ავტობუსი თვითონ ქუთაისში ჩამოგსვამთ, იქ უკვე მიხვდებით, რომ ცენტრალური ქუჩების განახლების შემდეგ, როგორც ჩანს ფული სწრაფად გათავდა. ქუჩები დანგრეულია, ერთი ან ორსართულიანი შენობების ელექტრო გაყვანილობა მთელს ქუჩაშია გამოფენილი. ცენტრიდან მოშორებით, იმ ადგილას, სადაც ადრე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ათასობით ქართველთა მონუმენტი იდგა, საქართველოს პარლამენტია. მისი დიზაინი მამორუ კავაგუჩის ეკუთვნის, მინის ჭურვია, მდიდრული ძვირადღირებული ბიუროკრატიული სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელიც გარშემორტყმულია მესამე მსოფლიოს სიღარიბითა და გაუსაძლისი პირობებით.

 

პროგრამის ზოგიერთი ნაწილი ნაკლებ უცნაური იყო, ვიდრე სხვები. არსებობს იუსტიციის სახლი, სადაც ბიბლიოთეკები, სასამართლოები და საკონსულტაციო ცენტრები ერთ ჭერქვეშაა თავმოყრილი. მთელი მისი ნეოლიბერალური პოლიტიკის ფონზე, სააკაშვილის პროექტები გამონაკლისის გარეშე, სახელმწიფოზე ორიენტირებული იყო. გორი, თავის მხრივ, ცნობილია შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრითა და მუზეუმით, რომელიც ადგილობრივი ბიჭის, იოსებ ჯუღაშვილის, ანუ იოსებ სტალინის საპატივცემულოდაა შემორჩენილი და სააკაშვილი დიდხანს, მაგრამ ამაოდ ცდილობდა მის დაკეტვას. ცენტრის დიზაინი ადგილობრივ ფირმას AG and Partners ეკუთვნის, რომელთა წარმოსახვა და მიმზიდველობა გარშემორტყმულია სიღარიბით. იგივე მიზანს ემსახურება თბილისში მასიმილიანო ფუქსასის იუსტიციის სახლიც დიზაინიც.

 

თბილისში მდინარის მეორე სანაპიროზე რიყეს ბევრად უფრო სიმბოლური სივრცე უკავია. მშვიდობის ხიდის (არქიტექტორი: მიკელე დე ლუკი, რომელიც სააკაშვილის ერთ-ერთი ფავორიტი იყო) ანუ ე.წ. “ტამპაქსის” გადავლის შემდეგ აღმოჩნდებით პარკში, რომელშიც ჭადრაკის გიგანტური ფიგურებია, ლაბირინთები და რონალდ რეიგანის ოქროს ძეგლი, ასევე არქიტექტორ მასიმილლიანო ფუქსასის ორი მილი – თეატრი და ხელოვნების გალერეა. ამ ყველაფერს გადმოჰყურებს პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც სააკაშვილმა თავისთვის აიშენა – მინის გუმბათიანი შენობა, რომელიც გაუნათლებელ ნეოკლასიკურ ნამუშევარს წარმოადგენს. ერთი ტიპოლოგია, რომელიც არასდროს აღბეჭდილა პრიალა ფოტო-სერიებში ახალი საქართველოს პოლიციის შენობებია, რაც გასაკვირია, ვინაიდან ალბათ ისინი უფრო მნიშვნელოვანი იყო სააკაშვილისთვის, ვიდრე გალერეები, სამოქალაქო ცენტრები, პრიალა აეროპორტები და ბათუმის გამოუსადეგარი გიგანტური მონუმენტები.

დიდი, მწვანე შუშის შენობები (“გამჭვირვალეობის” მიუხედავად თქვენ შიგნით მაინც ვერაფერს დაინახავთ) უფრო მეტია თბილისში, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქალაქში მინახავს. მათ დაინახავთ კუთხეებში, ქაუტურ ქუჩის ბაზრებში, “დასავლურ” სასტუმროებთან და მაღაზიებთან.

სააკაშვილისთვის ამ ყველაფერმა იმუშავა საბოლოო დამარცხებამდე და ამ დიზაინისთვის მას სულაც არ დასჭირვებია საინტერესო არქიტექტორები.

 

 

ავტორი: ოუენ ჰათერლი

ტექსტი პირველად გამოქვეყნდა: www.dezeen.com-ზე

ქართულად თარგმნა: ნუცა ნამორაძე

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest