რუსმა დიზაინერებმა ნასია კოპტევამ და საშა ბრაულოვმა, მაგიდის აქსესუარების დიზაინი ახალ საფეხურზე აიყვანეს. მათი შთაგონების წყარო რუსული ავანგარდული არქიტექტურის ღირსშესანიშნაობები გახდა. ეს მიმდინარეობა ხელოვნებაში მე-19 საუკუნის მიწურულს დაიწყო და 1930 წლამდე გაგრძელდა. კოლექციაში არსებული ნივთები ზუსტად ეხმიანება ამ პერიოდის რამდენიმე საკულტო შენობას. ისინი მყარი, მუხის ხის მასალისგანაა დამზადებული, რომელიც დიზაინერებს სხვა პროექტებზე მუშაობისას შემორჩათ.

ნასტიასა და საშას შექმნილი კოლექციიდან პირველი, ქაღალდის სამაგრების მაგნიტური შესანახია, რომელიც მელნიკოვის სახლის მინი-მოდელია. კონსტანტინ სტეფანის ძე მელნიკოვი რუსი არქიტექტორი და მხატვარი იყო. იგი, როგორც არქიტექტორი, 1923-1933 წლებში მოღვაწეობდა და კონსტრუქტივიზმის გიგანტია. სწორედ ამ პერიოდში აიშენა ახლა უკვე საქვეყნოდ აღიარებული სახლი. ეს არის ორი ურთიერთგადამკვეთი ცილინდრული ფორმის კოშკი, რომელიც ექვსკუთხა ფანჯრებითაა გაფორმებული.

Post-it note-ის შენახვა, ბახმეტევის ავტობუსების ავტოფარეხის მიხედვით დამზადებულ ხის მასაზე შეგიძლიათ. ამ შენობის დიზაინიც კონსტანტინ მელნიკოვს ეკუთვნის, იგი ვლადიმირ შუხოვთან ერთად მუშაობდა მის მშენებლობაზე.

ფანქრების სათლელი და სავიზიტო ბარათების შესანახი გაერთიანებულია და პეტერბურგის კავშირგაბმულობის მუშათა კულტურის სახლის დიზაინის მიხედვითაა დამზადებული. მისი მშენებლობა 1939 წელს დასრულდა. შენობა და შესაბამისად საკანცელარიო ნივთიც ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება, მათგან ყველაზე მაღალში ფანქრების სათლელია განთავსებული, იგი დიზაინერებმა მომრგვალებული კიდის შეტეხილ ნაწილში ჩასვეს; დაბალ ნაწილში ფართო ჭრილია გაკეთებული, სადაც სავიზიტო ბარათების შენახვა შეიძლება.

პეტერბურგის წითელი დროშის ტექსტილის ქარხნის საკვამურმა სახაზავის შექმნის იდეა გააჩინა. ეს ქარხანა გერმანელ არქიტექტორს ერიხ მენდელსონს ეკუთვნის. იგი პირველი უცხოელი არქიტექტორი იყო 1925 წელს, რომელმაც საბჭოთა კავშირში შენობას გაუკეთა დიზაინი.

მოსკოვის მრგვალი აბანო კი, რომელიც 1930-იან წლებში აშენდა, წრიული ფორმის გამო, წებოვანი ლენტის დისპანსერი გახდა.

ტექსტილის ინსტიტუტის კომუნალური სახლის მოდელი, სმარტფონისა და კალმის შესანახი გახდა. შენობა ივან ნიკოლაევმა მოსკოვში ააშენა 1929-1931 წლებში, რის გამოც მას ნიკოლაევის სახლსაც ეძახიან. ის 1996 წლამდე სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი იყო და 2000 ადამიანის დატევა შეეძლო. 28 წლის ნიკოლაევმა სახლის დაპროექტებისას ახალი წესი შემოიტანა და ერთმანეთისგან გამოყო საერთო სასწავლო სივრცე, საჯარო მომსახურების (კაფეტერია, საშხაპეები და სათავსოები) და საცხოვრებელი სივრცე, ასეთი დაყოფით შესაძლებელი გახდა სტუდენტებისთვის მაქსიმალურად დიდი საცხოვრებელი ფართის შენარჩუნება. სივრცეების დანაწევრებით შენობას H-ის ფორმა მიეცა.

კოლექციის ბოლო ნაწილი, საშლელი და მისი შესანახი. იგი 1935 წლის მოსკოვის Raysoviet შენობის მიხედვითაა დამზადებული. შენობის ოთხკუთხა, გამოწეული ნაწილი საშლელმა ჩაანაცვლა, ხოლო დარჩნილი ცილინდრული ნაწილი, მთლიანად ხისგანაა დამზადებული.

რუსი დიზაინერები, ნასტია და საშა პირველები არიან, ვინც ცნობილი შენობების დიზაინი გამოიყენა საყოფაცხოვრებო ნივთების შესაქმნელად. მათი ნამუშევარი კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება კარგი იდეა ყოველდღიურ, სასარგებლო ნივთად გარდაქმნა.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest